Home » საზოგადოება » შენდეროვიჩი პოზნერზე: ქვეყანაში, რომლის სუვერენიტეტს პატივს არ სცემ, ჩასვლა, ბუნებრივია, სახიფათოა

შენდეროვიჩი პოზნერზე: ქვეყანაში, რომლის სუვერენიტეტს პატივს არ სცემ, ჩასვლა, ბუნებრივია, სახიფათოა

„რა თქმა უნდა, სახიფათოა ისეთ ქვეყანაში ჩასვლა, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს არ უჭერ,“ –  ამის შესახებ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში რუსმა ჟურნალისტმა და მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა საქართველში ვლადიმირ პოზნერის ვიზიტის გარშემო მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

წამყვანმა შენდეროვიჩს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩასვლა სახიფათოა.

„საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა. სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ კახური ღვინის და „ბორჯომის“ გარდა იქ კიდევ სამოქალაქო საზოგადოება არსებობს. არიან პროდასავლელი ადამიანები, არიან პრორუსულები, მაგრამ ეს თავისუფალი მოქალაქეები არიან. ამიტომაც, როდესაც შენ ასეთი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებ, ოკუპანტების მეწილე ხარ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ამ ქვეყანაში ჩასვლა სახიფათოა და სჯობია სადმე სხვაგან წახვიდე და დაბადების დღე იქ აღნიშნო,“ – განაცხადა შენდეროვიჩმა.

შენდეროვიჩმა აღნიშნა, რომ პოზნერს, როგორც აშშ-ის მოქალაქეს, ქვეყანაში ჩასვლის უფლება მისცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო პროტესტი გაუქმებულია.

„რადიკალურ ქმედებებს მხარს არ ვუჭერ. თუ იმას მეკითხებით, გამიხარდებოდა თუ არა, რომ პოზნერს კვერცხი მოხვედრილიყო, არა, არ გამიხარდებოდა, მაგრამ ეს რადიკალები ხელისუფლებასთან დაკავშირებულები არ არიან. ეს თავისუფალი პროტესტი იყო. და, სხვათა შორის, ის რაც ხდება საქართველოში, არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, საბავშვო ბაღი, იმასთან შედარებით, რასაც რადიკალები აკეთებენ რუსეთში, და თანაც მათი უმეტესობა ასე თუ ისე დაკავშირებულია ხელისუფლებასთან“ – განაცხადა ვიქტორ შენდეროვიჩმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერს, რომელიც თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა, აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მოუწყვეს. თბილისში პოზნერის ვიზიტს პროტესტი მისი განცხადების გამო მოჰყვა. ვლადიმერ პოზნერმა 2010 წელს 2008 წლის ომის კომენტირებისას განაცხადა, რომ „აფხაზეთი აღარასოდეს იქნება საქართველოს ნაწილი“.

წყარო: pia.ge

Share