Home » ფინანსები » სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა
სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა

სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა

როგორ გავლენას იქონიებს საბანკო სექტორის საკრედიტო პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკაზე

კომერციულმა ბანკებმა დაკრედიტების პირობები გაამკაცრეს. გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები და სესხების გაცემა უფრო მეტად კონსერვატული გახდა. ბანკებისთვის დაკრედიტების სამიზნე ისევ ვაჭრობაა, რაც რეალური სექტორის განვითარებას ნამდვილად არ უწყობს ხელს. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდა შეწყვიტა კომერციული ბანკები იძულებულები გახდნენ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაზარდონ და ლარის რესურსი ამ გზით მოიზიდონ.

2015 წლის მესამე კვარტალში საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდის ტემპი შემცირდა და სექტემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 12.8% შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საკრედიტო პორტფელის ზრდა დაბალანსებული იყო საცალო და იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებით. ფიზიკური პირების დაკრედიტების წლიური ზრდა წინა კვარტალთან შედარებით შემცირდა, რასაც ეროვნულ ბანკში ეკონომიკური აქტივობის შესუსტებითა და გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად იმპორტულ საქონელზე მოთხოვნის შემცირებით ხსნიან.

იურიდიული პირების დაკრედიტება სტაბილურ ზრდას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ივნისთან შედარებით ცვლადპროცენტიანი (რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები) ეროვნული ვალუტით გაცემული ბიზნეს სესხები 17%-ით გაიზარდა, თუმცა მათი წილი მთლიან ბიზნეს სესხებში ჯერ კიდევ მცირეა (7%). ვალუტების ჭრილში, საკრედიტო პორტფელის ზრდა მნიშვნელოვანწილად ეროვნული ვალუტით გაცემულმა სესხებმა განაპირობა. სექტემბერში უცხოური ვალუტით დენომინირებული პორტფელის წლიური ზრდა 6.5%-მდე შემცირდა, ამის მიზეზი არის ის, რომ კომერციულმა ბანკებმა ბიზნესსესხების გაცემა გაამკაცრეს. ხოლო ლარის პორტფელის ზრდამ 22.3% შეადგინა.

სექტემბერში ივნისთან შედარებით ფიზიკური პირების საკრედიტო პორტფელი 250 მლნ ლარით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტს ასახავს. კურსის ეფექტის გამორიცხვით ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდა, ასევე მასშტაბურია, 95 მლნ ლარი. პროდუქტების ჭრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, წინა კვარტალთან შედარებით იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების მოცულობა, შესაბამისად 57 და 52 მლნ ლარით გაიზარდა. ვალუტების ჭრილში თუ შევხედავთ, იპოთეკური სესხების ზრდა ძირითადად დოლარით გაცემულმა სესხება განაპირობა (17 მლნ დოლარი და 20 მლნ ლარი), ხოლო სამომხმარებლო სესხების ლარით გაცემულმა სესხებით გაიზარდა (60 მლნ ლარი). ეკონომისტებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სამომხმარებლო სესხების ასეთი მკვეთრი ზრდა შეიძლება ქვეყნის ეკონომიკისთვის სახიფათოც კი აღმოჩნდეს, ამიტომ მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად სამომხმარებლო სესხების შესაზღუდად გარკვეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. რაც შეეხება მოსახლეობას, სამომხმარებლო სესხებზე მათი მხრიდან მოთხოვნა ყოველთვის დიდი იყო, მიუხედავად მათი შემოსავლები ძალიან ნელა იზრდება. ეს პროცესი დაკავშირებულია ადამიანის მოთხოვნასთან – იცხოვროს კარგად დღეს და არა ხვალ. ამასთანავე საქართველოში მსესხებელის საბანკო განათლების დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია, ამიტომ მოქალაქეები კარგად ვერ თვლიან თუ რამდენად გადახდისუნარიანები არიან. გარდა ამისა, სამომხმარებლო სესხს არ სჭირდება იპოთეკა, ისინი მეტწილად არაუზრუნველყოფილია ან უზრუნველყოფისთვის არ სჭირდება უძრავი ქონება. ამ ფაქტორების ერთობლიობამ გამოიწვია დაკრედიტების ზრდა.

მომენტალური განვადებების და საკრედიტო ბარათების მოცულობა 30 მლნ ლარით შემცირდა. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ამ უკანასკნელით ძირითადად იმპორტის დაფინანსება ხდება. შესაბამისად, მათი შენელებული ზრდა, ერთი მხრივ, იმპორტზე შემცირებულ მოთხოვნას ასახავს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირებას. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ სამომხმარებლო სესხების მკვეთრი ზრდა ასევე იმპორტის სტიმულირებას ახდენს და ლარის კურსზეც ნეგატიურად მოქმედებს. ხოლო საკრედიტო ბარათების მოცულობის შემცირება დიდწილად ბანკების გადაწყვეტილებითა არის განპირობებული. კომერციული ბანკები, წინა წლებისგან განსხვავებით, სამომხმარებლო სესხების გაცემის აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებენ და მომხმარებელს საკრედიტო ბარათებს ნაკლებად სთავაზობენ.

რაც შეეხება იურიდიული პირებს, მათი საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა სექტემბერში ივნისთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.5% შეადგინა. საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, 2015 წლის მესამე კვარტალში ბანკებმა საპროცენტო და არასაპროცენტო პირობები კვლავ გაამკაცრეს, რაც გამოწვეული იყო საგარეო შოკის ფონზე ბანკების მიერ ეკონომიკური მოლოდინების გაუარესებით. ბიზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში განპირობებული იყო მშენებლობის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი სექტორების დაკრედიტებით, ხოლო ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორების ზრდა უმნიშვნელოა. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ რომ საბანკო სექტორის მონაწილეების მოლოდინი მომდევნო კვარტალში ბიზნესსესხების მოთხოვნის ზრდაზე პოზიტიურია. სავალუტო ჭრილში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების, ხოლო სექტორულ ჭრილში ვაჭრობის სექტორზე გაცემული სესხების გააქტიურებას ელოდებიან. ანალიტიკოსების ნაწილი პრობლემას სწორედ ამ კუთხით ხედავს, კომერციული ბანკები ძირითადად ვაჭრობის დაკრედიტებაზე არიან ორიენტირებული, ხოლო მრეწველობის დაკრედიტებას კი ერიდებიან. ბუნებრივია ბანკებისთვის ვაჭრობის სფერო მომგებიანია, გაიცემა მოკლევადიანი, შედარებით მაღალპროცენტიანი სესხები, რაც მოკლე ვადაში დიდ მოგებას იძლევა.

საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, 2015 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, დაკრედიტების პირობები იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის გამკაცრდა. კერძოდ გაიზარდა როგორც საპროცენტო განაკვეთები, ასევე გამკაცრდა სესხის გაცემის პირობები. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ გამკაცრება გამოწვეულია ეკონომიკური ტენდენციებით, რისკებისადმი მიდრეკილების შემცირებით, ფინანსური რესურსის ხარჯის ზრდითა და შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლით. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ივნისთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაცემულ სესხების ნაკადებზე 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.8% შეადგინა. კორპორატიული სესხების ნაკადებზე განაკვეთები კი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 11.6%-ს გაუტოლდა, ხოლო საცალო სესხებზე 0.1 პროცენტული პუნქტით 17.5%-მდე. გამოკითხულთა მოლოდინების მიხედვით, მომდევნო კვარტალში დაკრედიტების არასაპროცენტო პირობების ცვლილება არ იგეგმება, თუმცა ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს.

რაც შეეხება დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს წინა კვარტალთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.7 პროცენტული პუნქტით 8.1% -მდე გაიზარდა. ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთი კი 0.1 პროცენტული პუნქტით 4.3%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ და ლარის დეპოზიტზე შემცირებულმა მოთხოვნამ განაპირობა. საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, მომდევნო კვარტალში საბანკო სექტორის მონაწილეები დოლარის რესურსზე ხარჯის ცვლილებას არ მოელიან, თუმცა, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ლარის სესხებზე მოთხოვნის გააქტიურების პარალელურად, ლარის დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები კვლავ გაიზარდოს. რეფინანსირების სესხების მოცულობის მკვეთრად გაზრდაზე კრიტიკისას, ანალიტიკოსები სწორედ ამაზე საუბრობდნენ, რომ კომერციულ ბანკებს ლარის რესურსი თავად უნდა მოეზიდათ. ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი კი სწორედ საპროცენტო განაკვეთების ზრიდს სტიმულირებით დეპოზიტების მოცულობის ზრდაა. ამ ეტაპზე კი, რეფინანსირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდის გამო, შეიძლება კომერციული ბანკებისთვის ეს რესურსი მიმზიდველი აღარც იყოს.

როგორც ცნობილია, ნოემბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7.5% შეადგინა. აქედან გამომდინარე 2015 წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით განაკვეთები გაიზარდა ყველა ვადიანობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებზე, რაც მოკლევადიანი სეგმენტისათვის დიდწილად ინფლაციურმა მოლოდინებმა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ გამოიწვია. ეროვნულ ბანკში კი ამ მიზეზებს ბანკის მიმართ `არასწორ’’ კრიტიკასაც უმატებენ. სხვათაშორის, ფინანსთა სამინისტრომ ფასიანი ქაღალდების ემისიის შემცირების გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის გაზრდის გამოც მიიღო. სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთმა 11,5%-ს მიაღწია, ხოლო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი 13,6%-მდე გაიზარდა. შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტს შიდა ვალის მომსახურება ძალიან გაუძვირდა.

Share