Home » საზოგადოება » შეზღუდვები, რომლის გათვალისწინებაც ბაკურიანში მშენებლობის დაწყების დროს მოგიწევთ

შეზღუდვები, რომლის გათვალისწინებაც ბაკურიანში მშენებლობის დაწყების დროს მოგიწევთ

ბაკურიანი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია, რომელიც არცერთ სეზონზე არ კარგავს აქტუალობას, შესაბამისად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი სამშენებლო სექტორი დეველოპერულ პროექტებს მუდმივად ახორციელებს.

ბაკურიანის აქტიური ურბანული განვითარების გამო საზოგადოების ნაწილი პროტესტს გამოთქვამდა და განმარტავდა, რომ ეს პროცესი „უკონტროლო ხდებოდა“ და აზიანებდა კურორტის ეკოლოგიას. პრემიერ-მინისტრის 2019 წლის 591-ე დადგენილებით კი ვითარება შეიცვალა და მშენებლობაზე ახალი რეგულაციები დაწესდა, რომელიც მთელ რიგ შეზღუდვებს მოიცავს.

როგორც „ბიზნესპრენიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მშენებლობებზე ნებართვა აღნიშნული დადგენილების გათვალისწინებით გაიცემა და უწყება ნებისმიერი პროექტის განხილვისას სამშენებლო რეგლამენტით ხელმძღვანელობს.

„რამდენიმე წლის წინ მოქმედი ბაკურიანის განაშენიანების გეგმა აბსოლუტურად შეიცვალა და კოეფიციენტებიც საგრძნობლად შემცირდა. დღეის მდგომარეობით, დაბა ბაკურიანში საკმაოდ დაბალი კოეფიციენტები მოქმედებს, რომელიც ზონების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, სიმაღლის მაქსიმალური შეზღუდვა ზოგიერთ ზონაში არის 12.5 მეტრი, ზოგიერთ ზონაში კი – 16. არის კიდევ უფრო დაბალი სიმაღლის შეზღუდვა“, – განგვიმარტეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე თქმით, მუნიციპალიტეტს ჰყავს გარემოს დაცვის კომისია, რომელიც ხეების მოჭრას და გარემოსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს არეგულირებს.

ბაკურიანში მშენებლობა შეზღუდულია რეკრეაციულ ზონებში. სიმაღლეზე დაშვება კი მაქსიმუმ 3-4 სართულიან შენობებზეა მანსარდით. დეველოპერები, რომლებიც ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის სურთ, ვალდებულები არიან, ყველა დადგენილი ნორმა გაითვალისწინონ.

სამშენებლო კომპანიაში „ტერასა ჯგუფი“, რომელიც ბაკურიანის ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს, განმარტეს, რომ არსებული რეგულაციების მიხედვით, შეუძლებელია ბაკურიანის ტყეს რაიმე საშიშროება დაემუქროს, „რაც ძალიან კარგია კურორტის, ჰავის და ჰაერის შენარჩუნებისათვის“.

„ბაკურიანში აპარტამენტებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, განსაკუთრებით ახლა, როცა ტარდება ოლიმპიადები და კურორტი მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის ემზადება. აღნიშნულ მოთხოვნას სამშენებლო სექტორიც პასუხობს.

ამავდროულად, არსებულ რეგულაციების გათვალისწინებით, ჩვენ ვალდებულები ვართ, სრულად მოვერგოთ ბაკურიანის ლანდშაფტს და ვიზრუნოთ გარემოზე. შესაბამისად, მოთხოვნიდან გამომდინარე ვახორციელებთ პროექტს, რომლის 50% ანუ 5 000 კვ.მ-მდე სივრცე მწვანე ზონას ეთმობა. ჩვენი პროექტის მიმდებარედ ტყე კი რა თქმა უნდა, ხელუხლებლად არის შენარჩუნებული“, – განმარტეს „ტერასა ჯგუფში“.

დაბა ბაკურიანში მშენებლობაზე დამტკიცებული რეგლამენტის თანახმად, ყველა დეველოპერს თუ ფიზიკურ პირს მოუწევს, არსებულ რეგულაციებს მოერგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაოების განხორციელების უფლება არ ექნება.

BPN.GE

Share