Home » საზოგადოება » სავალუტო ფონდი: მთავრობას ვურჩიეთ, “საპარტნიორო ფონდის” არსებობის საჭიროებას გადახედოს

სავალუტო ფონდი: მთავრობას ვურჩიეთ, “საპარტნიორო ფონდის” არსებობის საჭიროებას გადახედოს

“საერთაშორისო სავალუტო ფონდი” (IMF) საქართველოს მთავრობას ურჩევს “საპარტნიორო ფონდის” არსებობის საჭიროებას გადახედოს. “საპარტნიორო ფონდის” ფუნქციონირება უკვე 3 წელია ნაწილობრივ შეზღუდულია. მიზეზი ამ შემთხვევაშიც სავალუტო ფონდის რეკომენდაცია გახდა. IMF-ი წლებია მიუთითებს, რომ “საპარტნიორო ფონდი” ვერ პასუხობს კომერციულ მიზნებს და ბიუჯეტისთვის ფისკალურ რისკს წარმოადგენს.

“ჩვენი რეკომენდაცია “საპარტნიორო ფონდის” ფუნქციონირების შეზღუდვაზე არ შეცვლილა. მივესალმებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯსაც. “საპარტნიორო ფონდი” ვერ პასუხობდა კომერციულ მიზნებს. ის შესაძლოა გახდეს დამატებითი ფისკალური რისკი სახელმწიფოსთვის. ამ პრობლემების გათვალისწინებით, ჩვენ ვურჩიეთ ხელისუფლებას გადახედოს “საპარტნიორო ფონდის” არსებობის საჭიროებას”,- ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელი ჯეიმს ჯონსი „ბიზნეს ფორმულასთან“ ინტერვიუში.

“საპარტნიორო ფონდი” სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფონდია, რომლის მფლობელობაშიც შედის ისეთი სახელმწიფო საწარმოები, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია. ფონდი წლების განმავლობაში წამგებიანი იყო, რისი მიზეზიც შვილობილი კომპანიების ასეულობით მილიონი ლარის ზარალი გახდა.

მთავრობა უკვე წლებია განიხილავს “საპარტნიორო ფონდის” მანდატის ცვლილებას, თუმცა პროცესი დროში ჭიანურდება და უკვე წლებია უფლებაშეზღუდული ფონდი სახელმწიფოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერების დამსაქმებლად რჩება. მხოლოდ ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის ანაზღაურება თვეში 17 000 ლარს შეადგენს.

ამასთან, IMF საქართველოს მთავრობას საგადასახადო შეღავათების გადახედვისკენ მოუწოდებს.

Businessformula.ge

Share