Home » ეკონომიკა » საქსტატი: ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში უმუშევრობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2%–ით გაიზარდა და 17% შეადგინა

საქსტატი: ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში უმუშევრობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2%–ით გაიზარდა და 17% შეადგინა

ახალი სტანდარტის დანერგვით გამოწვეული მონაცემთა გადაანგარიშების შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი – ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

„საქართველოში დღემდე მოქმედი დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ შემოთავაზებული სახელმძღვანელო, რომელიც მიღებულია 1982 წელს, შრომის სტატისტიკოსთა მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე. ხოლო ახალი სტანდარტი ILO-ს მიერ შემოთავაზებულ იქნა 2013
წელს, რომელიც ოფიციალურად ძალაში შევიდა 2018 წლის ოქტომბერში, შრომის სტატისტიკოსთა
მე-20 საერთაშორისო კონფერენციაზე.

საქართველოში ახალი სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები საქსტატის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა 2019 წლიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით.

2019-2020 წლებში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და დანიის სტატისტიკის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროკავშირის და ევროსტატის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, საქსტატის მიერ სამუშაო ძალის სტატისტიკის მეთოდოლოგიაში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები და შესრულდა მთელი რიგი აქტივობები,

კერძოდ:

შევიდა ცვლილებები სამუშაო ძალის გამოკვლევის კითხვარებში, რაც სოფლის მეურნეობაში
თვითდასაქმების მასშტაბების შეფასების მიზნით, ითვალისწინებდა შესაბამისი კითხვების
დამატებას;

მომზადდა ახალი სტანდარტების შესაბამისი კითხვარები და შემუშავდა მეთოდოლოგიური
სახელმძღვანელო;

განხორციელდა ახალი კითხვარების ტესტირება და ჩატარდა საპილოტე გამოკვლევა;.

2020 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მონაცემთა შეგროვება როგორც ძველი, ისე
ახალი კითხვარების მეშვეობით

განხორციელდა შეგროვებული მონაცემების ანალიზი და ახალი სტანდარტების შესაბამისი
ინდიკატორების გაანგარიშება.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვა ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას და სამუშაო ძალის დამატებითი ინდიკატორების გაანგარიშებას. კერძოდ, ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი
მოხმარებისათვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად.

ახალი სტანდარტის დანერგვამ დღის წესრიგში დააყენა ისტორიული მწკრივების გადაანგარიშების საკითხი, რაც აუცილებელი იყო წინა პერიოდის მონაცემებთან შესადარისობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, დანიის სტატისტიკის სამსახურისა და ევროსტატის ექსპერტების ჩართულობით, განხორციელდა ადრე გამოქვეყნებული
მონაცემების გადაანგარიშება და განახლება 2010 წლიდან.

ახალი სტანდარტის დანერგვით გამოწვეული მონაცემთა გადაანგარიშების შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი.

ახალი სტანდარტით, ძველ სტანდარტთან შედარებით, უშევრობის დონე გაცილებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში (დაახლოებით 3-ჯერ), ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში განსხვავება შედარებით უმნიშვნელოა.

ახალი სტანდარტის მიხედვით დასაქმების დონე 13-15 პროცენტული პუნქტით დაბალია ძველ სტანდარტთან შედარებით.

ახალი სტანდარტის დანერგვით მნიშვნელოვნად შემცირდა თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში (2019 წელს 49.7%-დან შემცირდა 30.7%-მდე).

ახალი სტანდარტის დანერგვით შემცირდა ასევე მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, რაც დაკავშირებულია თვითდასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაკვალიფიცირებასთან.

ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.0 პროცენტი შეადგინა.

2020 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.3 პროცენტი შეადგინა. აქტიურობის დონე (სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.6 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.1 პროცენტული პუნქტით.

2020 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 66.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 2.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2020 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 2.1 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 1.4 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე (სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.2 პროცენტს, ხოლო კაცებში 61.9 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე (სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე) ქალებში შემცირებულია 2.8 პროცენტული პუნქტით,
ხოლო კაცებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.

2020 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.7 და 0.7პროცენტული პუნქტით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან რომელია 2020 წლის ადამიანი?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...

 

Share