Home » საზოგადოება » შოთა გულბანი – რთული ვითარებაა ნამახვანი ჰესების კასკადის ირგვლივ, თუმცა გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში არსებობს

შოთა გულბანი – რთული ვითარებაა ნამახვანი ჰესების კასკადის ირგვლივ, თუმცა გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში არსებობს

“რთული ვითარებაა ნამახვანი ჰესების კასკადის ირგვლივ, თუმცა გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში არსებობს”, – ამის შესახებ ეკონომისტი, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის წევრი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

“რთული ვითარებაა ნამახვანი ჰესების კასკადის ირგვლივ, თუმცა გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში არსებობს და ამ გამოსავლის ძიებაში, ხელისუფლების როლი საკმაოდ დიდია. სწორედ ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს ეფექტური კომუნიკატორის როლი კომპანიასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

გასაგებია ადგილობრივი მოსახლეობის და გარემოს დამცველი ორგანიზაციების პროტესტიც, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კომპანიასთან უკვე გარიგებულია, რის გამოც შთაბეჭდილება იქმნება, რომ საპროტესტო აქციები ხელოვნურად არის მართული.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე სრულიად ახალი თამაშის წესები დამკვიდრდა, გატარდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, გვაქვს ახალი კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომლითაც მონოპოლიის საფრთხე აღიკვეთა, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რაც რევოლუციური მნიშვნელობის სიახლეა ამ სექტორისთვის, ანუ რეალური საფუძველი ჩაეყარა კონკურენტული გარემოს ფორმირებას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას და კიდევ სხვა მრავალი, სწორედ ამ ფონზე სულ უფრო დიდი მნიშვნელობის მატარებელია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ახალ ახალი მოთამაშეების გაჩენა, სოლიდური ინვესტიციებით და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით.

სამწუხაროდ გვაქვს ისეთი რეალობა, რომ ყოველწლიურად ელექტროენერგიის იმპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რისთვისაც სულ უფრო მეტი უცხოური ვალუტის მობილიზება ხდება საჭირო. საკმაოდ შთამბეჭდავი ტემპით იზრდება მოხმარებაც და ამას ვერაფერს ვერ ვუპირისპირებთ. ძალიან მარტივია ვიძახოთ მზის და ქარის ენერგიის ათვისებაზე, თუმცა გერმანია რომ არ ვართ გვავიწყდება და რა ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშრებული მზის და ქარის ენერგიის ათვისება არავის აინტერესებს. ამ ფონზე ქვეყანაში აქტიური კაპმანია მიმდინარეობს ადგილობრივი ჰიდრო გენერაციის განვითარების საწინააღამდეგოდ, რაც არ მოგვიტანს კარგ შედეგებს.

გარდა ამისა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია რას ემსახურება ანტი პიარ კამპანია იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან ლოგიკურად და დასაბუთებულად ფიქრობენ ენერგეტიკული ობიექტების აუცილებლობაზე სექტორისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის პრაქტიკულად ყველა გაგებით, იქნება ეს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა თუ პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცება” , -წერს გულბანი.

Share