Home » ფინანსები » საქსტატი: 2020 წლის მარტიდან ქვეყანაში შინამეურნეობების 53%-ს საშუალო თვიური შემოსავლები შეუმცირდა

საქსტატი: 2020 წლის მარტიდან ქვეყანაში შინამეურნეობების 53%-ს საშუალო თვიური შემოსავლები შეუმცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაიწყო ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე „კოვიდ-19“-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევა, რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. გამოკვლევა „კოვიდ-19“-ის პირველი ტალღიდან მოყოლებული, 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად, შინამეურნეობები მიმართავდნენ სხვადასხვა ზომებს, რომელთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებული იყო პირბადის ტარება (93.3%), ხელების ხშირად დაბანა და ხელის სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება (75.7%), ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავის არიდება (74.2%), დისტანციის დაცვა (36.6%), ასევე საზოგადოებრივ ადგილებში საგნების შეხებისგან თავის არიდება (20.7%). კორონავირუსისგან თავის დასაცავად ზემოთ აღნიშნულ ზომებს მამაკაცებთან შედარებით უფრო მეტად ქალები მიმართავდნენ.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობებისათვის COVID-19-ის პრევენციის შესახებ ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენდა ტელევიზია (92.1%), ასევე ინტერნეტი (36.0%), სოციალური ქსელები (32.0%), ოჯახის წევრები და მეგობრები (26.0%). აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის წყაროებს შორის ტელევიზია უფრო მეტად გავრცელებულია სასოფლო ტიპის დასახლებებში, ხოლო საქალაქო დასახლებებში ამ თვალსაზრისით მეტად პოპულარულია ინტერნეტი და სოციალური ქსელები.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც ეფუძნება შინამეურნეობების მიერ დეკლარირებულ ინფორმაციას, შინამეურნეობების 31.8 პროცენტში, ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით – 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში.

ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის მარტიდან ქვეყანაში შინამეურნეობების 53.0 პროცენტს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავლები. ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 51.1 პროცენტს, ხოლო სოფლად – 55.5 პროცენტს შეადგენს. შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად სახელდება COVID-19 და მასთან დაკავშირებული გარემოებები, როგორიცაა კომპანიის/ბიზნესის დახურვა, სადაც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი (31.9%), კომპანიის/ბიზნესის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება (23.2%), შინამეურნეობის წევრის მიერ საკუთარი კომპანიის/ბიზნესის დახურვა (15.8%), შინამეურნეობის წევრის ხელფასის შემცირება (7.0%) და შინამეურნეობის წევრის სამუშაო საათების შემცირება (6.9%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, „კოვიდ-19-ის გავლენის შესამსუბუქებლად მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, შინამეურნეობების 80.6 პროცენტმა მიიღო ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება – სულ მცირე ერთი თვით, 72.7 პროცენტმა მიიღო ოჯახებისთვის ბუნებრივი აირის გადასახადის სუბსიდირება, 40.4 პროცენტმა – 18 წლამდე ბავშვთა 200 ლარიანი ერთჯერადი სოციალური დახმარება. გარდა ამისა, 32.3 პროცენტმა ისარგებლა კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების გადავადებასთან დაკავშირებული შეღავათებით.

გამოკვლევა ასევე ითვალისწინებდა COVID-19-ის გავლენის შეფასებას ბავშვთა განათლების მიღებაზე და დისტანციურ სწავლებაზე. გამოკვლევის თანახმად, 2-5 წლის ასაკის ბავშვებთან ერთად, შინამეურნეობის ზრდასრული წევრები მონაწილეობდნენ ისეთ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობდა ბავშვის განათლებას და სკოლისთვის მომზადებას. ბავშვებთან ერთად შინამეურნეობის ზრდასრული წევრები ყველაზე ხშირად ჩართული იყვნენ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა თამაში (96.4%), ნივთების დახასიათება, დათვლა ან ხატვა (95.9%), ზღაპრების მოყოლა (87.7%), ილუსტრირებული წიგნების წაკითხვა და დათვალიერება (87.4%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 96.8 პროცენტით განისაზღვრა 6-17 წლის ასაკის ბავშვების წილი, რომლებიც 2020 წლის მარტში, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვამდე დადიოდნენ შესაბამის დაწესებულებებში და მათი დახურვის შემდეგ უტარდებოდათ ონლაინ გაკვეთილები. ქალაქის ტიპის დასახლებებისათვის აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა 98.0 პროცენტს შეადგენდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებისათვის – 95.2 პროცენტს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 6-11 წლის ასაკის ბავშვებში და 97.4 პროცენტი შეადგინა.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ 6-17 წლის ასაკის ბავშვების 57.3 პროცენტი უყურებდა ან უსმენდა სატელევიზიო გაკვეთილებს. აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით მაღალია სასოფლო ტიპის დასახლებებში (60.7%), სქესის მიხედვით – გოგონებში (59.8%), ხოლო ასაკის მიხედვით – 6-11 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში (61.5%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების თითქმის ნახევარი (48.0%) კმაყოფილია საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის პერიოდში დისტანციური სწავლების მეთოდებით.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2-17 წლის ასაკის ბავშვების 57.4 პროცენტმა გააგრძელა სწავლა საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, რომლებიც დადიოდნენ სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, 2020 წლის მარტში საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვამდე. ამავე გამოკვლევის მიხედვით, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი არ განუახლებია ბავშვთა 38.4 პროცენტს, ხოლო სასწავლო პროცესის განახლების დროისათვის სწავლა უკვე დამთავრებული ჰქონდა ბავშვთა 3.9 პროცენტს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2-17 წლის ასაკის ბავშვების საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ დაბრუნების ძირითად მიზეზად დასახელდა საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა და ონლაინ სწავლების შესაძლებლობა (67.3%), ასევე შიში „კოვიდ-19“-ის მიმართ (28.1%).

Share