Home » ახალი ამბები » სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით შეხვედრები დაიწყო
სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით შეხვედრები დაიწყო

სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით შეხვედრები დაიწყო

აჭარის მუნიციპალიტეტებში ტურისტული მარშრუტების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს მართავს. თინათინ ზოიძე უკვე შეხვდა ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლებს. ვიზიტისას სააგენტოს ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტეის წარმომადგენლებს სააგენტოს 2016 წლის მიზნები და  მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ტურისტული მარშრუტები გააცნო. გარდა ამისა, შეხვედრაზე ტურისტული სეზონისათვის მზადების ეტაპები, მუნიციპალიტეტებში  კონკრეტული ტურისტული მარშრუტები, იქ არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილეს.

მიმდინარე წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მუნიციპალიტეტებში საოჯახო სასტუმროების, სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი ოჯახების ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავს, რის მომზადებაშიც მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. ზაფხულისთვის თითოეული მუნიციპალიტეტში დამზადებული სუვენირები განახლებულ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში გაიყიდება.

„სოფლად ტურიზმის განვითარებისა და მუნიციპალიტეტებში ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნისთვის აუცილებელია ჩვენ და მუნიციპალიტეტების ტურიზმის სამსახურებმა კოორდინირებულად ვიმუშაოთ. ჩვენ გვჭირდება მათი ჩართულობა როგორც პრობლემების მოგვარების, ასევე ახალი მარშრუტების შექმნისა და  დანეგვისას. შეხვედრებისას ყურადღება გავამახვილეთ თითოეულ მუნიციპალიტეტში უკვე არსებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი ტურისტული მარშრუტებისა და პროდუქტების განვითარებასა და რეალიზაციაზე,“ განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.


 

 

 

 

 

Share