Home » საზოგადოება » სტიქიის გამო თუშეთი ტურისტებისთვის დაიხურა
სტიქიის გამო თუშეთი ტურისტებისთვის დაიხურა

სტიქიის გამო თუშეთი ტურისტებისთვის დაიხურა

ზაფხულის ტურისტული სეზონის პიკზე საქართველოში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულება – თუშეთი, ტურისტებისთვის პრაქტიკულად დაიხურა. სტიქიის გამო თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაიკეტა – გზაზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

როგორც ახმეტის გამგებლის მოადგილემ, ვანო ნასყიდაშვილმა განაცხადა, ღვარცოფმა გზის 27-ე და 32–ე კილომეტრებზე, არმისული თორღვას აბანომდე და უღელტეხილს იქით, ხოდარკოსთან გზის სავალი ნაწილი წაიღო.

„არ ვიცით ბოლომდე გაიხსნება თუ არა. უღელტეხილს იქით დიდი მოცულობის სამუშაოა ჩასატარებელი, აქეთ პრობლემები თითქმის აღმოფხვრილია, ტრაქტორები უკვე მიდიან, დახედავენ და ნახავენ, რამდენად შესაძლებელია დღეს ამ გზის აღდგენა. სპეციალისტები უნდა მივიდნენ ადგილზე და შექმნილ მდგომარეობას გაეცნონ, დიდი მოცულობაა ჩასატარებელი, ტექნიკა კი გვყავს. მაგრამ დროში როგორ ჩავეტევით, არ ვიცით” – განაცხადა ნასყიდაშვილმა.

შექმნილი ვითარების გამო, სოფელ ომალოში 22-23 აგვისტოს თუშეთობის აღნიშნვნა გაურკვეველი ვადით გადაიდო. თუშეთში საოჯახო სასტუმროების უმეტესობა ამ დრომდე სრულადაა დაჯავშნილი, თუმცა შეინიშნება ჯავშნების გაუქმებაც.

სასტუმროში “ძველი ომალო” აცხადებენ, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით სასტუმრო სრულად იყო დაჯავშნილი, ამ ეტაპზე კი შეკვეთები გაუქმებულია.

„აუცილებელია, ხელისუფლებამ თუშეთის მიმართ ყურადღება გამოიჩინოს, აქ გზაც შედის და ზოგადად, ყველაფერი. მისახედია გზა და თუშეთი” – აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი კახა თათრულაიძე.

ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან და ტურისტების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით თუშეთში აქამდეც საუბრობდნენ. გზის პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობამ არაერთი განცხადება დაწერა, თუმცა მათ აქტიურობას შედეგი არ მოჰყოლია.

გუშინ, გვიან საღამოს, ლაგოდეხის, ყვარლის და ახმეტის რაიონებში ძლიერი სეტყვა მოვიდა. წინასწარი მონაცემებით, ათზე მეტ სოფელში დაახლოებით 70-80%-ით არის განადგურებული ვენახები. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოწვა თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია.

 commestant.ge
Share