Home » ახალი ამბები » შშმ ბავშვებისთვის პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია შეიქმნა
შშმ ბავშვებისთვის პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია შეიქმნა

შშმ ბავშვებისთვის პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია შეიქმნა

ფონდი „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის, პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია Listen to My Voice (ჩემი ხმა) შეიქმნა.

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობელთა კავშირის პროექტი „ჩემი ხმა“ „სიცოცხლის ხემ“ მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დააფინანსა.

აპლიკაცია განკუთვნილია აუტისუტრი სპექტრის, კომუნიკაციის ან/და სივრცეში გადაადგილების პრობლემის მქონე ბავშვებისთვის. აპლიკაცია შექმნა კომპანია Lemondo-მ, რომელსაც კონსულტაციას უწევდა ქცევითი თერაპევტი.

„ჩემი ხმა“ აპლიკაციის გამოყენებით, ნებისმიერი ასაკის, ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევის მქონე ადამიანებს კომუნიკაციის დამყარების საშუალება ეძლევათ. აპლიკაციაში არსებული ფრაზები, სიმბოლოები და სურათები, მოიცავს პირველად მოთხოვნილებებს და საჭიროებებს. სასურველი მოთხოვნის დაფიქსირების მიზნით, ადამიანს შეუძლია თითი დაადოს შესაბამის სურათს, რომელიც ხმოვანი სიგნალით ადრესატს შეატყობინებს, თუ რა სურს კონკრეტულად მას.

აპლიკაცია მოიცავს საბაზისო კომუნიკაციისთვის აუცილებელ 130 ხმოვან ჩანაწერს და 133 გამოსახულებას (სურათს და სიმბოლოს).

აპლიკაციის ჩამოტვირთვა ყოველგვარი ღირებულების გარეშე, შესაძლებელია როგორც Google Play Store-იდან, ასევე App Store-იდან, შესაბამისად აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც android-ის ასევე ios სისტემაზე მომუშავე პლანშეტებზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამში 23 პროექტი განახორციელა, რისთვისაც 506,051 ლარის დაფინანსება საქართველოს ბანკმა გამოყო.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფონდმა ჯამში 1 063 000 ლარამდე გაიღო შშმ ბავშვების მხარდასაჭერად, 506 შშმ ადამიანს კი საჩუქრად ეტლი გადასცა.

Share