Home » ბიზნესი » სილაგავა – სახელმწიფომ დაადასტურა, რომ არ დაუშვებს ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასის გაძვირებას

სილაგავა – სახელმწიფომ დაადასტურა, რომ არ დაუშვებს ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასის გაძვირებას

დღეს ხორბლის ახალი პარტიების შემოთავაზება არის 270 დოლარი, როდესაც სექტემბერში 200 დოლარი იყო. ეს სერიოზული გაძვირებაა და თუ საექსპორტო ბაჟის გაორმაგებას ჩავთვლით, გაძვირების ეფექტით ერთი ტონა ხორბალი დაახლოებით 300 დოლარი იქნება, – ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისი თქმით,  რუსეთის მთავრობაში ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, რომ საექსპორტო საბაჟო გადასახადი გადაიხედოს და ერთ ტონაზე 25-დან 50 ევრომდე გაიზარდოს.

ლევან სილაგავას განმარტებით, ამ ფაქტმა უკვე გამოიწვია სერიოზული რყევები საერთაშორისო ბირჟებზე და ვინაიდან საქართველო საერთაშორისო ბაზრებზეა მიბმული, ეს მისთვისაც დიდი გამოწვევა იქნება.

„15 თებერვლიდან რუსეთი აწესებს კვოტირებას, ეს არის დაახლოებით 17 მლნ ტონის ფარგლებში. ანუ იმ ქვეყნების გარდა, რომლებიც არ არიან საბაჟო კავშირის წევრები, ვინც გამოიტანს რუსეთიდან ხორბალს, ის გადაიხდის კვოტირების ფარგლებში ბაჟს 25 ევროს ოდენობით ერთ ტონაზე.

ეს დაანონსებული იყო ჯერ კიდევ ორი თვის წინ და ვრცელდება ახალი მოსავლის აღებამდე, ანუ 2021 წლის პირველ ივლისამდე. თუმცა დღესდღეობით რუსეთის მთავრობაში მიდის მსჯელობა იმაზე, რომ საექსპორტო საბაჟო გადასახადი გადაიხედოს და 50 ევრომდე გაიზარდოს.

ამან უკვე გამოიწვია საერთაშორისო ბირჟებზე სერიოზული რყევები. ტრენდი არის სერიოზულად აღმავალი, ჩვენც საერთაშორისო ბაზრებზე ვართ მიბმული, შესაბამისად, ეს ჩვენთვისაც სერიოზული გამოწვევა იქნება.

დღეს ხორბლის ახალი პარტიების შემოთავაზება არის 270 დოლარი, როდესაც სექტემბერში იყო 200 დოლარი. ეს არის სერიოზული გაძვირება და თუ საექსპორტო ბაჟის გაორმაგებას ჩავთვლით, გაძვირების ეფექტით, ერთი ტონა ხორბალი დაახლოებით 300 დოლარი იქნება“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

თუმცა, მისივე განმარტებით, პურის ფასის შენარჩუნებისთვის ოთხთვიანი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.

ლევან სილაგავას განცხადებით, სუბსიდირების პროგრამის პირველ ეტაპზე, პირველი დეკემბრიდან პირველი თებერვლის პერიოდში 10-ლარიანი სუბსიდირება საკმარისია და პურზე არსებული ფასი პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება.

მისივე თქმით, 25 იანვრისთვის უკვე უნდა გამოცხადდეს მეორე ტენდერი, რომ შემდეგ ორ თვეზე – თებერვალსა და მარტში პურის ფასი აგრეთვე შენარჩუნებული იყოს.

ლევან სილაგავას განმარტებით, სახელმწიფომ დაადასტურა, რომ არ დაუშვებს პურის გაძვირებას და ტენდერის პირობები გადაიხედება.

„პროგრამის მოქმედება დაიწყო 2020 წლის პირველ დეკემბერს და გრძელდება პირველ პრილამდე. პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ პურზე ფასი შენარჩუნებული იყოს, აქ საუბარია ყოველდღიური მოხმარების პურზე – ე.წ. ქარხნის პურზე და ბატონზე. პირველი 2- თვიანი პროგრამისთვის სახელმწიფომ გააკეთა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 წისქვილკომბინატმა და 52 პურის ქარხანას აწვდიან ფიქსირებულ ფასად, 53 ლარად ფქვილს იმისთვის, რომ პური არ გაძვირდეს. სუბსიდირების პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო პირველ დეკემბერს და მთავრდება პირველ თებერვალს, შესაბამისად, ამ პერიოდში 10-ლარიანი სუბსიდირება საკმარისია და პურზეც ფასი შენარჩუნებული იქნება პირველ თებერვლამდე. თუმცა, 25 იანვრისთვის უკვე უნდა გამოცხადდეს მეორე ტენდერი, რომ მთლიანი 4-თვიანი პროგრამის მეორე ტენდერით, შემდეგ ორ თვეზე – თებერვალსა და მარტში პურის ფასი აგრეთვე იყოს შენარჩუნებული.

თავისუფალ ბაზარზე გაძვირებიდან გამომდინარე, დღეს ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი არის 68 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, მომავალ 2-თვიან ტენდენციაში სუბსიდირების პროგრამისთვის 10-ლარიანი დაფინანსება აღარ ყოფნის. ამიტომ, ეს პროგრამა, რომელიც მუშაობს, დადასტურებულად პურის ფასს არ აძვირებს პირველ თებერვლამდე.

რაც შეეხება მეორე ტენდერის პირობებს, თუ ტენდერის პირობები არ გადაიხედა, სახელმწიფო არ წავიდა ამ კუთხით, რომ ტენდერის პირობები შეცვალოს, მაშინ ფასი იქნება საბაზრო და პურის ფასიც გადაიხედება. თუმცა, სახელმწიფომ გუშინაც, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გელა ხანიშვილის სახელით დაადასტურა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს პურის გაძვირებას და გადაიხედება ტენდერის პირობები, რათა პური არ გაძვირდეს, ტენდერში მეტი სუბსიდირების თანხა ჩაიდება.

სავარაუდოდ, სუბსიდიის თანხა 15 ლარამდე გაიზრდება, რათა ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასი შენარჩუნდეს. ჩვენ ყველანაირი გათვლა გადავეცით უკვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს. საბოლოო გადაწყვეტილება არის ის, რომ პურზე ფასი არ უნდა გაძვირდეს, აქედან გამომდინარე, რა მიმართულებას, რა ტაქტიკას და რა მექანიზმს აირჩევს სახელმწიფო, მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

Share