Home » ფინანსები » სოსო არჩვაძე: ბიუჯეტს საკმარისად დიდი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ თავის თავზე უფრო სოლიდური ვალდებულებები აიღოს

სოსო არჩვაძე: ბიუჯეტს საკმარისად დიდი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ თავის თავზე უფრო სოლიდური ვალდებულებები აიღოს

“ბიუჯეტს საკმარისად დიდი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ თავის თავზე უფრო სოლიდური ვალდებულებები აიღოს და მის მიერ განხორციელებული ხარჯები წარმოდგენილი იყოს როგორც წმინდა სოციალური ქოლგის ხარჯების დასაფარად, ასევე, ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისათვის”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, სოსო არჩვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფრენციაზე განაცხადა.

არჩვაძემ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეაფასა.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფო ბიუჯეტი ქვეყნის ძირითადი ფინანსური გეგმაა და მასში აისახება ყველა ის ტენდენცია, შედეგი, რაც ეკონომიკაში ვითარდება, განსაკუთრებით – ბოლო პერდიოდის განმავლობაში: ის, რომ მარტის თვიდან საკმაოდ დამაჯერებელი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეკონომიკურ ზრდაზე გაცილებით მაღალი ტემპით ვითარდება სამეწარმეო სექტორი, მისი ბრუნვა და პროდუქციის გამოშვება, კიდევ უფრო მაღალი ტემპით გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლები, ხოლო ექსპორტში ადგილობრივი პროდუქციის სიდიდე მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში ცალსახად პოზიტური მაჩვენებლები ყალიბდება. ამას უნდა დავუმტოთ ის, რომ ბოლო კვარტლების მანძილზე დასაქმების დონე გაიზარდა. დასაქმების დონე იმდენად გვაინტერესებს, რომ ის უშუალო კავშირშია არა მარტო მოსახლეობის კეთილდღეობასთან, არამედ – ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადების ზრდასთანაც. ამიტომ, ყველაფერს ერთად, ჯამურად თუ განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ბიუჯეტს საკმარისად დიდი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ თავის თავზე უფრო სოლიდური ვალდებულებები აიღოს და მის მიერ განხორციელებული ხარჯები წარმოდგენილი იყოს როგორც წმინდა სოციალური ქოლგის ხარჯების დასაფარად, ასევე, ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისათვის.

კონკრეტულად შემიძლია, გითხრათ ის, რომ 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკა ნომინალურ განზომილებაში დაახლოებით 6, 5 მილიარდი ლარით გაიზრდება, ხოლო ამის ხარჯზე საბიუჯეტო შემოსავლები თითქმის 1,4 მილიარდი ლარით. სიტყვა „თითქმის“ იმიტომ ვხმარობ, რომ პარლამენტს ჯერ ბიუჯეტის დასრულებული ვარიანტი არ დაუმტკიცებია, მას კანონის ძალა არ მიუღია.

მთლიანობაში შემიძლია, გითხართ, რომ საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდაა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიას თან თავისი გამოწვევები ახლავს, ამისთვის მნიშვნელოვანი სახსრების მობილიზაციაა საჭირო, სახელმწიფო მაინც ახერხებს და ბიუჯეტიდან თითქმის 6 მილიარდი ლარი კაპიტალური დანიშნულებით იქნება მიმართული. ეს მთელი საბიუჯეტო სახსრების 27 % -ია”, – განაცხადა არჩვაძემ.

მანვე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ, მაღალი ალბათობით, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ.

„რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას: კონკრეტულ რიცხვს დაგისახელებთ, მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი საკმაოდ მძიმე შედეგებით დავასრულეთ, ადგილი ჰქონდა ეკონომიკის ვარდნას, დაახლეობით, 6, 2 %-ით, წლევანდელი წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ქვეყანა წლის ბოლომდე მსოფლიოს პირველ ოცეულში აღმოჩნდება. 2019 წელს საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით 41-ე ადგილზე იყო, 2020 წელს კი 126- ე ადგილზე აღმოჩნდა. ახლა ვიმეორებ, გარანტირებული ადგილი დაახლოებით პირველ ოცეულში გევქნება და, მაღალი ალბათობით, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ, თავისი პოზიტიური სოციალური და ეკონომიკური შედეგებით”, – განაცხადა არჩვაძემ.

ცნობისთვის, პრემიერირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც, მისივე თქით, ისტორიული მაქსიმუმია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში კაპიტალური დანახარჯები არ მცირდება.

„ჩვენ წელს გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით. ამას გარდა, ვალის შემცირებაც მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, 60%-დან, რომელიც იყო ქვეყნის საგარეო ვალი, შემცირდება ჩვენი ვალი 51,1%-მდე. ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21,8 მილიარდი ლარი. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ჩვენ მომდევნო წელსაც პანდემიის შედეგად გაზრდილ ვალს და საბიუჯეტო დეფიციტს ვამცირებთ. ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 4,2% და მთავრობის ვალი როგორც მოგეხსენებათ 51,1% იქნება 2022 წელს. პანდემიის მიუხედავად, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები. დაგეგმილი გვაქვს 5,9 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც ჯამში მშპ-ს 9,1%-ს შეადგენს“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

kvira.ge

Share