Home » ეკონომიკა » საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობა გაიზარდა
საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობა გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობა გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობა 16 %-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2016 წლის იანვარ-აგვისტოს წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7426 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1312 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (10 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6114 მლნ. აშშ დოლარს (23 პროცენტით მეტი).

”აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 4556 მლნ. აშშ დოლარს (4 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-აგვისტოში 4802 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1044 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1968 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 317 მლნ. აშშ დოლარი იყო (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1652 მლნ. აშშ დოლარი (5 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 24 პროცენტი და იმპორტში 27 პროცენტი (2015 წლის იანვარ-აგვისტოში შესაბამისად 31, 28 და 32 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 28 პროცენტი (2015 წლის იანვარ-აგვისტოში 33 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-აგვისტოში 1624 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 9 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 429 მლნ. აშშ დოლარი (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1195 მლნ. აშშ დოლარი იყო (3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 22 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 33 პროცენტი და იმპორტში 20 პროცენტი (2015 წლის იანვარ- აგვისტოში შესაბამისად 28, 38 და 25 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-აგვისტოში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 16 პროცენტი (2015 წლის იანვარ-აგვისტოში 19 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1305 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (1025 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (538 მლნ. აშშ დოლარი).

2016 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 205 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 112 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 103 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-აგვისტოში კვლავ სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 1730 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 28 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 1558 მლნ. აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 356 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 298 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).

Share