Home » საზოგადოება » „სებ-ის მიერ დანერგილი კორუფციული გარიგებების სისტემა ე.წ. „რეფინანსირების სესხები“ კურსის მკვეთრი ვარდნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია“

„სებ-ის მიერ დანერგილი კორუფციული გარიგებების სისტემა ე.წ. „რეფინანსირების სესხები“ კურსის მკვეთრი ვარდნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია“

1-ელი აპრილის ვაჭრობის შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4410 ლარი გახდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.4%-ით გაუფასურდა. სებ-მა გუშინ 27 500 000 დოლარის ინტერვენცია განახორციელა, ეს 2021 წლის რიგით მეხუთე სავალუტო აუქციონი იყო. წელს სებ-მა ჯამში 187 500 000 დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სავალუტო ინტერვენციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ-ი ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება. მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზს თურქული ლირის გაუფასურება წარმოადგენს, რამაც საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინები შექმნა. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, გაცვლითი კურსის ეს მერყეობა გადაჭარბებულია, შესაბამისად პანიკური ვაჭრობის პირობებში მოქალაქეებმა და ბიზნესებმა, რომლებიც სავალუტო ოპერაციებს განახორციელებენ, შესაძლოა იზარალონ.

ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ აღნიშნავს, ქართული ეროვნული ვალუტის გაუფასურება არ არის გამოწვეული მხოლოდ ერთი ფაქტორით. გარდა ამისა, მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკი ცდილობს სიცრუის დამტკიცებას, რომ თითქოს ფულის მასას არა აქვს გავლენა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე.

„ქართული ეროვნული ვალუტის გაუფასურება არ არის გამოწვეული მხოლოდ ერთი ფაქტორით. ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე. კერძოდ:

  1. ეროვნულ ვალუტასა და მის სტაბილურობაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი საქართველოს ეროვნული ბანკია. ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობის უუნარობაზე, არაკომპეტენტურობასა და არასპროფესიონალიზმზე არაერთხელ გვისაუბრია. არ მესმის, როგორ შეიძლება ჩააბარო ასეთი საპასუხისმგებლო სფერო პირებს, ვისაც წარმოდგენა არა აქვს მაკროეკონომიკის ძირითად საბაზისო დებულებებზე, ფულის არსზე და მასზე მოქმედ ფაქტორებზე; ვინც უტიფრად ცდილობს სიცრუის დამტკიცებას, რომ თითქოს ფულის მასას არა აქვს გავლენა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე.
  2. ეროვნული ბანკის არაკომპეტენტურობას, თან ერთვის მათ მიერ დანერგილი კორუფციული გარიგებების სისტემა, რომელსაც „რეფინანსირების სესხებს“ უწოდებენ. ამ თემაზეც არაერთხელ გვისაუბრია. მას სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო რეფინანსირების სესხებთან. არადა, ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია გაცვლითი კურსის ასეთი მკვეთრი ვარდნისა და მოსახლეობის გაღატაკების.
  3. პოლიტიკური არასტაბილურობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რაც გავლენას ახდენს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე. სამწუხაროდ, არიან პოლიტიკას მიტმასნილი ჯგუფები, რომელთა მიზანი არასტაბილური ვითარების შექმნაა, რომ იქნებ ამ გზით მაინც შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა. ევროგაერთიანების ეგიდით მოლაპარაკებების ჩაშლა ნამდვილად არ იწვევს სტაბილურობის შეგრძნებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ.
  4. ცხადია, უმთავრეს სავაჭრო ქვეყანაში – თურქეთში არსებული ეკონომიკური პრობლემები და მათი ვალუტის არასტაბილურობაც ერთი-ერთი ფაქტორია რაც გავლენას ახდენს ქართული ლარის სტაბილურობაზე.
  5. პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს საგარეო ვალების მომსახურება. ორი-სამი წლის წინ ვამახვილებდი ყურადღებას, რომ 2021 წლიდან ეს პრობლემა გამძაფრთებოდა. აუცილებელი იყო, ხელისუფლებას ეს თემა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოეცხადებინა, რათა თავიდან აგვეცილებინა ისეთი მოვლენები, რაც ხდებოდა საბერძნეთში, ისლანდიაში, ირლანდიასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. მე მგონი, უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ გადააჭარბა კრიტიკულ ზღვარს – მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს. საქართველოს არ გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ მოემსახუროს საგარეო ვალებს; ამიტომაც არის აუცილებელი კრედიტორებთან მოლაპარაკებები, რომ მოხდეს ამ ვალების რესტრუქტურიზაცია. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა.

 

ცალკე თემაა, თავად ე.წ. ევრობონდები, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხელისუფლებამ 500 მილიონი დოლარის სესხი აიღო. თავდაპირველად იყო საუბარი, რომ ეს თანხა უნდა მოხმარებოდა გაზსაცავის აშენებას, შემდეგ ეს მიდგომა შეიცვალა და მომავლის ინვესტიციების წყარო უნდა გამხდარიყო. საბოლოოდ, როგორ დაიხარჯა ეს თანხა უცნობია საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, ოცნების ხელისუფლებასაც ბევრი არაფერი გაუკეთებია ამ სერიოზული დანაშაულის გამოსაძიებლად.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩემი მოლოდინები მაინცა და მაინც ოპტიმისტური არ არის. ქვეყანა დგას სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე, რომლის თავიდან აცილებისთვის სერიოზული და მიზანმიმართული მუშაობაა საჭირო. დღევანდელი სიტუაცია, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა“, – განმარტა თემურ ბასილიამ.

commersant.ge

Share