Home » საზოგადოება » „სიღარიბე რომ დავძლიოთ, ორი რამ გვჭირდება – უცხოური ინვესტიციები და მწარმოებლობის ზრდა“
„სიღარიბე რომ დავძლიოთ, ორი რამ გვჭირდება - უცხოური ინვესტიციები და მწარმოებლობის ზრდა“

„სიღარიბე რომ დავძლიოთ, ორი რამ გვჭირდება – უცხოური ინვესტიციები და მწარმოებლობის ზრდა“

საქართველოს თავისი სიმცირიდან გამომდინარე, ინვესტიციების მხოლოდ საკუთარი ბაზრისთვის მოზიდვა არ შეუძლია. ამიტომ ქვეყანამ ინვესტიციები ისე უნდა მოიზიდოს, რომ აქ ჩადებულმა ინვესტიციამ ეფექტი გარეთ უფრო დიდ ბაზრებზე მოახდინოს, – ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანიის „პიემსიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპატრნიორთან“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში პირველი კვარტლის მდგომარეობით უცხოური პირდაპირი ინვესტიციების კლების მიზეზები და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა, რომ 2010-2018 წლებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ ერთნიშნა ციფრით იზრდებოდა, არადა ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე რომ აისახოს, აუცილებელი ეკონომიკა ორნიშნა ციფრით სტაბილურად და ხანგრძლივად იზრდებოდეს.

აღნიშნული მიზნის მიღწევა, ალექსიშვილის მოსაზრებით, საქართველოს ტიპის მცირე ბაზრისა და მწირი ფინანსური რესურსების მქონე ქვეყანას მხოლოდ ორი გზით შეუძლია: ერთის მხრივ საჭიროა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, მეორეს მხრივ წარმოების ზრდა და ამისთვის საჭირო ცოდნისა და ტექნოლოგიების უცხოეთიდან მოზიდვა.

„სიღარიბე რომ დავძლიოთ, ორი რამ გვჭირდება. ერთი – უცხოური პირდაპირი ინვესტიციების, ან ზოგადად ინვესტიცების ზრდა თუ კი ამის რესურსი არსებობს. მაგრამ საქართველოში ეს არ არსებობს, ამიტომ მთავარია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა. მეორე ფაქტორია – მწარმოებლობის ზრდა, რომელიც დაკავშირებულია ცოდნასთან, ბიზნესის წარმოების უნართან, მაღალი ტექნოლოგიების ფლობის უნართან და ა.შ. ჩვენ რომ ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ, ამისთვის საჭიროა ერთის მხრივ კაპიტალი, რაც ნიშნავს პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელს და მეორე – განათლება, რომელიც ან ჩვენ უნდა გვქონდეს, ან გარედან მოვიზიდოთ“, – განაცხადა ალექსიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მცირე ეკონომიკური სივრცეა და გლობალურ კონკურენციის ფონზე ინვესტიციების მოზიდვა მხოლოდ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებით და ეკონომიკური სივრცის გაფართოებით არის შესაძლებელი. ამ უკანასკნელს ემსახურება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, როგორიც ქვეყანას აქვს რეგიონის ახლო სამეზობლოში, ასევე ევროპასთან და ჩინეთთან. ალექსიშვილის აზრით, მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მსხვილი საერთაშორისო კომპანიების საქართველოთი დაინტერესება, რომელთაც შიდა ბაზარზე კაპიტალი და ცოდნა უნდა შემოიტანონ.

„საქართველოს პერსპექტივა სწორედ ამაშია, რადგან პატარა ქვეყანაა მცირერიცხოვანი მოსახლეობით. როცა ქვეყანა მრავალრიცხოვანია, იქ სხვა ფაქტორებია. საქართველოს თავისი სიმცირიდან გამომდინარე, არ შეუძლია ინვესტიციები მხოლოდ ქართული გარემოსთვის მოიზიდოს. მან ინვესტიციები უნდა მოიზიდოს იმისთვის, რომ აქ ჩადებულმა ინვესტიციამ ეფექტი გარეთ უფრო დიდ ბაზარზე მოახდინოს. სწორედ ამისთვის არის საჭირო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები მათ შორის ჩინეთთან, ევროპასთან, სამეზობლოსთან, კიდევ უფრო დიდ ბაზრებთან, რომ საქართველოში შექმნილმა ინვესტიციამ ეფექტი სწორედ იმ დიდ ბაზარზე გამოიღოს. სხვა ვარიანტი არ არსებობს“, – განაცხადა ალექსიშვილმა.

საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელი არ ეთანხმება მთავრობის ინიციატივას, რომელიც საერთაშორისო მსხვილი კორპორაციების მოზიდვის მიზნით, მათთვის საგადასახადო შეღავათის დაწესებას ეხება. ალექსიშვილი თვლის, რომ უმჯობესია ზოგადად ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება ისე, რომ ნებისმიერი კომპანია ადგილობრივიც და უცხოურიც თანაბარ მდგომარეობაში ოპერირებდნენ.

„მე პირადად ვიღაცისთვის სპეციალური საგადასახადო შეღავათების დაწესების წინააღმდეგი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება არა ვინმესთვის შეღავათის დაწესება, არამედ ის, რომ ქვეყანაში ზოგადად იყო ისეთი გარემო, ისეთი რეჟიმი, რომლითაც ისარგებლებს როგორც ქართული, ისე ტრანსნაციონალური კომპანია და ნებისმიერი კომპანია, რათა საქართველოში დაფუძნდეს, აქ ჰქონდეს სათაო ოფისი და ხალხი დაასაქმოს, სერვისებს კი ქვეყნის გარეთ აწვდიდეს. ხელოვნურად ვერაფერს შევცვლით. საქართველოში განათლების დონის აწევას წლები დასჭირდება. რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის შემდეგი – შევქმნათ აქ ისეთი გარემო, რომ ქვეყანაში მოვიზიდოთ ჭკვიანი ადამიანები, ვისაც ბიზნესის წარმოების, მაღალტექნოლოგიური ცოდნის შემოტანის უნარი შესწევს. მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ეკონომიკის ზრდა, არამედ დიდი ხნის განმავლობაში ზრდა იმისთვის, რომ ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახოს“, – განუცხადა ლექსო ალექსიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

ბიზნესპატრნიორი

Share