Home » ბიზნესი » შოთა ბურჯანაძე – როცა ბიზნესი ჩამოქცევის პირასაა, გაზის ტარიფის გაზრდა სადიზმია

შოთა ბურჯანაძე – როცა ბიზნესი ჩამოქცევის პირასაა, გაზის ტარიფის გაზრდა სადიზმია

რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ბუნებრივი გაზის ღირებულების გაზრდა გარდაუვლად გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ კომპანიებისთვის 3 იანვრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ დაანონსებული ბუნებრივი აირის ფასის ზრდის კომენტირებისას განუცხადა, პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი რთული ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ახსნა არ აქვს და უბრალოდ სადიზმია.

„წარმოუდგენელია გაზზე დამოკიდებული საწარმო, როდესაც მას ტარიფი თითქმის 30%-ით უძვირდება, არ გახდეს მძევალი იმისა, რომ პროდუქცია არ გააძვიროს. იმ ფონზეც კი, რომ მომხმარებლებისგან გაძვირებული პროდუქციის მსყიდველობითუნარიანობა დაბალია, ეს გარდაუვალია. რთულ პირობებში, როდესაც უპრეცედენტოდაა გაზრდილი უმუშევრების რაოდენობა, ბიზნესი ჩამოქცევის პირასაა, ასეთ გადაწყვეტილებას ყველაზე რბილად შეიძლება სადიზმი ვუწოდოთ. კომპანიის წარმომადგენელმა სიამაყით განაცხადა, რომ ეს არ ეხება საცალო მიმართულებას, თითქოს ბიზნესი განტევების ვაცი იყოს. დღეს არაა გამდიდრების დრო, ეს გადაწყვეტილება გარდა იმისა, რომ ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული, სხვას არაფერს ეფუძნება“, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, 3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება ეზრდებათ და ერთ კუბურ მეტრზე ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ.

Share