Home » საზოგადოება » „შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელიც ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს დააფინანსებს“

„შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელიც ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს დააფინანსებს“

შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი. ამ ფონდში თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი. ამ ფონდში თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდი. მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ 5 მლნ ლარის ოდენობის ფონდი იქნება, რომელიც მშენებლობის განმავლობაში მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს. მის მართვაში პირველ რიგში, ჩაერთვებიან თვითონ მოსახლეობის წარმომადგენლები, სათემო ორგანიზაციები.

ეს ფონდი დაფარავს არა მარტო უშუალოდ რამდენიმე სოფელს, რომელიც მოყოლილია პროექტის არეალში, არამედ წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ძორითად სოფლებს, რაც ხეობაში არის განთავსებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პროექტმა მოიტანოს ხეობაში მეტი განვითარება და უფრო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის აღება მოვთხოვოთ ჩვენს ინვესტორ კომპანიას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს გაუძღვება. ამასთან, როგორც თურნავა განმარტავს, „ნამახვანჰესის“ პროექტი ქართული პროექტია და მომავალი თაობების საერთო სიკეთეს ემსახურება.

„ასევე მიღწეულია კომპანიასთან შეთანხმება ჩვენი მოთხოვნით დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს. ეს არის სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და აი, ამ ჩართულობის, ბერკეტის მეშვეობით, ჩვენ მეტ გარანტიას უზრუნველვყობთ, რომ იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული. ასევე მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული.

ასევე, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, მათ შორის ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს მასში მონაწილეობას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროექტს, რათა საბოლოოდ გამოირიცხოს პროექტის უსაფრთხოებაზე რაიმე ჭოჭმანი, ეჭვები. ვფიქრობთ, ყველა ამ ჩამოთვლილი ღონისძიების მოხედვით, ჩვენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ.

მთავარი არის, რომ „ნამახვანჰესი“ არ არის პროექტი, რომელიც ეკუთვნის ერთ რომელიმე კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი ინვესტორი აშენებს „ნამახვანჰესს“, ეს არის ჩვენი, ქართული პროექტი, საქართველოს კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტი, ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე, რომელსაც ჩვენ, ყველანი ერთად შევქმნით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Share