Home » ახალი ამბები » შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ სტრატეგიული დანიშნულების საქონლით ვაჭრობის კონტროლის აკრედიტირებული ტრენერის სტატუსი მიანიჭა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ სტრატეგიული დანიშნულების საქონლით ვაჭრობის კონტროლის აკრედიტირებული ტრენერის სტატუსი მიანიჭა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“ თანამშრომელმა (ცვლის უფროსი) გიორგი ოყუჯავამ, ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში,  მონაწილეობა მიიღო ერთობლივ სწავლებაში, რომელიც მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) პროგრამის –  „სტრატეგიული ვაჭრობის კონტროლის აღსრულება“ (STCE) და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის –  „ექსპორტის კონტროლი და მასთან დაკავშირებული სასაზღვრო უსაფრთხოება“ (EXBS) ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნულ ტრენინგზე, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი მონაწილეობდა, როგორც მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის  სტრატეგიული დანიშნულების საქონლით ვაჭრობის კონტროლის პრე-აკრედიტირებული ტრენერი. მან საკუთარი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ოცამდე ტაჯიკელ კოლეგას და მათ შორის ტაჯიკეთის საბაჟო აკადემიის კოლეგა-ტრენერს გაუზიარა.

ოთხდღიანი წარმატებული სწავლების დასრულების შემდეგ, გიორგი ოყუჯავას, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ (WCO), სტრატეგიული დანიშნულების საქონლით ვაჭრობის კონტროლის აკრედიტირებული ტრენერის სტატუსი მიანიჭა.

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) მიერ,  „სტრატეგიული ვაჭრობის კონტროლის აღსრულების“ (STCE) პროგრამა  2015 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს, როგორც მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლით  უკანონო ვაჭრობის გამოვლენისა და გავრცელების აღკვეთას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გიორგი ოყუჯავას წარმატებას უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.

Share