Home » საზოგადოება » “სეისმური მონიტორინგის ცენტრი მიწისძვრებზე ინფორმაციას მალავს” – არჩილ კაიკაციშვილი

“სეისმური მონიტორინგის ცენტრი მიწისძვრებზე ინფორმაციას მალავს” – არჩილ კაიკაციშვილი

„ის, რასაც სეისმური მონიტორინგის ცენტრი აკეთებს, როცა 3 მაგნიტუდაზე ნაკლები მიწისძვრების შესახებ ინფორმაციას, პირდაპირ უნდა ითქვას, – მალავს, არის უფლებამოსილების ფარგლებიდან გასვლა და საზოგადოებრივ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ზიანის მიყენება“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს.

მისი თქმით, გაუებარი და მიუღებელია ფაქტი, როცა ერთის მხრივ, ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ მრავალი წლის შემდეგ მისმა ორგანიზაციამ შეძლო და თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით ახდენს მიწისძვრებზე დაკვირვებას და მეორეს მხრივ, იგი ამ ინფორმაციას ხურავს, მალავს და 3 მაგნიტუდაზე ქვემოთ დაფიქსირებული ბიძგების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

„რაციონალური ახსნა ამ ფაქტს არ აქვს, თუმცა, ვფიქრობ, თავისი არსით თეა გოდოლაძის და მისი უწყების ეს ქცევა იმდენად მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რომ ამ ფაქტს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება და რადგან არც მეცნიერულ ეთიკაზე დაყრდნობით და არც კეთილი ნებით არ ხერხდება სათანადო კვლევებისთვის საჭირო ამ ინფორმაციის მეცნიერთა სხვა ჯგუფებისთვის გაზიარება, ეს მოხერხდება სამართლის ძალით.

მე, როგორც უფლებადამცველი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში იურისტი, რომელიც ნ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ინტერესების ადვოკატირებას ვეწევი, სხვა კანონიერ გზას ვერ ვხედავ. ფაქტია, სახელმწიფო სსიპ-ს (ილიაუნი) დაქვემდებარებული უწყება – სეისმური მონიტორინგის ცენტრი და მისი ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე, თვითნებურ ქცევას არ იშლის, არ ასაჯაროებს, მალავს ამ ინფორმაციას, აცხადებს რა მას მისდამი დაქვემდებარებული უწყების საკუთრებად“, -აღნიშნა კაიკაციშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ დრევანდელ ვითარებაში, როცა უჩვეულოდაა გახშირებული მიწისძვრები, საზოგადოებას აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ მშრალი ფაქტები, რომელიც მედიაში სეისმური მონიტორინგის ცენტრის ეგიდით ქვეყნდება და დასათაურებულია ასე – „საქართველოში მიწისძვრა მოხდა“.

„ფაქტია, საზოგადოების დაკვეთა სეისმოლოგების მიმართ აშკარად უფრო მეტია, ვიდრე პოსტ ფაქტუმ მშრალი ფაქტების კონსტატირება. ბუნებრივია, არავინ ითხოვს მიწისძვრების პროგნოზირებას, მაგრამ როცა გარკვეული ტექტონიკური პროცესები ქვეყანაში აშკარად გამოხატულია, ცხადია, მოსახლეობას კვალიფიციური ანალიზის მოსმენა სურს. ამას კი არ აკეთებს თეა გოდოლაძე და მისი უწყება და მიწისძვრების სრული კატალოგის დახურვით, ანუ დამალვით, არც მეცნიერთა სხვა ჯგუფს აძლევს ამ საკითხებზე მუშაობის საშუალებას“, – აღნიშნა კაიკაციშვილმა.

Share