Home » საზოგადოება » შემოსავლების სამსახური გადამხდელებისთვის ონლაინ ფორმატში შეხვედრებს განაგრძობს

შემოსავლების სამსახური გადამხდელებისთვის ონლაინ ფორმატში შეხვედრებს განაგრძობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზაზა თაბაგარმა 2021 წელს, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და დაგეგმილი რეფორმების გაცნობის მიზნით, ონლაინ ფორმატში საცალო ვაჭრობის ქსელური მაღაზიების დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, ასევე დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით დარგში არსებული პრობლემური საკითხები.

ონლაინ შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

შემოსავლების სამსახურში ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრას, ასევე, ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე არსენა თევდორაშვილი, ანალიტიკური დეპარტამენტის საგადასახადო რისკების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლიკა ბოლოთაური ესწრებოდნენ.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ მსგავს ფორმატში შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Share