Home » ეკონომიკა » შარშანდელთან შედარებით, სიმინდის მოსავალი 20-30%-ით მცირეა
შარშანდელთან შედარებით, სიმინდის მოსავალი 20-30%-ით მცირეა

შარშანდელთან შედარებით, სიმინდის მოსავალი 20-30%-ით მცირეა

დასავლეთ საქართველოში სიმინდისა და ლობიოს მოსავალი შემცირდა. ამის მიზეზი ფაროსანაა, რომელიც სიმინდის ყანებში გაზაფხულიდან გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ნაწილმა პრევენციული ზომები მიიღო, პრობლემის მოგვარება მაინც ვერ მოხერხდა. მოსავლის აღებამდე ჯერ თითქმის თვე-ნახევარი დარჩა.

ყველგან, სადაც ფაროსანასთან გამკლავება შეძლეს, სიმინდის ხარისხი შეინარჩუნეს, მაგრამ ასეთი შედეგით ბევრი ვერ დაიკვეხნის. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ, თხილისგან განსხვავებით, სიმინდის მოსავალი ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, კლებაა. ნაწილის თქმით, ფაროსანამ სიმინდიც გაანადგურა.

რაც შეეხება ფასს, ამ ეტაპზე თბილისსა და რეგიონებში 1 ფუთი სიმინდი 25 ლარად იყიდება. სამომხმარებლო ბაზრებსა და მაღაზიებში 1 კგ. ახალი სიმინდის ფქვილი 2,50-3 ლარის ფარგლებშია, ხოლო 1 კგ. ლობიო დაახლოებით 4-5 ლარი ღირს. პროდუქტი ყველაზე იაფი ბანძაშია, სადაც ფუთი სიმინდის ყიდვა 22 ლარადაც არის შესაძლებელი.

მართალია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თავი არ დაუზოგავს, არც გლეხებს დაუკლიათ შრომა, მაგრამ ობიექტური მიზეზით როგორც სიმინდის, ასევე ლობიოს მოსავალი დასავლეთ საქართველოს სოფლებში შემცირებულია.

კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ოკუპირებულ გალის რაიონში, სადაც სიმინდისა და ლობიოს გარდა, ფაროსანას შემოსევა ციტრუსსაც დაეტყო.

“სიმინდი გალში ხალხის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალია, თხილთან ერთად და ასობით ოჯახის კეთილდღეობა მასზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ფასს, აქ გაცილებით ნაკლებია, 1 ფუთი სიმინდი 20 ლარად იყიდება, მაგრამ ეს ფასი დიდხანს ვერ გასტანს. მიზერული მოსავალია, ეს მხოლოდ რამდენიმე თვით მოგვცემს თავის გატანის საშუალებას, არ ვიცი, ზამთარში რით უნდა ვიკვებოთ, როცა შემოტანილი პროდუქტის შესაძენად ფული არ გევქნება. ოჯახიდან გასაყიდადაც ვერაფერს გავიტანთ. ფასიდან გამომდინარე, დიდად ვერც თხილით ვისარგებლეთ. მართალია, სრულად არ განადგურებულა, მაგრამ მოსავალი აშკარად შემცირებულია და ბაზარზეც იაფი ღირს. რთული სიტუაციაა”, – ამბობს ოტობაიელი გლეხი.

როგორც ვიცით, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში სიმინდი და ლობიო მოსახლეობისთვის ძირითადი პროდუქტია, განსხვავებით აღმოსავლეთისგან, სადაც სიმინდს მარტოოდენ ფრინველისა და პირუტყვის საკვებად იყენებენ. შესაბამისად, ფასზე ეს ფაქტორიც მოქმედებს.

ცოტა უკეთესი მდგომარეობაა გურიაში. სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ზენაიშვილი ამბობს, რომ სიმინდის კარგი მოსავალია ყველგან, სადაც ხალხმა მავნებელთან გამკლავება შეძლო და ამისთვის დროულად მიიღო ზომები.

“დიდი შრომაა გასაწევი, რომ შედეგი მოსავალს დაეტყოს. თავდაუზოგავი შრომის საშუალებით მოხერხდა, რომ მოსავლის 70-80% შეგვენარჩუნებინა. გაზაფხულიდან მოყოლებული, ყანა 18 დღეში ერთხელ უნდა შეიწამლოს. ეს მარტივი არ არის, მაგრამ კარგი მოსავლის მისაღებად აუცილებელია. შეწამვლა მასობრივად არ ხდება, რის გამოც ფაროსანა მოვლილ ფართობებზეც გადმოდის, ამის გამო ბევრს შეექმნა პრობლემა.

უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მაგრამ შედეგის მისაღწევად დიდი შრომა ჩავდეთ. სამწუხაროდ, ყველგან ასეთი ვითარება არ არის, ბევრი ოჯახია, სადაც სიმინდი გაუნადგურდათ. ყველაფერს ფაროსანას ვერ დავაბრალებთ, მოსავალი თუ გვინდა, მოვლაც უნდა შევძლოთ”, – ამბობს გოჩა ზენაიშვილი.

იმერეთში უკვე ფიქრობენ, რომ დაიბევონ მოსავალი, სანამ ფასი პიკს მიაღწევდეს.

თერჯოლის მკვიდრი ზაურ ქავთარაძე ამბობს, რომ სიმინდის მომარაგებაზე უკვე ზრუნავს, რადგან საკუთარი ჭირნახული განახევრებულია და ოჯახს წლიური სარჩო შეუმცირდა.

“ვცდილობ, სიმინდი სეზონის დასაწყისშივე ვიყიდო, რადგან ფასი სამომავლოდ კიდევ უფრო აიწევს. კიდევ თუ გაძვირდება, თორემ ფასი დაბლა არ ჩამოვა. ასევე გამინახევრდა ლობიო, მავნებელმა მსხმოიარე მარცვალი მოსპო. გადარჩენილი მოსავალი მცირე და უხარისხოა. ამიტომ წლევანდელ მარაგზე თადარიგი უნდა დავიჭირო, ადრეც უნდა მეზრუნა. საკუთარი მოსავლით, ყველაზე დიდი, მაისის ბოლომდე გავიტანო თავი, იმ პერიოდში კი სიმინდის ყიდვა გართულდება, მოსავალი ცოტაა და ეს პროდუქტის ღირებულებაზე აუცილებლად აისახება“, – ამბობს იმერელი გლეხი.

ფაროსანასთან გამკლავება მეტ-ნაკლებად შეძლეს ზუგდიდის რაიონში, თუმცა ხალხი იქაც მოსავლის კლებაზე ჩივის.

“მოსავალს ადრევე დაეტყო, რომ სახარბიელო არ იქნებოდა. ფაროსანამ სიმინდს ადრევე დაამჩნია თავისი კვალი, არც სიმაღლეში გაზრდილა და ნაყოფიც უხარისხო მოისხა. 4-5-ჯერ შევწამლე, მაგრამ ეს, ალბათ, საკმარისი არ იყო. ყოველი შეწამვლა ხარჯს უკავშირდება და ამის საშუალება ყველას არ გვაქვს. შარშანდელთან შედარებით, სიმინდი 30 პროცენტით შემცირდება. სხვა რეგიონებში მომხდარს თუ გავითვალისწინებთ, ეს საუკეთესო შედეგია. მთლიანობაში, უკმაყოფილო არ ვართ. მთავარია, ამაზე მეტად არ ვიზარალოთ, ჯერ კიდევ ამინდზე ვართ დამოკიდებული, ვერ ვიტყვით, როდის რა შეიძლება, მოხდეს”, – ამბობს მანჩო კაკაჩია, სოფელ კახათის მკვიდრი.

 

წყარო: resonancedaily.com

Share