Home » საზოგადოება » შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები შევა
შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები შევა

შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები შევა

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ ბიზნეს სექტორმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ბიზნესისთვის საჯარიმო სანქციები შრომის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის.

ჯარიმების ოდენობა 300-დან 4000 ლარამდე განისაზღვრება.  შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობი, იურიდიული პირის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების, ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 600-ით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1200 ლარით გულისხმობს. არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევისთვის, კანონპროექტში გათვალისწინებულია ფიზიკური პირის დაჯარიმება 1000, ხოლო იურიდიული პირისა 2000 ლარით.

საგულისხმოა, რომ კანონპროექტის მიხედვით შრომის ინსპექციას ექნება უფლება სასამართლოს ნებართვის გარეშე ნებისმიერ დროს შევიდეს საწარმოში და შეამოწმოს ყველა ის პირობა და მათ შორის, ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს შრომის კანონმდებლობის შეუსრულებლობასთან.

შეხვედრაზე, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრედიზენტი და შრომის სამართლის ექსპერტი მიშა კორძახია, ბიზნეს სექტორის წარმომადგნლებმა მიიღეს ინფორმაცია უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და იმსჯელეს იმ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს აღნიშნული კანონმდებლობის ამოქმედებას.

„ყველა ვთანხმდებით, რომ კანონმდებლობა რაც დღეს გვაქვს არის საკმაოდ ხარვეზიანი, მაგრამ ორგანო, რომელიც ჯერ ჩანასახშია შრომის ინსპექციის სახით, მგონია მზად არ იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით ბიზნესთან აწარმოოს ის პარტნიორული ურთიერთობა, რომლიც გსურს რომ იყოს ამ სანქცირების პირობებში. ყველაზე პრობლემურია, სასამართლოს გვერდის ავლით ბიზნესში შესვლის შესაძლებლობის მიცემა. შეგვიძლია რისკებზე ვივარაუდოთ, რადგან ამ კუთხით დამოკიდებულებები იქნება საფრთხის შემცველი და პრობლემების მომტანი. ის გარანტია, რომ სასამართლოს მეშვეობით იქნებოდა შემაკავებელი მექანიზმი, ისპობა. იქნება უეცარი შემოწმებების მომენტი, რაც ჯერ ნდობის მოპოვებას საჭიროებს“, – განაცხადა მიშა კორძახიამ.

“ფინანსური დოკუმენტაციის ამოღების საშუალებაც არის, რაც იდეაში კონფიდენციალურია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საკმაოდ რისკიანი ჩანაწერი, ანუ შესაძლებლობა არის, რომ კომპანიის ფინანსური ფინანსური დოკუმენტაცია გახდეს საჯარო” – აცხადებს ლევა სილაგავა, მწარმოებელთა ფედერაციის ხემლძღვანელი.

ცვლილებები მომზადებულია შემდეგი საქართველოს კანონებისთვის:
• „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ“ კანონი
• „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი
• „სამეწარეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონი
• „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“
• „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონი
• „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი
• შრომის კოდექსი
• „შშმპ-თა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონი

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ეს საკანონმდებლო ცვლილებების სრული პაკეტი, უახლოეს პერიოდში მთავრობის მიერ მისი მოწონების შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება განსახილველად და ამოქმედების შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს ძვრებს გამოიწვევს შრომით ურთიერთობებში. „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ ბიზნეს სექტორის მიერ შეჯერებულ ერთიან პოზიციას წარუდგენს საჯარო სტრუქტურებს სამმხრივი სოციალური დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე.

Share