Home » ეკონომიკა » სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე უცვლელი დატოვა

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე უცვლელი დატოვა

ანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე უცვლელი დატოვა.

საქართველოში მმართველობის ხარისხი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და უწყვეტი რეფორმები „Fitch“-ს აძლევს შესაძლებლობას, კვლავაც მაღალ დონეზე შეაფასოს საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოში მმართველობის ხარისხი, ბიზნესის კეთების სიმარტივე და ბიზნესგარემოს მიმზიდველობა აღემატება „BB“ კატეგორიის სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს. ასევე, „Fitch“-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება.

მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე, სარეიტინგო კომპანიის მიერ რეიტინგისა და პერსპექტივის უცვლელად დატოვება ნათლად მიანიშნებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგის ძლიერ ფაქტორებს შორისაა დონორების მიერ გამოცხადებული მნიშვნელოვანი ნდობა და მხარდაჭერა, ასევე მთავრობის მნიშვნელოვანი პროგრესი სახელმწიფო საწარმოების ფისკალური რისკების გამჭვირვალობის კუთხით.

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება გონივრულ ანტიკრიზისულ პოლიტიკას ატარებს. სახელმწიფოში გატარებული თანამიმდევრული და სანდო პოლიტიკა უზრუნველყოფს ქვეყნის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში „Fitch“-მა შეამცირა სომხეთის საკრედიტო რეიტინგი, ხოლო სლოვაკეთის, ბელარუსისა და ლატვიის შემთხვევაში, შეამცირა რეიტინგის პერსპექტივა.

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3 პროცენტით,  ხოლო 2022 წელს 5.8 პროცენტით გაიზრდება. ეკონომიკის აღდგენა და მთავრობის მიერ გაცხადებული ვალდებულება, უზრუნველყოს 2024 წლისთვის მშპ-ის 3.0%-ზე ნაკლები დეფიციტის მიღწევა, ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერიოდში ვალის დონის შემცირებას.

სარეიტინგო კომპანია ვერ ხედავს რისკებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის მიმართულებით.

სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სანდო პოლიტიკის გატარებით წარმატებით ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას.

აღსანიშნავია, რომ  საერთაშორისო სავალუტო ფონდის EFF პროგრამის ერთგულება ხელს უწყობს სტრუქტურული რეფორმების პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნებას. სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამა წარმატებით ხორციელდება, რაც ნათლად დადასტურდა პროგრამის მე-7 შეფასებითაც. ეს მიანიშნებს მთავრობის მზაობაზე, გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

Share