Home » ბიზნესი » საწვავის ქართული ბაზარი რუსეთმა თანდათან ხელში ჩაიგდო
საწვავის ქართული ბაზარი რუსეთმა თანდათან ხელში ჩაიგდო

საწვავის ქართული ბაზარი რუსეთმა თანდათან ხელში ჩაიგდო

რუსეთი ნავთობპროდუოტების ბაზარზე მთავარი მოთამაშე გახდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მეზობელი ქვეყანა სტრატეგიული პროდუქტის მოწოდებას მთლიანად აკონტროლებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ხორბალზე ისედაც რუსეთზე ვართ ჩამოკიდებული, ახლა იგივე საწვავზე მეორდება. მტრულად განწყობილი სახელმწიფოს იმედად დარჩენა ქვეყანას დიდ საფრთხეს უქადის, რაც 2008 წლის მოვლენების დროსაც გამოჩნდა. თუკი აქამდე აზერბაიჯანული და თურქმენული საწვავის იმპორტი მეტ-ნაკლებად აქტიური იყო, მათი წილი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა.

საუბარი მიდის, რომ 2019 წლიდან საქართველოში დიზელის საწვავზე ერთბაშად „ევრო-5″-ის სტანდარტი დაწესდეს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში შეწყდება შედარებით იაფი აზერბაიჯანული და თურქმენული საწვავის შემოტანა და ამ ნიშას მთლიანად რუსეთი აითვისებს. მართალია, ბულგარეთიდან მაღალი ხარისხის საწვავის იმპორტი ხდება, მაგრამ ისიც რუსული კომპანია „ლუკოილის” მეშვეობით შემოდის, თანაც, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ევროპული საწვავი, მაღალი ფასის გამო, რუსულს კონკურენციას ვერ გაუწევს და საქართველო შეიძლება ოკუპანტი ქვეყნის მოწოდების ამარა აღმოჩნდეს.

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყნააში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მომწოდებელი სწორედ რუსეთი იყო, საიდანაც წელს 127 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 29,5%) საწვავი შემოვიდა. რუმინეთიდან იმპორტმა – 109

ათასი ტონა (25,4%), ხოლო თურქმენეთიდან 70,7 ათასი ტონა (16,4%) შეადგინა. გასათვლაისწინებელია, რომ აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან მხოლოდ დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება.

სპეციალისტები რუსეთიდან იმპორტის გააქტიურების მიზეზად საწვავის შედარებით დაბალ ფასს მიიჩნევენ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ რუსეთიდან საწვავის იმპორტის ზრდა ბუნებრივი პროცესია, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის ნამდვილი რისკია.

„დღესდღეობით რუსული საწვავის წილი იმპორტში მაღალია, რაც მის ფასსა და ხარისხზეა დამოკიდებული. ცხადია, ე სარის ბუნებრივი პროცესი, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ხელოვნურ ჩარევასთან გვაქვს საქმე. სხვა საკითხია ის, რომ თანდათან რუსეთის ბაზარზე ვხდებით ჩამოკიდებული, რაც ეკონომიკას სიკეთეს ნამდვილად არ მოუტანს. ზოგადად, არც ერთ საიმპორტო თუნდაც საექსპორტო ბაზარზე დამოკიდებულება ეკონომიკისთვის სახარბიელო არ არის, რადგან შეიცავს ძალიან ბევრ საფრთხეს, რის წინაშეც არაერთხელ აღმოვჩნდით.

გვახსოვს, ძალიან მტკივნეული იყო, როცა რუსეთმა აგრარულ საქონელზე ემბარგო დაგვიწესა. იმხანად ჩვენი ექსპორტის 90% რუსეთზე მოდიოდა და საქართველოს ეკონომიკა რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა, არ დაგვვიწყებია. ნებისმიერი ბაზრის დივერსიფიცირება კარგია, ეკონომიკას ეს გაძლიერებასა და მეტ სიჯანსაღეს მატებს.

რუსეთიდან იმპორტის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საწვავის ფასი და ხარისხია. მათი საწვავი იაფია, თანაც, ვიცით, რომ რუსეთმა და `ოპეკმა~ მიაღწიეს შეთანხმებას წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით, რაც ფასის უფრო შემცირებას გამოიწვევს, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ საქართველო რუსულ საწვავზე გახდეს დამოკიდებული. თავისუფალი ბაზარია და ამ პროცესს შეზღუდვას ვერ დავუწესებთ, თუმცა ერთ ბაზარზე ჩამოკიდება ეკონომიკისთვის ნამდვილად რისკია”, – განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს” ბაირახტარმა.

რაც შეეხება სტანდარტს, საქართველოში დღეს რეალიზაციაშია „ევრო 5″-ის შესაბამისი სტანდარტის ბენზინი, რაც შეეხება დიზელის საწვავს, ის ევროპიდანაა იმპორტირებული – „ევრო 5″-ის, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან იმპორტირებული კი „ევრო 4″-ის შესაბამისი სტანდარტისაა.
დღესდღეობით ნორმალური ხარისხის საწვავი შემოდის, კომპანიები თავს იწონებენ ამით, მაგრამ შესაძლებელია, „ევრო 5″-ის დაწესებამ გამოავლინოს კომპანიები, რომელთაც შეცდომაში შეჰყავთ მომხმარებელი და სინამდვილეში არც ისე კარგი ტიპის საწვავს ყიდიან. ახლა ბაზრების ათვისებაზეც იყო საუბარი, მაგრამ, დაბალი ხარისხის გამო, არსებითი ცვლილება ამ მიმართულებით არ გვქონია. გამოდის, რომ საბოლოოდ მაინც რუსეთის საწვავზე ვხდებით დამოკიდებული.

ხელოვნურად ვერ შევქმნით ბარიერს, მაგრამ დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. ჩვენი ქვეყნისთვის Aაზერბაიჯანი ერთ-ერთი სტრატეგიული სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია, რომელიც ამავე დროს არის ენერგორესურსებისა და მათ შორის ნავთობპროდუქტების ტრადიციული მომწოდებელი. ამან განაპირობა, რომ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც, საწვავის დეფიციტი არ შეგვქმნია ქვეყანაში. კარგი იქნება, თუ სამომავლოდ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ”, – ამბობს ბაირახტარი.

სპეციალისტები რუსეთიდან იმპორტის გააქტიურების მიზეზად ტრანსპორტირების შედარებით დაბალ ფასს მიიჩნევენ. ეკონომიკური თვალსაზრისით, ისინი საფრთხეს ვერ ხედავენ, თუმცა მიუთითებენ, რომ სასურველია, ალტერნატიული ბაზრების შესაძლებლობა გაიზარდოს.

ანალიტიკოსი ბექა კემულარია აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველა ბაზარი, რომელიც ხარისხიანი პროდუქტის იმპორტის შესაძლებობას იძლევა. რუსეთი საინტერესოა ამ მხრივ, რომ საწვავი შედარებით იაფი ღირს, ტრანსპორტირება ნაკლები ჯდება და ხარისხითაც მისაღებია.

„როგორც წესი, ბიზნესი თავისით პოულობს იაფ საქონელს. პროდუქციისადმი ინტერესს განაპირობებს ფასი და ხარისხი. ჩვენთვის ერთიც და მეორეც მისაღებია, როცა საწვავი რუსეთიდან შემოგვაქვს. მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკისთვისაც იქნება მნიშვნელოვანი, თუკი ალტერნატიული ბაზრის გამოყენების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.

საწვავი ისეთი პროდუქტია, რომლის იმპორტისთვის ქვეყნის პოლიტიკურ განწყობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უამრავი ალტერნატივა არსებობს და იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. იმპორტიორების გადასაწყვეტია, საიდან შემოიტანენ საწვავს, სახელმწიფო ამას ვერ მიუთითებს. სიმართლე გითხრათ, დიდ რისკს ნამდვილად ვერ ვხედავ, ეს არ არის მილსადენი, რომ გადაკეტვის ან თუნდაც აფეთქების საფრთხე დაგვემუქროს.

ჩემთვის სავსებით მისაღებია ის ფაქტორი, რომ ხარისხის პრობლემა მოგვარდა. საკმაოდ მკაცრი კონტროლია ამ მიმართულებით და არც უკმაყოფილო მომხმარებელი გვინახავს. სასურველია, ახალი ალტერნატიული ბაზრების მოძიება და გამოყენებაც შევძლოთ”, – ამბობს ანალიტიკოსი.

 

მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი”

Share