Home » საზოგადოება » სესხებიდან მიღებული 0,5 მლნ ლარამდე შემოსავალი და ქველმოქმედებაში დახარჯული 400 ათასი ლარი – რა ქონებას ფლობს ივლიანე წულაია

სესხებიდან მიღებული 0,5 მლნ ლარამდე შემოსავალი და ქველმოქმედებაში დახარჯული 400 ათასი ლარი – რა ქონებას ფლობს ივლიანე წულაია

„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ივლიანე წულაიამ ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 31 დეკემბერს შეავსო.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ივლიანე წულაიას საკუთრებაშია: 2018 წელს ვაკეში შეძენილი სამი ბინა, რაშიც ჯამში 210 545 აშშ დოლარი გადაიხადა. კერძოდ, 60,9 კვ.მ ფართობის, – 51 765 დოლარი, 125,3 კვ.მ ფართობის – 106 505 აშშ დოლარი და 61,5 კვ.მ ფართობის – 52 275 აშშ დოლარი.

გარდა ამისა, დეპუტატი ფლობს, 2007 წელს წავკისში 10 000 დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთის (1050,16 კვ.მ) 16, 66%-ს.

ამასთან, ივლიანე წულაიას მეუღლის სახელზეა 1 746 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, რომლის ღირებულებაც 120 000 აშშ დოლარს შეადგენს და ამავე ტერიტორიზე არსებული საცხოვრებელი ფართი, რაშიც 500 000 ლარია გადახდილი.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ივლიანე წულაიას საკუთრებაშია მოტოსატრანსპორტო საშუალება – HARLEY-DAVIDSON SPORTSTER XL 1200X, რომელიც 2019 წელს 20 000 აშშ დოლარად შეიძინა. ასევე, 2019 წელს გამოშვებული „ტოიოტა კოროლა“, რომლის ღირებულებაც 16 500 აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, დეპუტატმა 2014 წელს საჩუქრად მიიღო ROLEX-ის და HUBLOT-ის მაჯის საათები.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ივლიანე წულაიას გასულ წელს საპარლამენტო საქმიანობისთვის ხელფასის სახით აღებული აქვს – 50 401,73 ლარი.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაცის შევსების მომენტში ყოფილი დეპუტატი ფლობდა: “პროკრედიტ ბანკის” მიმდინარეზე – 1680,33 ლარს, “თი–ბი–სი ბანკის“ მიმდინარეზე – 24,03 გირვანქა სტერლინგს, „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე – 28 466,78 აშშ დოლარს, ხოლო დანაზოგის სახით 20 000 ლარს.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ივლიანე წულაია ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიაში (მათ შორის 100%-ან წილებსაც), ისეთში როგორიცაა: შპს არქი, შპს ბაკურიანი რიზორთ საქართველო, შპს გორგასალი რეზიდენს საქართველო, შპს ნეიშენალ პარკი საქართველო, შპს ტექნიკა საქართველო და ა.შ.

გარდა ამისა, ივლიანე წულაიას სესხი აქვს გაცემული რამდენიმე კომპანიაზე, საიდანაც გასულ წელს შემოსავლის სახით ჯამში 494 352 ლარი მიიღო.

აქვე აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მიხედვით, ქველმოქმედების სახით, ივლიანე წულაიამ 400 000 ლარი დახარჯა.

Share