Home » საზოგადოება » “შავი ჯიპების ქვეყანა” – ხელისუფლებას 16 000 ავტომობილი ეკუთვნის, რომელთა შენახვა 128 მილიონი ჯდება
"შავი ჯიპების ქვეყანა" – ხელისუფლებას 16 000 ავტომობილი ეკუთვნის, რომელთა შენახვა 128 მილიონი ჯდება

“შავი ჯიპების ქვეყანა” – ხელისუფლებას 16 000 ავტომობილი ეკუთვნის, რომელთა შენახვა 128 მილიონი ჯდება

საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოსტი ისე დატოვა, რომ შავი ჯიპების ეპოქის დასრულება ვერ მოახერხა. თუმცა, მისი იდეა მომავალმა მთავრობამაც გაიზიარა და მიმდინარე წლის ივლისში გამოცხადებული ტენდერის მიხედვით მთავრობა 135 ჯიპის შეძენას გეგმავდა, მთავრი მოთხოვნა კი იყო ის, რომ ჯიპები ნებისმიერი ფერის უნდა ყოფილიყო გარდა შავისა. მაგრამ, პრობლემა რომ მხოლოდ ფერი არ არის, ამას აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევაც ცხადჰყობს, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ იფლანგება ბიუჯეტის თანხები ამ მიმართულებით სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების უწყებათაშორისი სისტემური შესაბამისობის აუდიტი, რომელიც 2017 წელს მოიცავს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სხვადასხვა ორგანიზაციის აუდიტირების შედეგად, სისტემატურად ვლინდებოდა ავტოპარკთან დაკავშირებით გარკვეული სახის ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც წლების განმავლობაში ვერ ხდებოდა. სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის და ხარჯების შემცირების მიზნით, 2014 წლის 6 თებერვალს გამოიცა საქართველოს მთავრობის N121 დადგენილება, სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი”.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, შეესწავლა მთავრობის N121 დადგენილების ამოქმედების შემდგომ სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის საკუთრებაში 16,189 ავტომობილი ირიცხებოდა, რომელთა შენახვაზე (საწვავი, საპოხი მასალა და სხვა) 128,250,392 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება ნაკლოვანებებს, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მნიშვნელოვანი მიგნებები:

დადგენილებით განსაზღვრულზე მეტი ავტომობილების რიცხოვნობა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თითოეული დაწესებულებისთვის განისაზღვრა განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და სამორიგეო ავტომობილების ზღვრული ოდენობები, შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში ?1 (ერთი) სამორიგეო ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე ? დამატებით 1 (ერთი) ავტომობილი.

შესწავლილი 34 ორგანიზაციიდან 14-ში ავტომობილების რაოდენობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულს 401 ერთეულით აღემატება, რითაც არ არის გათვალისწინებული მთავრობის დადგენილების მოთხოვნები.

დადგენილზე მეტი რაოდენობის და არაკლასიფიცირებული ავტოპარკი იძლევა შესაძლებლობას, რომ სამსახურებრივი ავტომობილით სარგებლობდეს ისეთი თანამშრომელი, რომელსაც თანამდებობრივად არ ეკუთვნის სამსახურებრივი ავტომობილით სარგებლობა.

ავტომობილების შესყიდვისას ტექნიკური მოთხოვნების დაუცველობა

შეძენილი 274 ავტომობილიდან, მთავრობის დადგენილების მოთხოვნების დაცვით შესყიდულია მხოლოდ 59 ერთეული, ხოლო 5 (ხუთი) ორგანიზაციის მიერ შესყიდული 215 ავტომობილიდან 23 ერთეული შეძენილია მხოლოდ ავტომობილის ღირებულებით, ნაცვლად ზღვრული ფლობის ღირებულების გათვალისწინებისა, ხოლო 192 ერთეული სპეციალიზებული ავტომობილი (მათ შორის 96 ერთეული საგამოცდო, ხოლო დანარჩენი 96 დაცვის პოლიციის სპეციალიზებული), შეძენილია სამთავრობო კომისიასთან შეუთანხმებლად.

საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

საბიუჯეტო ორგანიზაციების აუდიტის შედეგად, ავტომობილების მიერ მოხმარებულ საწვავთან დაკავშირებით გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები: აუდიტით შესწავლილი 34 ორგანიზაციების მიერ, საწვავის ლიმიტების განსაზღვრის წინაპიროებები არ არის ჩამოყალიბებული; შერჩეული 8 ორგანიზაციის 33 ავტომობილიდან, განხორციელდა 17 ერთეული ავტომობილის შემოწმება საწვავის ავზის ზუსტი ტევადობის დასადგენად, საიდანაც 8 შემთხვევაში დადასტურდა აგა-ის მონაცემებით დაფიქსირებული ოდენობის საწვავის ჩასხმის შესაძლებლობა, 9 შემთხვევაში ვერ დადასტურდა, ხოლო 16 ავტომობილი არ გამოცხადდა შესამოწმებლად; 12 ორგანიზაციაში გამოვლინდა ჯამში 875 შემთხვევა, როდესაც განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე პირების შვებულებაში/მივლინებაში ყოფნის პერიოდში, ხდებოდა ავტომობილების ექსპლოატაცია. აუდიტის ობიექტებიდან (შსს-ს სტრუტურული ერთეულები) მიღებული განმარტებით, მოხელის შვებულებაში ყოფნისას ავტომობილით სარგებლობა აიხსნება სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, ხშირად ხდება საჭირო, უმოკლეს დროში შვებულებისას მოხელის გამოძახება, თუმცა შვებულებაში მყოფი პირისთვის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ავტომობილის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უფლებას დართავდა გარკვეულ პირთა წრეს ? შვებულების პერიოდშიც ესარგებლა სამსახურებრივი ავტომობილით, არ არსებობს; შესწავლილი 34 ორგანიზაციიდან 6-ში, გარდა სამსახურებრივი მანქანებისა, კანონმდებლობის შესაბამისად, საწვავის ლიმიტი დაწესებული იყო თანამშრომლების პირად მანქანებზე. თუმცა, დაუსაბუთებელია კონკრეტულ თანამშრომელზე საწვავის ლიმიტის საჭიროება და რაოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები;
ზემოთ აღწერილი საკითხებიდან გამომდინარე, შესწავლილ ობიექტებში ავტოპარკის საწავავით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის მექანიზმები სუსტია და ასევე დახვეწას საჭიროებს აღნიშნული საკითხის მომწესრიგებელი ნორმებიც. შესაბამისად, არსებობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა.

გიორგი რანი

Share