Home » საზოგადოება » სატერმინალო მომსახურების კომპანიები „კორპორაცია ფოთის პორტის“ წინააღმდეგ გამოდიან

სატერმინალო მომსახურების კომპანიები „კორპორაცია ფოთის პორტის“ წინააღმდეგ გამოდიან

ფოთში, სატერმინალო და ლოჯისტიკური მომსახურების კომპანიების თანამშრომლებმა „კორპორაცია ფოთის პორტის“ წინააღმდეგ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

სატერმინალო და ლოჯისტიკური  მომსახურების ყველა კომპანიის წარმომადგენლები  „ფოთის პორტის“ იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის საფუძველზეც უკვე 1 ივლისიდან ძალში შევა პორტის მიერ დაწესებული კონტეინერების საპორტო და სატერმინალო მომსახურების ინტეგრირებული ტარიფები.

ამ გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ საკონტეინერო ხაზები და ტვირთის მფლობელები იძულებულნი იქნებიან კონტეინერები მხოლოდ ბუნებრივი  მონოპოლისტის, „ფოთის პორტის“ კუთვნილ სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალში დაამუშაონ. შედეგად, იმავე საქმიანობით დაკავებული ყველა სხვა საკონტეინერო ტერმინალი, სადაც ჯამში 5000 –მდე  ადამიანია დასაქმებული, ფაქტობრივად გაჩერდება.

აქციაზე შეკრებილი 2000-ზე მეტი ადამიანი, მოითხოვს საკითხის შესწავლას კონკურენციის სააგენტოს მიერ. გადაწყვეტილების მიღებამდე კი კონკურენციის სააგენტოსგან მოითხოვენ მიმართოს სასამართლოს აღნიშნული ცვლილებების ძალში შესვლის შეჩერებისთვის, მისი, ან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც თავის მხრივ არავითარ ზიანს არ მიაყენებს „კორპორაცია ფოთის პორტს“. აქციას შეუერთდა ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია და გაერთიანებული პროფკავშირების ფოთის წარმომადგენლობა.

როგორც აქციის მონაწილე,  სატერმინალო მომსახურების კომპანია „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთის“  წარმომადგენელი დავით ზამთარაძე   აცხადებს,  უკვე რამდენიმე წელია, რაც ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან: „2011 წლიდან მოყოლებული, ჯერ იყო, ნაციონალების მთავრობამ ექსკლუზიური უფლებამისცა ფოთის პორტს, რომ მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების სატერმინალოდამუშავება მოხდებოდა მხოლოდ პორტის მიერ დაფუძნებულ   ტერმინალში. ამის გამო დაახლოებით 700 ადამიანმა დაკარგა სამუშაო, ხოლო ტერმინალებმა სოლიდური შემოსავლები. ეს ექსკლუზივი მხოლოდ ერთ კომპანიას მისცეს, ისიც ზეპირი შეთანხმებით და ეს მაშინ, როცა ფოთში 15 ტერმინალია. პორტი ისედაც ბუნებრივი მონოპოლისტია, ამიტომ ის თავის უპირატეს მდგომარეობას ბოროტად იყენებს და ახლა უკვე სურს სატერმინალო მომსახურებაც მიაბას თავის ძირითად დანიშნულებას, ანუ საპორტო მომსახურებას. ამით ახალი, ხელოვნური მონოპოლია შეიქმნება სატერმინალო მომსახურების სფეროში და ნახევარი ფოთი, 5000–მდე ადამიანი, უმუშევრად დარჩება. ეს არც თავისუფალი კონკურენციაა და არც სამართლიანობა. ჩვენ ყველა მშვიდობიან ფორმას მივმართავთ, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები და უბრალოდ ვიმუშავოთ თანაბარ პირობებში.

ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ეტაპზე იზიარებს ჩვენს მოთხოვნებს, არის ჩვენთან კომუნიკაციაში და ცდილობს საკითხის მოგვარებას, – ბიზნეს ომბუცმენი გიორგი გვახარიაა და მადლობას ვუხდით მას ამისთვის, თუმცა, ჩვენ მცდელობები უკვე აღარ გვშველის, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები, რომ შემდგომში მაინც „ფოთის პორტმა“ ვეღარ გაბედოს უკანონო და კონკურენციის პირობების უგულებელმყოფელი გადაწყვეტილებების მიღება“, – აცხადებს დავით ზამთარაძე.

კომპანია „ისთ გეითს ჯგუფის“ გენერალური დირექტორი კოტე მესხი ამბობს, რომ თუ გამაფრთხილებელი აქცია შედეგს არ გამოიღებს, პროცესებმა, შესაძლოა, უმართავი ფორმები მიიღოს, რამდენადაც ეს ათასობით ადამიანი სამართლიანად გრძნობს თავს დაჩაგრულად. „ჩვენი უფლებების დასაცავად გამოვდივართ მშვიდობიანი ფორმებით და მივმართავთ სამართლებრივ გზებს. მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამუშავების უფლების მხოლოდ ერთი ტერმინალისთვის მიცემის  გამო წელიწადზე მეტი ხნის წინ საჩივრით მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, მათ სწორი დასკვნა გამოიტანეს და ფინანსთა სამინისტროს მიმართეს, რომ გამოესწორებინა მდგომარეობა – შედეგი არავითარი. მოვიგეთ ორი ინსტანციის სასამართლო. 6 თვე გავიდა რაც სააპელაციო სასამართლოც მოვიგეთ, მაგრამ ჩვენს წარმომადგენლებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ ჩაბარებიათ. – არავითარი კონკრეტული შედეგი.

ახლა უკვე „კორპორაცია ფოთის პორტი“ თავისი გადაწყვეტილებით, აიძულებს საზღვაო ხაზებს, ანუ ტვირთის მფლობელებს, თავიანთი ტვირთი მხოლოდ „ფოთის პორტის“ კუთვნილ სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალში დაამუშაონ.

ფოთის პორტი, ნაცვლად იმისა, რომ გააუმჯობესოს საპორტო სერვისები და ამით გაზარდოს საკუთარი ბიზნესის რენტაბელობა, ხელის გადაგრეხვის მეთოდებზე გადავიდა, უნდა რომ გააფართოვოს ბიზნესი არა საპორტო, არამედ სახმელეთო საკონტეინერო მომსახურების მიმართულებით, ბოროტად სარგებლობს თავისი მონოპოლიური მდგომარეობით და უკვე ინტეგრირებული ტარიფებით აიძულებს ტვირთის მფლობელებს, რომ, მხოლოდ მის ტერმინალში დაამუშაონ ტვირთები, – აცხადებს მესხი.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ 27 ივნისამდე ვერ გამოიძებნება გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, ფოთში მომუშავე საკონტეინერო და ლოგისტიკური კომპანიები იძულებულები გახდებიან,  ყოველგვარი გამაფრთხილებელი აქციების გარეშე, უკიდურეს ზომებს მიმართონ.

გამაფრთხილებელ აქციაზე შეკრებილმა საკონტეინერო და ლოგისტიკურმა კომპანიებმა ექსპედიტორთა ასოციაციასა და პროფკავშირების ფოთის წარმომადგენლობასთან ერთად, დღეს ღია წერილით მიმართეს პრემიერ–მინისტრს, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, ბიზნეს–ომბუცმენს, კონკურენციის სააგენტოს უფროსს და ფოთის მერს. წერილში დეტალურადაა აღწერილი შექმნილი ვითარება და მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია. წერილში ასევე მკაფიოდაა ჩამოყალიბებული აქციის მონაწილეთა მოთხოვნები.

აქციაზე გავრცელებულ ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ღ ი ა   წ ე რ ი ლ ი

საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს ვიცე პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს

ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს

საქართველოს ფინანსთა მინისტრს

ბატონ ნოდარ ხადურს

ბიზნეს ომბუცმენს, ეკონომიკური საბჭოს მდივანს

ბატონ გიორგი გახარიას

სსიპ კონკურენციის სააგენტოს უფროსს

ბატონ გიორგი ბარაბაძეს

ქ. ფოთის მერს

ბატონ ირაკლი კაკულიას

ბატონებო,

ქ. ფოთში 20 წელზე მეტია ფუნქციონირებს რამდენიმე საბაჟო-საკონტეინერო ტერმინალი,რაც საშუალებას იძლევა მათ შორის არსებობდეს კონკურენცია. ეს თავისთავად აისახება მათი მომსახურების ხარისხსა და ფასებზე, ხოლო საკონტეინერო საზღვაო ხაზებს აქვთ მომსახურების მიღებისას არჩევანის საშუალება.

2016 წლის 26 მაისს, „კორპორაცია ფოთის პორტმა“ დაადგინა და დაანონსა, რომ მიმდინარე წლის 01 ივლისიდან, ზემოთ აღნიშნული კონკურენცია საკონტეინერო ტერმინალებს შორის და საზღვაო ხაზების მიერ სატერმინალო მომსახურების არჩევის უფლება აღარ გვექნება, რადგან ის საჭირო აღარ იქნება. რა არის მიზეზი, რომ „კორპორაცია ფოთის პორტი“, უფლებას  აძლევს თავის თავს შემდეგი დაადგინოს და განაცხადოს? მივყვეთ ქრონოლოგიას:

2011 წლის თებერვლიდან ფუნქციონირება დაიწყო კიდევ ერთმა, „კორპორაცია ფოთის პორტის“ ახალმა კერძო საბაჟო-საკონტეინერო ტერმინალმა(ICT, შპს “ინლენდ კონტეინერ ტერმინალ“), რომელსაც სახელმწიფოს მიერ მიენიჭა ექსკლუზიური ვერბარული უფლება საერთაშორისო საზღვაო ხაზების მიერ ჩამოტანილი მსუბუქი ავტომობილებით დატვირთულიკონტეინერების დამუშავებაზე. ამან გამოიწვია აღნიშნულ ბიზნესში მონაწილე სუბიექტების (სხვა კერძო საბაჟო საკონტეინერო ტერმინალები) არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან დაკავშირებით,2014 წლის3 დეკემბერს, შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია- ფოთი“-ს ტერმინალმა მიმართა კონკურენციის სააგენტოს. 2015 წლის 30 მარტს გამოვიდა სააგენტოს გადაწყვეტილება (ბრძანება #40), რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა შემოსავლების სამსახურის მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტები.

ფინანსთა სამინისტრომ, იმის მაგივრად, რომ სასწრაფოდ გამოესწორებინა ეს უხეში შეცდომა, გამოიყენა თავისიუფლება და გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და საქმე სავარაუდოდ გადაინაცვლებს სააპელაციო ინსტანციაში.

ასევე, 2 წლის წინ,შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია- ფოთმა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია – ფოთის“ ტერმინალში განთავსებულ კონტეინერში არსებულ მსუბუქ ავტომობილებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების თაობაზე, რაც სააპელაციო და უზენაესი სასამართლეობის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა და შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საბაჟო პროცედურები აღნიშნულ ტერმინალზე.ფინანსთა სამინისტროს ასეთმა დამოკიდებულებამ, ანუ თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვის წახალისების პოლიტიკამ, შემდეგში უფრო დიდი „ნაყოფი“ გამოიღო და 2014 წლის თებერვალში „კორპორაცია ფოთის პორტმა“ უკვე ოფიციალურად აცნობა ყველა საზღვაო ხაზს და საკონტეინერო ტერმინალს, რომ01.05.14-დან, ფოთის პორტში მიღებული უკლებლივ ყველა კონტეინერი მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული ავტოკონტეინერმზიდებით მოხვდებოდა მხოლოდ მის მიერ დაფუძნებული საკონტეინერო სახმელეთო ტერმინალში-ICT-ში. „კორპორაცია ფოთის პორტი“ სატერმინალო მომსახურების ხელოვნური მონოპოლიის ჩამოყალიბებას იმით ხსნიდა, რომ სახელმწიფოს მისთვის უნდა გადაეცა 2.5 კმ საავტომობილო გზა, რომლის რეაბილიტაციისთვის მან გაწია ინვესტიცია და ეს გზა შეაერთებდა ფოთის პორტის საბაჟო კონტროლის ზონას თავისი ტემინალის საბაჟო კონტროლის ზონასთან, რითაც სურდა დაემტკიცებინა, რომ პორტი და ტერმინალი ერთი, განუყოფელი ტერიტორიაა, უალტერნატივო საოპერაციო და ტარიფების მანიპულაციის გზით ცდილობდა კომერციული უპირატესობისმოეპოვებას სხვა ტერმინალებთან შედარებით (გამოაცხადა კომბინირებული ტარიფი, რომელიც მოიცავდა კონტეინერის საპორტო მომსახურების+კონტეინერის პორტიდან ტერმინალამდე გადაზიდვის+ტერმინალის მომსახურების ღირებულებას).

ყოველივე ამას შედეგად მოჰყვა ადექვატური მძაფრი უკმაყოფილება, საზღვაო საკონტეინერო ხაზების, საკონტეინერო ტერმინალების, სატვირთო გადამზიდავებისა და ექსპედიტორების მხრიდან, რადგან ამ „პროექტის“ განხორციელება უმუშევრად ტოვებდა დაახლოებით 5000 კაცს და აყალიბებდა საპორტო მომსახურების ბუნებრივ მონოპოლიასთან მიბმულ სატერმინალო მომსახურების ხელოვნურ მონოპოლიას, რაც თავის მხრივ პერსპექტივაში აუცილებლად მოგვცემდა კონტეინერის მომსახურების ფასების გაზრდას და დიდი ალბათობით ოპერაციების ხარისხის დაცემას. ამის ნათელი მაგალითია „კორპორაცია ფოთის პორტის“ სატარიფო პოლიტიკა 2013-2016 წლებში. მასში ნათლად ისახება, თუ როგორ იყენებს „კორპორაცია ფოთის პორტი“, როგორც საპორტო მომსახურების ბუნებრივი მონოპოლისტი, სახელმწიფოს მიერ არარეგულირებად სფეროს და ყოველგვარი ახსნა განმარტების და მიზეზების გარეშე, ზრდის მომსახურების ტარიფს(თითქმის 50%-იანი ზრდა), როდესაც უნდა და რამდენითაც უნდა.

ზემოაღნიშნულმა კომპანიებმა ღია წერილით მიმართეს ქვეყნის პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავჯდომარეს. საქმის დარეგულირებაში აქტიურად ჩაერთო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ქალაქ ფოთის მერია. შედეგად შეჩერდა სახელმწიფოს მიერ კორპორაცია ფოთის პორტისათვის აღნიშნული გზის გადაცემის საკითხი, და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „კორპორაცია ფოთის პორტი“-სა და სხვა კერძო საკონტეინერო ტერმინალების მონაწილეობით დაიწყო ამ საინვესტიციო პროექტის პირობების ჩამოყალიბების განხილვა უკვე ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად. განხილვა მიმდინარეობდა ინტენსიურად, ზუსტად ერთი წლის განმავლობაში. განხილვისას აშკარად ჩანდა პორტის მესვეურებისკონფრონტაციული დამოკიდებულება სხვა დაინტერესებული მხარეების(ტერმინალები და სახელმწიფო სტრუქტურები) მიმართ. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ტერმინალების წარმომადგენლებმა საკმაოდ ნაყოფიერად და კონსტრუქციულად იმუშავეს და 2016-ის დასაწყისში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფაქტობრივად მზად იყო შესაბამისი დოკუმენტი გასაფორმებლად.

მას შემდეგ, „კორპორაცია ფოთის პორტში“ შეიცვალა ხელმძღვანელი. მაისის თვის მეორე ნახევარში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პორტის მხარე უარს აცხადებდა ზემოაღნიშნული გზის მიღებაზე, ანუ შეთანხმებული საინვესტიციო პროექტის პირობების გაფორმებაზე. ამავე პერიოდში, კორპორაცია ფოთის პორტმა, როგორც ICT-ის(შპს „ინლენდ კონტეინერ ტერმინალი“)100% წილის მფლობელმა, შეუცვალა მას სამმართლებრივი ფორმა და ისიც გახდა „კორპორაცია ფოთის პორტი“-ს სახმელეთო ტერმინალი.

და აი, უკვე2016 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „კორპორაცია ფოთის პორტმა“ ელექტრონული წერილით(თან ერთვის)აცნობა საზღვაო ხაზებს, საკონტეინერო ტერმინალებს, გადამზიდავებს, ექსპედიტორებს დასატვირთო ლოგისტიკის ინდუსტრიის სხვა კომპანიებს, რომ მიმდინარე წლის 01 ივლისიდან საპორტო მომსახურების გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების მიზნით, (ვითომ უფრო დაჩქარდება გემის დაცლა-დატვირთვა, რომელიც თავის მხრივ ეხლაც რეგულირდება საჯარიმო სანქციებით პორტის მხრიდან დამრღვევი მხარის მიმართ, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გამოყენებულა და სხვა გამოგონილი „სიკეთეები“)აპირებს მოახდინოს პორტისა და სახმელეთო ტერმინალის „ინტეგრირება“, რაც იმაში მდგომარეობს, რომ კვლავ აპირებს ფოთის პორტში შემოსული ყველა კონტინერი გადაამისამართოს მხოლოდ თავისი ავტოკონტეინერმზიდებით, მხოლოდ მის სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალში და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცეს ის სხვა ტერმინალების მიმართულებით, თუ იქნება ასეთი მოთხოვნა. რაც შეეხება მომსახურების ტარიფებს, ის კვლავ კომბინირებული იქნება და სპეციალურად მოიცავს რამოდენიმე მომსახურების ღირებულების ჯამს, რითაც სხვა ტერმინალებს უსპობს საშუალებას პორტში მიღებული კონტეინერები დამუშავდეს სხვადასხვა კერძო ტერმინალებში მოთხოვნისა და თავისუფალი კონკურენციის პირობებში.

აღნიშნულმა მდგომარეობამ აიძულა ლოგისტიკური კომპანიების მუშა-მოსამსახურეები,სამუშაო ადგილების აშკარად დაკარგვის შიშით, პროფკავშირების ორგანიზებით დაენიშნათ გამაფრთხილებელი აქცია ქ.ფოთში 14.06.16 -ში, რადგან ასეთი პრობლემები, უკვე პერმანენტულად, თითქმის ყოველ წელს წარმოიშვება ბოლო 6 წლის განმავლობაში. პრობლემის უყურადღებოდ დატოვებისა და გადაუწყვეტელობის შემთხვევაში, მომავალშიცაპირებენ უკიდურესი პროტესტის გამოხატვას და გაფიცვის მოწყობას.

ჩვენ, კომპანიის ხელმძღვანელები, მაქსიმალურად მოწადინებულები ვართ, პრობლემაერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას სამართლებრივი გზით, და ყოველგვარი ექსცესების გარეშე, რისთვისაც უახლოეს დღეებში მივმართავთ საჩივრით სსიპ-ს კონკურენციის სააგენტოს.

მოგმართავთ თხოვნით,თანადგომა გაგვიწიოთ, რათა არ გაჩერდეს, საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი დარგი, სატვირთო ლოგისტიკის ინდუსტრია, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთერთ ძირითად საპროგრამო პრიორიტეტს, შეასრულოს მთავარი როლი ტვირთების გადაზიდვაში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და პირიქით, მსოფლიო მნიშვნელობის სატვირთო დერეფანში.

ჩვენი თხოვნაა, რომ:

  1. შეფასდეს „კორპორაცია ფოთის პორტის“ აღნიშნული ქმედება, როგორც თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვა და მისი, როგორც კონტეინერების საპორტო მომსახურების ბუნებრივი მონოპოლისტის დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მცდელობა საკონტეინერო სატერმინალო მომსახურების სფეროში.
  2. უფლება მიენიჭოს საკონტეინერო ხაზებს დამის კონტრაქტორებს, ფოთის პორტში გემიდან ჩამოტვირთული კონტეინერები შეუფერხებლად გაიტანონთავისი არჩევანის შესაბამისად საკონტეინერო ტერმინალებში და პირიქით, ამ ტერმინალებიდან პორტში შეიტანონ გემზე დასატვირთი კონტეინერები, როგორც ეს აქამდე სრულდება უპრობლემოდ 20 წლის განმავლობაში; ამისათვის, „კორპორაცია ფოთის პორტმა“ არ შეუქმნას მათ არანაირი საოპერაციო და სატარიფო შეზღუდვები.
  3. „კორპორაცია ფოთის პორტმა“, როგორც საპორტო მომსახურების ბუნებრივმა მონოპოლისტმა, აუცილებლად ცალკე გამოაცხადოს (როგორც აქამდე აცხადებდა) საპორტო მომსახურების ტარიფები.
  4. რადგან არსებული საკითხის შესწავლას კონკურენციის სააგენტოს მიერ შეიძლება დასჭირდეს უფრო მეტი დრო, ვიდრე ამ ცვლილების ძალაში შესვლის თარიღია(01.07.16), საჭიროდ ვთვლითსააგენტომ მიმართოსსასამართლოს აღნიშნული ცვლილებების ძალში შესვლის შეჩერებისთვის, მისი, ან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც თავის მხრივ არავითარ ზიანს არ მიაყენებს „კორპორაცია ფოთის პორტს“.
  5. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, დაუყონებლივ დაიწყოს თავისი ფუნქციებისაღსრულება, მსუბუქი მანქანებით დატვირთული კონტეინერების მიღება-დამუშავებისათვის სხვა საბაჟო საკონტეინერო ტერმინალებში, ისეთივე წარმატებით და შეუფერხებლად, როგორც ის ასრულებს ამ ფუნქციებს მხოლოდ ერთი, „კორპორაცია ფოთის პორტის“ მიერ დაფუძნებული, იდენტური საბაჟო-საკონტეინერო ტერმინალის მიმართ 2011 წლის თებერვლიდან დღემდე.ასევე შეასრულოსკონკურენიის სააგენტოს გადაწყვეტილება და ხელი შეუწყოს თანაბარი კონკურენციის პირობების განვითარებას ქვეყანაში, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთმა ძირითადმა რგოლმა.

პატივისცემით,

საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია;

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქ. ფოთის წარმომადგენლობა;

შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“;

შპს „ლოჯიტექსი“;

შპს „ესპერანსი“;

შპს „კაისა 2“;

შპს „კავტრექსფოთი“;

შპს „ბარვილ ჯორჯია“;

შპს „ე.ტ.ს.“;

შპს „ალმასერვისი“;

შპს „კავტრექსტერმინალი“;

შპს „არაგვი“;

შპს „აისბერგ ფოთი“;

შპს „ამერიქენ მონოლითი“;

შპს „გიანთი ლოჯისტიქსი“;

შპს „ტარნს კავკასუს ტერმინალი“;

შპს „ფოთი მაცივარი“;

შპს „მაზტრანსი“

შპს „ელ ენდ ჯი“

13410803_1272706536092005_286327692_o 13467474_1272694376093221_1925178929_o

13410791_1272676426095016_659959265_o

13410822_1272694359426556_1774739575_o

Share