Home » ეკონომიკა » „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით, საქართველო ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას შეიძენს“

„შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით, საქართველო ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას შეიძენს“

გახდება თუ არა შავი ზღვის ფსკერზე მოსაწყობი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი ახალი ბაქო -თბილისი – ჯეიჰანი და მისი მეშვეობით შეიძენს თუ არა საქართველო ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას? – ამ თემაზე „კომერსანტი – LIVE-ს“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ესაუბრა.

– ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბანკმა  მზადყოფნა განაცხადა დააფინანსოს სრული კვლევა – ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა პროექტისა, რომელიც  შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს. რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ეს – რამდენად ნიშნავს, რომ შავი ზღვის ფსკერზე გადამცემი ქსელის მეშვეობით ჩვენი ენერგოსისტემის ევროგაერთიანების ენერგოსისტემასთან კავშირი რეალურ კონტურებს იძენს?

ამ მასშტაბის გლობალურ პროექტში მსოფლიო ბანკის ჩართულობა, მის ნებისმიერ ეტაპზე, ცალსახად მიუთითებს განზრახულობის სერიოზულობაზე და პროექტის კარგ პერსპექტივაზე. შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის იდეაზე წლების წინაც იყო საუბარი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის, პროექტის სიძვირიდან გამომდინარეც, მაშინ საქმე არ დაძრულა. ამჯერად კი, როგორც ჩანს, საქართველოსთვის, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი და ამბიციური ჩანაფიქრი, რაც  შავი ზღვის ფსკერზე  1200 კილომეტრი სიგრძის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც  ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, სტარტს აიღებს.

– როცა წლების წინ ეს იდეა პირველად გაჟღერდა, მისი ღირებულება შეფასდა რამდენიმე მილიარდად. დღეს ამბობენ, რომ ტექნოლოგიური სიახლეები ამ ტიპის პროექტებს ბევრად აიაფებს. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ – რა დაჯდება პროექტი და რა სახსრებით უნდა განხორციელდეს ის?

დაახლოებით შვიდი-რვა წლის წინ იყო საუბრები, რომ პროექტი მინიმუმ 2 მილიარდი ევრო დაჯდებოდა. მაგრამ ეს იყო საკმაოდ დიდი პერიოდის წინ, დიახ, თანამედროვე სამყაროში, 7-8 წელიწადი ახალი ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი პერიოდია და ბევრ სიახლეს პირდება დაინტერესებულ მხარეებს. ამის მიუხედავად, კონკრეტულ გაანგარიშებებზე საუბარი, ვფიქრობ, არ იქნება სერიოზული. მსოფლიო ბანკის მიერ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის დაფინანსებაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ახალი რეალობიდან გამომდინარე, შესწავლის სრული ციკლი უნდა ჩატარდეს. ბუნებრივია, პროექტის ღირებულებაც ამის კვალდაკვალ გამოიკვეთება.

რაც შეეხება პროექტის დაფინანსების შესაძლო სტრუქტურას, ვფიქრობ, აქ ინტერესი დიდი იქნება და მასში სავარაუდოდ, ჩაერთვებიან, როგორც მთავრობები, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მსხვილი ენერგეტიკული კორპორაციები. უდაოდ საინტერესო პროცესები გველოდება, როგორც წმინდა ეკონომიკური, ისე გეოეკონომიკური და თუ გნებავთ გეოპოლიტიკური თვალსაზრისისთაც.

– რა ახალ შესაძლებლობას მისცემს ქართულ ეკონომიკას, უფრო კონკრეტულად კი საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორს ეს პროექტი?

თავისთავად ის, რომ ჩვენს მაღალი ძაბვის ინფრასტრუქტურას დაემატება 1000 მეგავატამდე გამტარუნარიანი 500 კილოვატიანი გადამცემი ქსელი, უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც ენერგოდამოუკიდებლობის, ისე ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი გასააზრებელია ასევე რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ხარისხის შემცირების კონტექსტში, რამდენადაც შავი ზღვის კაბელი საქართველოს საშუალებას მისცემს რეგიონის ენერგოსისტემა ევროგაერთიანების სისტემას დააკავშიროს  და პირიქით.

ეს კავშირი, არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე (საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უკვე არსებული 500 და 300 კილოვოლტიანი ხაზები და თითქმის დასრულებული მესამე, ასევე 330 კილოვოლტიანი ხაზი), პროექტის ჩაშვების საწყის ეტაპზევე დიდ შესაძლებლობას აძლევს აზერბაიჯანს, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად არის დაკავებული საკუთარი რესურსების ელექტროენერგეტიკული პოტენციალის საექსპორტო ბაზრებზე გატანით. აქ იგულისხმება, როგორც აზერბაიჯანში არსებული და დაგეგმილი თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია, ასევე, პერსპექტივაში, დაგეგმილი ქარის ენერგეტიკის განვითარების შედეგად მიღებული ელექტროენერგეტიკული რესურსიც).

რა თქმა უნდა, პროექტი უმნიშვნელოვანესი იქნება საკუთრივ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ევროკავშირის ბაზარზე გატანის თვალსაზრისით. კიდევ სხვა საკითხია, რომ პროექტი საქართველოსთვის სატრანზიტო შემოსავლის წყაროც იქნება.

ამ კაბელს ექნება სხვა დანიშნულებაც. ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, რომ მასში ასევე დამონტაჟდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენიც, რომელიც ტელეკომუნიკაციის /ინტერნეტ არხის/  ჩამოსაყალიბებლად დამატებით პირდაპირ საშუალებას მოგვცემს. ესეც, თავის მხრივ, გარღვევა იქნება, რამდენადაც ტელესაკომუნიკაციო ტრაფიკის დამატებითი პირდაპირი არხის ფორმირების შესაძლებლობას იძლევა  სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიას/ცენტრალურ აზიას შორის.

– ექნება თუ არ ამ ახალ გადამცემ ხაზს იმის პოტენციალი,  კონკურენტულ ფასად, განახლებადი ენერგიით, რაზედ დიდი მოთხოვნაა ევროპაში, მოამარაგოს პარტნიორები. თუ ეს უფრო უნდა განვიხილოთ, როგორც ელექტროენერგიის იმპორტის კიდევ ერთი დამატებით სანდო და საიმედო საშუალება.

ახალი გადამცემი ხაზი, ორივე მხარისთვის, ევროგაერთიანების ენერგოსისტემისთვის და ჩვენი რეგიონისთვის ერთნაირად საინტერესო იქნება, როგორც ენერგიის მიღების, ისე გაცემის თვალსაზრისით. დღეს ყველა ეძებს იაფ და მწვანე ენერგიას. ევროპაში ლამის პროდუქციაზეა უკვე დატანილი ინფორმაცია, თუ რა ტიპის ენერგიითაა იგი ნაწარმოები. ეს ტენდენცია შეუქცევადია და ეს ძალიან კარგია. აქედან გამომდინარე როგორც ჩვენი პერსპექტივაში განსავითარებელი ჰიდროენერგეტიკისთვის, ისე აზერბაიჯანის, პერსპექტივაში განსავითარებელი ენერგეტიკისთვის, პრაქტიკულად გარანტირებული ბაზარი იხსნება. საკითხის მეორე მხარეა, როცა ვსაუბრობთ იმპორტის ახალ შესაძლებლობაზე. ცხადია, იმპორტის დივერსიფიკაციაც ჩვენი ენერგოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

– რამდენად ხედავთ ამ პროექტის აღმოსავლეთით განვითარების შესაძლებლობას? ვგულისხმობ კასპიის ფსკერზე ანალოგიური ხაზის მშენებლობის შედეგად ყაზახეთის ენერგოსისტემასთან კავშირს. პროექტის ამ გზით განვითარება რამდენად მასშტაბურ პერსპექტივას იძლევა როგორც აზიისთვის, ისე ევროგაერთიანებისთვის?

ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, პროექტი ჩანასახის მდგომარეობაშია. მაგრამ მიმაჩნია, რომ კარგია და სწორია, როცა ამ ეტაპზევე ვმსჯელობთ და განვიხილავთ მის შემდგომ შესაძლო განვითარების მიმართულებებს. დიახ, რა თქმა უნდა, ევროპაც და აზიის ქვეყნებიც დაინტერესებული იქნებიან ახალი მყარი და მოცულობითი ენერგოკავშირების დამყარებით და, ცხადია, ამ საქმეში თავის როლს შეასრულებს და საქმეს გაამარტივებს, თუკი შავ ზღვაში უკვე იქნება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი. პოტენციაში იგივე ინფრასტრუქტურა უნდა დავინახოთ კასპიის ფსკერზეც. უდაოდ მიმზიდველად გამოიყურება აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ენერგოსისტემების კავშირის შესაძლებლობა.

საკითხის ამ რაკურსით გაანალიზების შემთხვევაში, ისედაც ძალიან საინტერესო პროექტი კიდევ უფრო მეტ ინრტერესს იძენს მთელი რიგი ენერგომოთამაშეებისთვის. მაგრამ, მანამდე, შავი ზღვის ფსკერზე მოსაწყობი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის პროექტმა უნდა ნახოს დღის სინათლე, მისი დაწყება  უნდა გახდეს საქართველოს ენერგოგანვითარების მასტიმულირებელი და მისი მეშვეობით ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეიძინოს ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქცია. ამასთან, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ჩვენი ქვეყანა საუკუნის პროექტის „აბრეშუმის გზის“ მონაწილეა.

შესაბამისად, პროექტის – „ერთი გზა, ერთი სარტყელი-ის“ ფარგლებში საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. რა თქმა უნდა, როდესაც სატრანზიტო ფუნქციაზე ვსაუბრობთ, აქ არ იგულისხმება მხოლოდ საგზაო ან სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ელექტროენერგიის სატრანზიტო როლის გაზრდაც ამ გლობალურ მასშტაბში უნდა განვიხილოთ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდა ლოჯისტიკური მნიშვნელობისა, საქართველო ასევე ენერგეტიკული თვალსაზრისით ჩამოყალიბდება ერთგვარ კარიბჭედ აზიისა და ევროპას შორის.

 

commersant.ge

Share