Home » საზოგადოება » საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანა, სავარაუდოდ, მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდება
საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანა, სავარაუდოდ, მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდება

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანა, სავარაუდოდ, მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდება

ნარჩენების ღამის საათებში გატანა ვაკის გარდა სხვა რაიონებშიც მოხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განუცხადა, ნარჩენების ღამის საათებში გატანის საპილოტე პროგრამამ, რომელიც ვაკის მასშტაბით ხორციელდებოდა, გაამართლა.

„ის, რისთვისაც გაკეთდა ღამის დასუფთავების პროექტი, იყო ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთი ის, რომ საცობი აგვეცილებინა თავიდან აღნიშნულ ლოკაციაზე და მეორე – დაგვეზოგა კომპანიის ხარჯები. ინიციატივამ ორივე მიმართულებით გაამართლა. ჩვენ ლოკაციებზე ერთხელ მივდივართ და ისიც ღამის საათებში.

სხვა რაიონებშიც იგეგმება ნარჩენების გატანა ღამის საათებში. აქტიურად ვმუშაობთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების საპილოტე პროგრამის მთელი ქალაქის მასშტაბით ამოქმედებაზე, თუმცა ახლა ვგეგმავთ, თუ როგორ მოხდება ეს. ის ნაკლოვანებები, რაც ვნახეთ ვაკის რაიონში, გამოსწორდება“, – განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

მისივე განმარტებით, პროექტის ეფექტურად განსახორციელებლად დამატებითი ნაგავმზიდები ესაჭიროებათ, რის შეძენასაც „თბილსერვისი“ უკვე გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანის საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ პირველად ქალაქის მერმა გასული წლის დეკემბერში ისაუბრა.

პირველ ეტაპზე, აღნიშნული პროექტი ვაკის რაიონში რამდენიმე ქუჩაზე განხორციელდა.

კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საპილოტე პროექტი საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანა მოხდება.

Share