Home » ფინანსები » სავალუტო რეზერვების ხარჯვის არასწორმა პოლიტიკამ ლარი შეიწირა
სავალუტო რეზერვების ხარჯვის არასწორმა პოლიტიკამ ლარი შეიწირა

სავალუტო რეზერვების ხარჯვის არასწორმა პოლიტიკამ ლარი შეიწირა

რატომ არ დახარჯა ეროვნულმა ბანკმა რეზერვები

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 2,450 მილიარდი დოლარია. ანუ 461 მილიონი დოლარით აჭარბებს ექსპორტის სამმაგ მოცულობას. ამიტომ ეკონომისტები დღემდე აკრიტიკებენ ეროვნული ბანკს, რომ მან რეზერვები სათანადოდ არ გამოიყენა და ეროვნული ვალუტის 35%-იანი გაუფასურება დაუშვა. მთავრობასა და ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ლარის დევალვაცია ძირითადად საგარეო შოკებით იყო გამოწვეული, ხოლო რეზერვების დანიშნულება, სწორედ, ამ შოკების მოხსნაა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების 2,450 მილიარდი დოლარია. აქედან 2,247 მილიარდი დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებია, 201 მილიონი დოლარი სესხი, ეროვნულ ბანკს რეზერვები ოქროში არ გააჩნია. განსაზღვრულია, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სავალუტო რეზერვები მინიმუმ ექსპორტის სამმაგი ოდენობის უნდა იყოს. 2015 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით ექსპორტი 563,2 მილიონი დოლარია, ანუ მისი სამმაგი ოდენობა 1,689 მილიარდ დოლარს აღწევს. შესაბამისად, თუკი ეროვნული ბანკი კურსის სტაბილურობისთვის მეტ რეზერვს დახარჯავდა ამით ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდებოდა.

ქვეყნის სავალუტო რეზერვები, უპირველეს ყოვლისა, სწორედ საგადასახდელო ბალანსის შესაძლო გარღვევის დასაფინანსებლადაა განკუთვნილი. ეს საფრთხე კი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ქვეყანაში შემოსული უცხოური ვალუტის ოდენობა გასულზე ნაკლებია. როგორც ღარიბი ქვეყანა საქართველო, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ფორმირებისთვის ფინანსურ დახმარებას, კრედიტების სახით, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან იღებს. ამ რეზერვების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერა. სსფ-ს ამ სახის დახმარება გაწერილია შესაბამის პროგრამაში, რომელიც მიიღეს მსოფლიო კრიზისისთანავე დიდი ოცეულის ქვეყნებმა.

ეკონომისტი გოჩა თუთბერიძე აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაცია ფუნდამენტური პრობლემებით არ იყო გამოწვეული, ამ პროცესში უდიდესი როლი შეასრულა საგარეო და ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა. მისი აზრით, სწორედ ამიტომ უნდა აემოქმედებინა ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები, რათა ეს შოკი მოხსნილიყო და ლარის მკვეთრი ვარდნა შეჩერებულიყო.

“რეზერვების დანიშნულება სწორედ ამ შოკების მოხსნაა. ჩემი გადმოსახედიდან ეროვნულმა ბანკმა, რატომღაც, რეზერვები მოკლევადიანი შოკების გასანეიტრალებლად და სავალუტო კურსის დასასტაბილურებლად არ გამოიყენა. რეზერვები შეიძლება შემცირდეს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ივსება, ასეთი რამ ეკონომიკას ახასიათებს. თუკი ფუნდამენტური პრობლემები იქნებოდა, ამ შემთხვევაში რეზერვების ხარჯვას აზრი არ ექნებოდა. ამიტომ, ეროვნულ ბანკს შეეძლო უფრო გონივრული და თამამი პოლიტიკა ეწარმოებინა”, – ამბობს გოჩა თუთბერიძე და დასძენს, რომ დღეს, სავალუტო კურსი ავტომატურად დასტაბილურდა, ვინაიდან საგარეო წნეხი ნელ-ნელა მცირდება.

საბანკო სპეციალისტი ლია ელიავა ასევე აღნიშნავს, რომ რეზერვების შემცირება სახიფათო არ არის თუ ის ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებას ემსახურება. “სწორედ ეს არის მისი დანიშნულება, რომ საგარეო ზეწოლის დროს ეკონომიკა გადაარჩინოს ნგრევას. რეზერვების შევსების შესაძლებლობა ეროვნულ ბანკს ყოველთვის აქვს. იმისდა მიხედვით თუ რა მდგომარეობაა კომერციული ბანკების სავალუტო ბაზარზე.  ბოლოს და ბოლოს შეუძლია ისესხოს თანხა სავალუტო ფონდიდან, ეს სესხები არის ხანგრძლივი მინიმალური საპროცენტო განაკვეთით. სამწუხაროდ, უკანასკნელი სავალუტო კრიზისის დროს რეზერვებმა არ იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ეკონომიკა დაეცვა სავალუტო კურსის ვარდნის შოკისგან”, – აცხადებს ლია ელიავა და ვარაუდობს, რომ სებ-მა რეზერვები ვერ გამოიყენა, ვინაიდან ეს თანხა დიდი ალბათობით განთავსებულია უცხოურ აქტივებში, კერძო ფონდებსა და ბანკებში.

“ვინ არიან ეს კერძო ფონდები და ბანკები ცალკე კვლევის საგანია. ყოველ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს თავის წლიურ ანგარიშებში უწერია, რომ სავალუტო რეზერვების უცხოურ საფინანსო ორგანიზაციებში განთავსების ერთადერთი მიზეზი მათი თანამშრომლების სწავლებაა, თუ როგორ უნდა მართონ რეზერვები. გამოდის, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომლების სწავლებას გადაჰყვა მთელი ქვეყნის ეკონომიკა”, – აცხადებს ელიავა.

10 წლის წინ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 408 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა. 2006 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო აგრესიული საპრივატიზაციო პოლიტიკა – “ყველაფერი იყიდება ნამუსის გარდა”, რამაც რეზერვების გაზრდას ხელი შეუწყო. 2008 წლის სექტემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცდა 18-თვიანი ეკონომიკური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მხარდაჭერასა და მთლიანი საერთაშორისო რეზერვების გაზრდას. გამოიყო 748,3 მილიონი დოლარის დახმარება, 2009 წლის ბოლოს რეზერვებმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

2010 ივლისში საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს დამატებითი თანხის გამოყოფა სთხოვა, 2010-11 წლებში საგადამხდელო ბალანსის მოსალოდნელი დეფიციტის დასაფინანსებლად.  ფონდმა, ამ შემთხვევაში, 270 მილიონი დოლარი გამოყო. ამ ფინანსური დახმარებების მეშვეობით, სავალუტო რეზერვები მყისიერად გაიზარდა. საგარეო ვალების ზრდის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან დოლარის მასის ამოღება დაიწყო და 2013 წლის ბოლოსკენ რეზერვების მოცულობამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, თუმცა, 2 თვეში ამ ნიშნულს ისევ ჩამოცდა.

რაც შეეხება რეზერვების გამოყენების პრაქტიკას, აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონებს თითქმის ყოველკვირა მართავდა და დოლარს ყიდდა, შედარებით მცირე მოცულობებით, მაგრამ ეს ოპერაციების ლარის გამყარების შესანარჩუნებლად საკმარისი იყო. მთლიანობაში სებ-მა 2009 წელს 53 აუქციონი ჩაატარა და 215 მილიონი დოლარი გაყიდა.  ასევე აქტიურად გაგრძელდა ინტერვენციები 2010 წელსაც და 330 მილიონი დოლარი გაიყიდა. 2011 წელს 2013 წლის ნოემბრამდე კი სიტუაცია შეიცვალა და სებ-ი ძირითადად დოლარს ყიდულობდა, შესაბამისად რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

2013 წლის ნოემბრიდან ეროვნულმა ვალუტამ მცირედით გაუფასურება დაიწყო, იმ წელს სებ-მა მიმოქცევიდან 545 მილიონი დოლარი ამოიღო და უკან 240 მილიონი დოლარი დააბრუნა. საფინანსო ბაზრიდან დოლარის ამოღება გაგრძელდა 2014 წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურება უკვე თვალშისაცემი ხდებოდა. პარალელურად სებ-მა დრო და დრო დოლარის მსხვილი მოცულობების გაყიდვაც დაიწყო – 40-40 მილიონი დოლარი. მთლიანობაში სებ-მა მიმოქცევიდან ჯერ 200 მილიონი დოლარი ამოიღო, შემდეგ 300 მილიონი დოლარი გაყიდა. 2015 წელს ლარის სწრაფი დევალვაცია დაიწყო, სებ-ი ისევ წინა წლის პოლიტიკას მიმართავდა და 40 მილიონიან ინტერვენციებს ლარის გაუფასურების პიკზე ახორციელებდა. ამისთვის საბანკო სპეციალისტები, სებ-ის მენეჯმენტს ხშირად აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, მცირედი და დროული ინტერვენციები გაცილებით უკეთეს შედეგს გამოიღებდა, ვიდრე 40 მილიონი დოლარის გაყიდვა ვალუტის გაუფასურების პიკზე.

თუმცა, 22 სექტემბერს, როდესაც ლარის დევალვაციის მასშტაბები რეკორდულ მაჩვენებელს 2,47-2,48 მიუახლოვდა სებ-მა აუქციონზე კვლავინდებურად 40 მილიონი დოლარი გაიტანა, ბანკებმა კი მხოლოდ 26 მილიონი იყიდეს. აღმოჩნდა, რომ ბაზარს ამ რაოდენობის დოლარი აღარ სჭირდებოდა. ოქტომბერ-ნოემბერში 20-20 მილიონი დოლარის ინტერვენცია ისევ განხორციელდა და საბოლოო ჯამში წლის განმავლობაში სებ-მა 266 მილიონი დოლარი გაიყიდა. აქედან გამომდინარე,

შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციას საერთაშაორისო სავალუტო რეზერვებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. შედეგი კი არის ის, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 35%-ით გაუფასურდა და დევალვაციის ამ მასშტაბებით საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა.

Share