Home » ბიზნესი » შემცირებული ნატურალური რძის წარმოება – საფრთხის შემცველი ყველისა და რძის პროდუქტები ქართულ დახლებზე

შემცირებული ნატურალური რძის წარმოება – საფრთხის შემცველი ყველისა და რძის პროდუქტები ქართულ დახლებზე

“საქართველოში სპეციალური ფხვნილის გარეშე დამზადებული სუფთა ყველი აღარ მოიპოვება”

საქართველოში წარმოებულ და შემოტანილ ყველისა და რძის პროდუქტების ხარისხის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ არაერთხელ დაუწერია. გამომდინარე იქიდან, რომ რძის ნაწარმი ისეთ პროდუქციას მიეკუთვნება, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს, მისი შემცველობის დადგენა აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მომხმარებელებმა უნდა იცოდნენ თუ რაში იხდიან ფულს და რამდენად ნატურალურია მათ მიერ შეძენილი რძისა და ყველის პროდუქცია, ხომ არ არის მის დასამზადებლად გამოყენებული სპეციალური ფხვნილები.

სწორედ იმიტომ, რომ მომხმარებელი არასაიმედოდ უყურებდა რძის პროდუქციას და ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას, 2015 წელს საქართველოს მთავრობის 152–ე დადგენილებით დამტკიცდა რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რის მიხედვითაც, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, იკრძალება რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება.

მთავრობის ამ რეგულაციის მიხედვით, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე, არაჟანი, მაწონი, ხაჭო კარაქი და სხვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუ კი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორს აეკრძალება პროდუქციის რეალიზება. აღნიშნული რეგლამენტი ძალაში 2016 წლიდან შევიდა, თუმცა მოგვიანებით 2017 წელს კიდევ დაემატა ერთი პუნქტი ყველის შესახებ, რის საფუძველზეც 2017 წლის 1 ივლისიდან ბაზარზე ყველის სახელით გამოჩენილი პროდუქტი აუცილებლად ნედლი რძისგან უნდა იყოს დამზადებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან.

მართალია, აღნიშნული რეგულაცია წინგადადგმული ნაბიჯია და დადებითად აისახება მომხმარებლების დაცვაზე, თუმცა ფურცელზე დაწერილი რეგულაცია მხოლოდ ფურცელზე დაწერილად არ უნდა რჩებოდეს. საჭიროა მისი ეფექტურად აღსრულება, რაც, სამწუხაროდ, ჯეროვნად არ სრულდება და სოციალურ სივრცეში ხშირად ვაწყდებით როგორც მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ ეჭვისშემცველ პოსტებს, ასევე დარგის სპეციალისტების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციების იმის თაობაზე, რომ საქართველოში სპეციალური ფხვნილის გარეშე დამზადებულ სუფთა ყველსა და რძეს ვეღარ ვნახავთ და რომ რძის ტოტალური დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში.

გასულ კვირას, „მთავარის“ ობიექტივში მოხვდა საწარმო, რომელიც ციხეებს საკვები პროდუქტებით ამარაგებს, სადაც ასევე ჩანს, რომ რძის დასამზადებლად საწარმო სპეციალურ ფხვნილს იყენებს. საწარმოს წარმომადგნელები ვიდეოკამერებს თავს არიდებდნენ, თუმცა იმასაც ამბობდნენ, რომ „რძის დამზადებას ფხვნილი რათ უნდა“.

ცალკე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2.1 პროცენტით შემცირდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1 პროცენტით შემცირდა და 902.1 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 436.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 7.1 პროცენტით ჩამორჩება. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 7.3 პროცენტით შემცირდა და 813.6 ათასი სული შეადგინა.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში წარმოებულია 160.3 მილიონი ლიტრი რძე, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.8 პროცენტით ჩამორჩება.

მსგავსი სტატისტიკური ტრენდი კიდევ ერთხელ ამძაფრებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს დახლებზე განლაგებული რძისა პროდუქტები სპეციალური ფხვნილით მზადდება.

ფერმერი, ბექა გონაშვილი აცხადებს, რომ სპეციალური ფხვნილის გარეშე დამზადებულ სუფთა ყველი აღარ მოიპოვება. გონაშვილი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი იმ მსხვილფეხა საქონლის სულადობის შემცირება და დაბალი პროდუქტიულობა გახდა, რომელიც სპეციალურად ყველის დასამზადებლად რძის გარკვეულ რაოდენობას ქმნის. მისივე განმარტებით, საქართველოში საქონლის ხორცის დეფიციტთან ერთად რძის დეფიციტიც გვაქვს.

„ძალიან დიდი დეფიციტი დადგება. ცოტა ხანში სუფთა ყველს ვეღარ იშოვით. რამდენიმე თვეზე მაქვს საუბარი. ისედაც უკვე არის ყველის დეფიციტი. ნებისმიერ ფერმერს შემიძლია დავუჯდე და დავუმტკიცო ის, რომ იმ ერთ და ორ ძროხას, რომელიც რძეს იძლევა, არანაირი ეკონომიკური ეფექტი და სარგებელი არ აქვს. ჩვენ საქონელს ლაქტაცია 5-6 თვე უგრძელდება და ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში; როდესაც ძროხა აქტიურად იწველება ეს თვეებია – მაისი, ივნისი და ივლისი, როდესაც ივლისიდან გვალვები დაიწყება, რძე აღარ აქვს.

ამ პერიოდში როდესაც ძროხებს წველიან და რძეს აბარებენ, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ იაფად დაახლოებით, 40-50 თეთრად აბარებენ რძეს, ხოლო გამომუშავებული თანხის უკან ჩაბრუნება ზამთარში უწევთ. მაგალითად, ნამჯა, ჩალა და საქონლის საკვები უნდა იყიდოს ანუ ამას არანაირი ეკონომიკური ეფექტი არ აქვს.

ამ დროს საქართველოში პირიქით უნდა გამსხვილდეს დიდი ფერმები და უნდა შეიქმნას ახალი, რომელიც იქნება რძის წარმოებაზე ორიენტირებული, სადაც მოშენდება არსებულისგან განსხვავებული გენეტიკის ძროხა, რომელიც მეტ რძეს მოიწველის”, – განაცხადა გონაშვილმა.

როცა ადგილობირივი წარმოების პროდუქცია დეფიციტური ხდება, მოთხოვნის დასაბალნსებლად მისი შემოტანა, რა თქმა უნდა, უცხოეთიდან ხდება. თუმცა, აქაც გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით, რომელიც ისევ და ისევ მის ხარისხთანაა დაკავშირებული.

„მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელის, რუსუდან გიგაშვილის განცხადებით, ირანიდან შემოტანილი მაღალცხიმიანი რძის რეალური შემცველობა არავინ იცის.

„ბოლო დროს ირანიდან შემოდის შესქელებული მაღალცხიმიანი რძე, რომელზეც აქტიურად გადავიდნენ ჩვენი გადამამუშავებელი საწარმოები, განსაკუთრებით, დიდი კომპანიები. მისგან ყველაზე სარფიანად მზადდება ყველი. დაახლოებით 30%-ით მეტ მოგებას იღებენ. საინტერესო ისაა, რომ არავინ იცის მისი რეალური შემცველობა ან რამდენად სანდოა მისი წარმოშობის სერტიფიკატი, ან რამდენად გამართლებულია, ამ მასისგან მიღებულ პროდუქტს საღი რძისგან მიღებული დაეწეროს?“, – ცახდებს გიგაშვილი.

რუსუდან გიგაშვილი სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოსა და სხვა შესაბამისი უწყებებისგან ითხოვს, შემოწმდეს საქართველოს ბაზარზე ირანიდან ცოტა ხნის წინ შემოსული გაყინული რძე, რომლითაც საქართველოში ყველს, ხაჭოს და რძის სხვა პროდუქტებს ამზადებენ.

ხვდება თუ არა საფრთხის შემცველი რძის პროდუქტები ქართულ დახლებზე და ურევენ თუ არა პროდუქციაში რძის ფხვნილთან ერთად მცენარეულ ცხიმებს – კითხვები, საფუძვლიანი ეჭვები და პრობლემატური საკითხები აღნიშნულ დარგში ბევრია, არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხები კი ნაკლები.

სანდრო პირველი

Share