Home » ფინანსები » საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე იზრდება – მთავრობას აქციზის გადასახადის დაწევისკენ მოუწოდებენ

საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე იზრდება – მთავრობას აქციზის გადასახადის დაწევისკენ მოუწოდებენ

ბოლო პერიოდში საქართველოს საწვავის ბაზარზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. დღეისათვის ნავთობის ფასებმა უკვე პანდემიამდელ ნიშნულებს გადააჭარბა. კერძოდ, გასული წლის იანვრის თვეში ლონდონის სანავთობო ბირჟაზე საშუალო ფასი შეადგენდა 64 დოლარს ბარელზე, როდესაც დღეისათვის იგი 68,88 დოლარს ბარელზე შეადგენს. შედეგად, საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 60 თეთრით გაძვირდა და პანდემიისგან გამოწვეული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ფონი კიდევ უფრო მეტად დაამძიმა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასებთან მიმართებაში. მათივე თქმით, გასული წლის ზაფხულის დასაწყისიდან, ანუ მას შემდგომ, რაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოიხსნა საყოველთაო შეზღუდვები, თანდათანობით დაიწყო საჰაერო, სახმელეთო, სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა და სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა, შესაბამისად, დაიწყო ნავთობზე ფასების მატება.

“გასული წლის ზაფხულის დასაწყისიდან, ანუ მას შემდგომ, რაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოიხსნა საყოველთაო შეზღუდვები, თანდათანობით დაიწყო საჰაერო, სახმელეთო, სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა და ასევე სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა, იწყება ნავთობზე ფასების მატება. ამას თან დაერთო ასევე „ოპეკი +“-ის მიერ მიღებული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით (მაისის თვიდან 9,7 მილიონი ბარელით დღე/ღამეში). განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით. შედეგად, თანდათანობით ძველ ნიშნულებს დაუბრუნდა ნავთობზე მოთხოვნა.

აღნიშულის დასტურია ამ დღეებში „ოპეკი +“-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი 2021 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნავარაუდევია, რომ მოთხოვნის ზრდა მიაღწევს 5,9 მლნ ბარელს დღე/ღამეში ანუ იგი გაიზრდება 96,3 მილიონ ბარელამდე. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ობიექტური რეალობა, რომ დღეისათვის ნავთობის ფასებმა უკვე პანდემიამდელ ნიშნულებს გადააჭარბა. კერძოდ, გასული წლის იანვრის თვეში ლონდონის (Inter Continental Exchange Futures Europe) სანავთობო ბირჟაზე საშუალო ფასი შეადგენდა 64 დოლარს/ბარელზე, როდესაც დღეისათვის იგი 68,88 დოლარს/ბარელზე შეადგენს,” – განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მათივე განმარტებით, ლარის არასტაბილური კურსი კიდევ ერთი ფაქტორია, რაც შიდა ბაზარზე საწვავის გაძვირებას ასტიმულირებს, რადგან მათივე მტკიცებით, საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის გაცვლითი კურსის დინამიკა აშშ დოლართან მიმართებაში, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საცალო ქსელში საწვავის ფასების ფორმირება.

სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის თავმჯდომარეს, ვასო ურუშაძე საწვავის ფასის შემცირების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებში გარდა ეროვნული ვალუტის სტაბილურობა-გამყარებისა, საწვავზე სააქციზო გადასახადის გადახედვის საჭიროებასაც ხედავს.

მისი თქმით, სააქციზო გადასახადი მინიმუმ გარკვეული საშეღავათო პერიოდით მაინც უნდა განახევრდეს.

„მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ეროვნული ვალუტის გამყარებისკენ. ხელისუფლება უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ მოიზიდოს მსხვილი უცხოური ინვესტიციები, რაც გამოიწვევს ეროვნული ვალუტის გამყარებას – ეს არის უფრო გრძელვადიანი ამოცანა, რომლითაც ყოველდღიურად უნდა იყოს დაკავებული საქართველოს მთავრობა.

მეორე, ესაა სააქციზო გადასახადი, რომელიც მინიმუმ გარკვეული საშეღავათო პერიოდით მაინც უნდა განახევრდეს. ეს შეიძლება იყოს 1 ან 2 წელი.

ზოგადად, აქციზის გადასახადი არის ძალიან მაღალი და ის მინიმუმ ნახევარი უნდა იყოს, თუმცა თუ ამაზე არ მიდის ხელისუფლება, საბიუჯეტო ვალდებულებებიდან გამომდინარე, მინიმუმ ეკონომიკური კრიზისს პერიოდში მაინც, უნდა განახევრდეს, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს თითოეულ მომხმარებელსა და იმ კომპანიებს, რომლებიც ნავთობპროდუქტების სატრანსპორტო გადაზიდვითა და დისტრიბუციით არიან დაკავებულნი“, – აღნიშნავს ვასო ურუშაძე.

საწვავის ფასის შემცირების კუთხით გამოსავლად აქციზის გადასახადის გაუქმებას ხედავს ეკონომისტი ოთარ აბესაძე.

„საწვავზე ფასის ზრდა ავტომატურად აისახება სურსათის და სხვა ბევრი ტიპის საქონლის თუ მომსახურების ფასზე. პანდემიამ და ინფლაციამ საკმაოდ დააზარალა ქვეყნის ეკონომიკა. საშუალოდ თუ 2019 წელს ადამიანს ჭირდებოდა თვეში 1000 ლარი, დღეს ზუსტად იგივე საქონლისა და მომსახურებისთვის ჭირდება 1340 ლარი. გაზრდილია უმუშევრობამ ყოველივეს ფონზე გადაუდებლად აუცილებელია მთავრობამ “შემოიჭიროს ქამრები”, უარი თქვას სხვა ტიპის ხარჯებზე (ადმინისტრაციული და ა.შ.) გადაეწყოს ე.წ. „მცირე მთავრობის“ კონცეფციაზე და მოახდინოს გადასახადების ლიბერალიზაცია! გაუქმდეს აქციზის გადასახადი საქართველოში! ბიუჯეტში შესული თანხა ეს არის ჩვენი ფული, ჩვენი შრომით გამომუშავებული და უნდა მოვითხოვოთ ამ თანხის ნაწილის (აქციზის გადასახადის სახით) დარჩენა ისევ ჩვენში, საზოგადოებაში”,- წერს აბესაძე.

გადაიხედება თუ არა საწვავზე აქციზზე გადასახადი ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე კონკრეტული განცხადებები არ გაკეთებულა. თუმცა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საწვავის გაძვირება პირდაპირ არ აისახოს ბაზარზე.

როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განმარტა, ამ ბაზარზე დიდი კონკურენციაა, რაც გარანტიაა იმისა, რომ ფასები ძალიან სწრაფად არ გაიზრდება.

„ბენზინის ფასები დიდად არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასებზე. ბოლოს რასაც ვუყურებთ, სამწუხაროდ, არის ზრდის ტენდენცია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პირდაპირ არ აისახოს ამ ბაზარზე. საკმაოდ დიდი კონკურენცია არსებობს ამ ბაზარზე, რაც თავისთავად გარანტიაა, რომ ფასები ძალიან სწრაფად ნამდვილად არ გაიზრდება, რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თურნავამ.

სანდრო პირველი

Share