Home » ფინანსები » სებ-მა 95 მილიონი დოლარით ეროვნული ვალუტის გამყარება შეაჩერა
სებ-მა 95 მილიონი დოლარით ეროვნული ვალუტის გამყარება შეაჩერა

სებ-მა 95 მილიონი დოლარით ეროვნული ვალუტის გამყარება შეაჩერა

ეროვნულმა ბანკმა, ზუსტად ორ თვეში, ლარის გამყარების შესაჩერებლად მიმოქცევიდან 95 მილიონი დოლარი ამოიღო. მანამდე ასევე ორ თვეში, იანვარ-თებერვალში, ეროვნულმა ბანკმა, ლარის გაუფასურების შესაჩერებლად, 60 მილიონი დოლარი გაყიდა. ამ ოთხთვიან პერიოდებში ერთი განსხვავება არის კიდევ ის, რომ წინა ორ თვეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იყო, ახლა ბანკს კობა გვენეტაძე მართავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი ორივე პრეზიდენტის ერთმანეთისგან განსხვავებულ პოლიტიკას, როგორც ყოველთვის, დადებითად აფასებს.

რომ არა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული პოლიტიკა, ლარის კურსის გამყარების შეჩერების კუთხით, ახლა 1 დოლარის ღირებულება, დაახლოებით, 2-2,1 ლარი იქნებოდა. ეკონომისტების ნაწილს თუ დავუჯერებთ, ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარება ექსპორტიორებს დააზარალებდათ, ამიტომ ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი სტაბილური, მცურავი კურსის შენარჩუნებაა. მეორე მხრივ, უფრო მეტად გამყარებული ლარი დოლარში სესხს მკვეთრად გააიაფებდა და ბიზნესს უფრო მეტი ფულის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემდა.

,,ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯი ლარის გამყარებას ხელს არ უწყობს. 95 მილიონი დოლარის შესყიდვა ნიშნავს იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა ლარი, 2,3 კურსით, ანუ 200 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამის, ივნისიდან შეცვლილი მონეტარული პოლიტიკა ლარის მასას კიდევ უფრო გაზრდის. კერძოდ, ჩვენ კრიზისების ფონზე რა რაოდენობის ფულის მასაც შევზღუდეთ ახლა სწრაფი ტემპებით უკან ვყრით’’,

– ამბობს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ასლანიშვილი და დასძენს, რომ ასეთი პოლიტიკა ნეგატიურ შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოგვცემს, თუკი ლარის გაზრდილ მასას ასევე გაზრდილი უცხოური სავალუტო ნაკადები დახვდება. ესაა ინვესტიციები, შემოსავლები ტურიზმიდან, გზავნილები.

ასლანიშვილი ფიქრობს, რომ ეკონომიკური აქტივობის გაზრდასა და უცხოური ვალუტის შემოდინებას. განსაკუთრებით, ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის სწრაფი გადაწყვეტა წაადგება.

,,ეს მოგვცემს საშუალებას, ამ რეგიონთან ახალი ბიზნესურთიერთობები დავამყაროთ. ქვეყანაში უცხოური ვალუტა უფრო გაიზარდოს. აქ კიდევ მთავარია ავამუშაოთ განადგურებული საფონდო ბაზარი, თუმცა არავის სურს 2007 წელს მიღებული კანონებში ცვლილება, რომლის მიხედვითაც ალტერნატიული ფინანსების წყარო, ფაქტობრივად, მოისპო. საინვესტიცო ბანკების სქემა მოიშალა და ეს სისტემა მხოლოდ კომერციულ ბანკებს დაექვემდებარა. კომერციული ბანკები კომერციული საქმიანობით უნდა დაკავდნენ, ხოლო თუ ისინი საინვესტიციო ბანკები არიან მოშორდნენ იმ საქმეს და დაკავდნენ ამ საქმიანობით. ჩვენთანს ეს ყველაფერი აღრეულია, რამაც ფინანსების ალტერნატიული მოზიდვის პრობლემები შექმნა’’, – დასძენს დავით ასლანიშვილი.

ცვლილებებია საერთაშორისო რეზერვებშიც. თუ წლის პირველ ორ თვეში საერთაშორისო რეზერვები მცირდებოდა, ახლა იზრდება. 1-ლი მაისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 2,457 მილიარდი დოლარია. მათ შორის, უცხოური ვალუტის რეზერვები 2,252 მილიარდ დოლარს აჭარბებს. სავალუტი ფონდში სარეზერვო პოზიცია 14,2%-მდე გაიზარდა.
ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, იანვარში დოლარის გაყიდვის შემდეგ საერთაშორისო რეზერვები 2,520 მილიარდი დოლარიდან 2,447 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, თებერვალში – 2,425 მილიარდ დოლარამდე. მარტიდან დაიწყო გაზრდა და ახლა ეს მაჩვენებელი 2,457 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

როგორც ღარიბი ქვეყანა საქართველო, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ფორმირებისთვის ფინანსურ დახმარებას, კრედიტების სახით, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან იღებს. ამ რეზერვების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერაა. სსფ-ს ამ სახის დახმარება გაწერილია შესაბამის პროგრამაში, რომელიც მიიღეს მსოფლიო კრიზისისთანავე დიდი ოცეულის ქვეყნებმა.

ქვეყნის სავალუტო რეზერვები, უპირველეს ყოვლისა, სწორედ საგადასახდელო ბალანსის შესაძლო გარღვევის დასაფინანსებლადაა განკუთვნილი. ეს საფრთხე კი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ქვეყანაში შემოსული უცხოური ვალუტის ოდენობა გასულზე ნაკლებია. რეზერვების დანიშნულება სწორედ ამ შოკების მოხსნაა. საბანკო სპეციალისტს, გოჩა თუთბერიძეს უკვირს, თუ რატომ არ გამოიყენა სავალუტო კრიზისისას ეროვნულმა ბანკმა უფრო მეტი საერთაშორისო რეზერვის, რათა ბიზნესისა და მოსახლეობისთვის ამ კრიზისის მიერ მიყენებული კოლოსალური ზარალი შეემსუბუქებინა.

,,ეროვნულმა ბანკმა, რატომღაც, რეზერვები მოკლევადიანი შოკების გასანეიტრალებლად და სავალუტო კურსის დასასტაბილურებლად არ გამოიყენა. რეზერვები შეიძლება შემცირდეს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ივსება, ასეთი რამ ეკონომიკას ახასიათებს. თუკი ფუნდამენტური პრობლემები იქნებოდა, ამ შემთხვევაში რეზერვების ხარჯვას აზრი არ ექნებოდა. ამიტომ, ეროვნულ ბანკს შეეძლო უფრო გონივრული და თამამი პოლიტიკა ეწარმოებინა’’,

– ამბობს გოჩა თუთბერიძე და დასძენს, რომ დღეს, სავალუტო კურსი ავტომატურად დასტაბილურდა, ვინაიდან საგარეო წნეხი ნელ-ნელა მცირდება.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ფორმირების თვალსაზრისით საინტერესოა კიდევ უფრო შორეული ისტორია. 10 წლის წინ რეზერვების მოცულობა 408 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა. 2006 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო აგრესიული საპრივატიზაციო პოლიტიკა – ,,ყველაფერი იყიდება ნამუსის გარდა’’, რამაც რეზერვების გაზრდას ხელი შეუწყო. 2008 წლის სექტემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცდა 18-თვიანი ეკონომიკური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მხარდაჭერასა და მთლიანი საერთაშორისო რეზერვების გაზრდას. გამოიყო 748,3 მილიონი დოლარის დახმარება, 2009 წლის ბოლოს რეზერვებმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

2010 ივლისში საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს დამატებითი თანხის გამოყოფა სთხოვა, 2010-11 წლებში საგადამხდელო ბალანსის მოსალოდნელი დეფიციტის დასაფინანსებლად. ფონდმა, ამ შემთხვევაში, 270 მილიონი დოლარი გამოყო. ამ ფინანსური დახმარებების მეშვეობით, სავალუტო რეზერვები მყისიერად გაიზარდა. საგარეო ვალების ზრდის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან დოლარის მასის ამოღება დაიწყო და 2013 წლის ბოლოსკენ რეზერვების მოცულობამ 3 მილიარდ დოლარს გადაცდა. ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი, თუმცა 4 თვეში მათი მოცულობა ამ ნიშნულს ისევ ჩამოცდა.

რაც შეეხება რეზერვების გამოყენების პრაქტიკას, აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონებს თითქმის ყოველკვირა მართავდა და დოლარს ყიდდა, შედარებით მცირე მოცულობებით, მაგრამ ეს ოპერაციების ლარის გამყარების შესანარჩუნებლად საკმარისი იყო. მთლიანობაში სებ-მა 2009 წელს 53 აუქციონი ჩაატარა და 215 მილიონი დოლარი გაყიდა. ასევე აქტიურად გაგრძელდა ინტერვენციები 2010 წელსაც და 330 მილიონი დოლარი გაიყიდა. 2011 წელს 2013 წლის ნოემბრამდე კი სიტუაცია შეიცვალა და სები ძირითადად დოლარს ყიდულობდა, შესაბამისად რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

2013 წლის ნოემბრიდან ეროვნულმა ვალუტამ მცირედით გაუფასურება დაიწყო, იმ წელს სებმა მიმოქცევიდან 545 მილიონი დოლარი ამოიღო და უკან 240 მილიონი დოლარი დააბრუნა. საფინანსო ბაზრიდან დოლარის ამოღება გაგრძელდა 2014 წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურება უკვე თვალშისაცემი ხდებოდა. პარალელურად სებ-მა დრო და დრო დოლარის მსხვილი მოცულობების გაყიდვაც დაიწყო – 40-40 მილიონი დოლარი.

მთლიანობაში სებ-მა მიმოქცევიდან ჯერ 200 მილიონი დოლარი ამოიღო, შემდეგ 300 მილიონი დოლარი გაყიდა. 2015 წელს ლარის სწრაფი დევალვაცია დაიწყო, სებ-ი ისევ წინა წლის პოლიტიკას მიმართავდა და 40 მილიონიან ინტერვენციებს ლარის გაუფასურების პიკზე ახორციელებდა. ამისთვის საბანკო სპეციალისტები, სებ-ის მენეჯმენტს ხშირად აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, მცირედი და დროული ინტერვენციები გაცილებით უკეთეს შედეგს გამოიღებდა, ვიდრე 40 მილიონი დოლარის გაყიდვა ვალუტის გაუფასურების პიკზე.

საბოლოო ჯამში, 2015 წლის განმავლობაში სებ-მა 266 მილიონი დოლარი გაიყიდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციას საერთაშაორისო სავალუტო რეზერვებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

მაკა ვარადაშვილი

Share