Home » საზოგადოება » “საქართველოში ყოველი 30 ადამიანიდან დაახლოებით 8 პასიური მოწევის შედეგად ავადდება”
"საქართველოში ყოველი 30 ადამიანიდან დაახლოებით 8 პასიური მოწევის შედეგად ავადდება"

“საქართველოში ყოველი 30 ადამიანიდან დაახლოებით 8 პასიური მოწევის შედეგად ავადდება”

“ელექტრო სიგარეტიიგი მეტ მიჯაჭვულობას იწვევს და ზოგ შემთხვევაში დაავადებებს უფრო სწრაფად წარმოქმნის, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი”

საქართველოში მწეველთა რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, ამ ბიზნესში კი მილიონობით ლარი ტრიალებს. პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც თამბაქოს ბიზნეს რეგულაციებს უმკაცრებს. ქართულ რეალობასა და მოსალოდნელ ცვლილებებზე “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძემ ისაუბრა.

– როგორი სტატისტიკა გვაქვს დღეს და წლიდან წლამდე, როგორ იზრდება თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი?

– ეს გლობალური პრობლემაა, ჩვენს შემთხვევაში კი ეროვნული. საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი მწეველია, ზრდის ტენდენცია კი უმეტესად ქალებზე მოდის. მამაკაცებში 35-დან 60%-მდე მერყეობს მწეველობა, ქალებში კი 30 წლის წინ 4% იყო, ამჟამად კი 20%-მდე გაიზარდა. ამ პროცესის დასაწყისი იყო 20 წლის წინ დიდი კომპანიების ბაზარზე შემოსვლა და აგრესიული სარეკლამო პოლიტიკის დაწყება, რომელიც მიმართულია უმეტესად ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, ვინაიდან ჩვენი ასაკის ხალხი მოწევას იშვიათად იწყებს. თუკი ათი წლის წინ ბავშვებში მოწევას იწყებდნენ 11-12 წლიდან, ახლა უკვე 8-9 წლიდან იწყებენ. ყოველივე ეს კი ხდება გაუცნობიერებლად, მათ გარშემო სივრცე სავსეა თამბაქოს რეკლამით. ქართულ სერიალებშიც კი მიდის მოწევის დიდი პროპაგანდა და პოპულარიზაცია. მთელი ამ ინფორმაციის ქვეცნობიერად დალექვის შედეგად, უკვე 14 წლის ასაკში ბავშვები ძლიერ დამოკიდებული მწეველები ხდებიან.

სახელმწიფოა ერთადერთი, ვისაც შეუძლია წინ აღუდგეს ამ ყოველივეს. არსებობს კანონი არასრულწლოვანზე მავნე გავლენისა და თამბაქოს მოხმარების შესახებ, თუმცა, არსებითად ისინი უფუნქციოა. სწორედ ახლა განიხილება კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს თამბაქოს მოხმარებაზე მეტ რეგულაციას ადმინისტრირების გამარტივებას, რათა პირის დაჯარიმება არ იყოს რთული პროცესი.

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, თამბაქოს შესახებ ჩარჩო კონვენციაზე მიერთებით საქართველომ აიღო რიგი ვალდებულებები, მათი დიდი ნაწილი ახლაც შეუსრულებელია. საინტერესოა რა ხდება ამ მხრივ და სრულდება თუ არა ვალდებულებები?

– საერთაშორისო ხელშეკრულებები კონსტიტუციის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოში კი უკვე წლების მანძილზე მიდის მისი იგნორირება. დაახლოებით, 10 წელია, რაც ამ კონვენციას შევუერთდით და ბოლო ვალდებულება რომელიც უნდა შეგვესრულებინა, 5 წლით დაგვიანდა. საკითხი შეეხებოდა შენობა-ნაგებობების თამბაქოს კვამლისგან სრულ გაწმენდას, რეკლამის აკრძალვას, ღირებულების გაზრდა, თავის დანებების სერვისები და კიდევ უამრავი რამ, რაც უზრუნველყოფდა ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების დაცვას. საქართველოში საერთო სიკვდილობის მაჩვენებელში ყოველი მე-5 ადამიანი სწორედ თამბაქოს გამო კვდება. თამბაქოს მოხმარება ეკონომიკური თვალსაზრისითაც დამანგრეველია ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს გაერომ თამბაქო აღიარა, როგორც ეკონომიკური განვითარების შეფერხების ფაქტორი.

სწორედ ამ დროს იყო წასული ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია, ისმენდნენ ამ ყველაფერს და ჩამოვიდნენ უკან. საქმით არაფერი გაკეთებულა, პირიქით მხარი დაუჭირეს მწარმოებელ კომპანიებს. ~აწარმოე საქართველოში~-ს ფარგლებშიც კი მოხდა დაფინანსება, ეს ყველაფერი კი ანომალიაა უბრალოდ. ეს ქმედებები იწვევს მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების ფეხქვეშ გათელვას და ბავშვებში თამბაქოს ნაწარმის ადრეულ ასაკში პოპულარიზებას. სამუშაო ადგილებზე იძულებითი პასიური მწეველობის გამო მოსახლეობის ჯანმრთელობა ილახება. განსაკუთრებით ბარ-რესტორნებში, იქ მომუშავეთ დღეში რამოდენიმე საათი უწევთ ბოლის სუნთქვა, ეს კი დიდ ზიანს აყენებს მათ ორგანიზმს. ამ დროს სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაიცვას მისი მოქალაქის ჯანმრთელობა, უფუნქციოა.

ახლახანს დარეგისტრირებული კანონპროექტი იყო თვალსაჩინო ლუსტრაცია იმ ხალხთა, ვინც ხელს ითბობს ამ ბიზნესით მოსახლეობის ხარჯზე. ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი იყო იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც ვახტანგ ხმალაძე ხმალამოღებული იბრძოდა საკუთარი ინტერესების დასაცავად და სულ დაავიწყდა რომ სწორედ მან ჩაწერა კონსტიტუციაში მუხლი ჯანსაღი გარემოს შექმნის შესახებ. მან ჩააგდო ეს სხდომა და ამის გამო ჩვენ ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

– მინდა გკითხოთ თქვენი აზრი მსუბუქი, ე.წ. წვრილი სიგარეტის შესახებ, მართლაც არის თუ არა მასში საზიანო ნივთიერებები უფრო დაბალი შემცველობით თუ მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია?

– ეს მართლაც მხოლოდ მარკეტინგული გათვლით დამზადებული სიგარეტია, გათვლილი ქალთა სეგმენტზე, მათი უმრავლესობა კი ეგება ამ სატყუარაზე. კანონით აკრძალულია შეცდომაში შემყვანი რეკლამა და მომხმარებლის მოტყუება, თუმცა, ამით არავინ დაინტერესებულა.

წვრილ სიგარეტში მხოლოდ დიზაინია განსხვავებული, სხვა კუთხით იგივეა, რაც ჩვეულებრივი. იზრდება მსუბუქი სიგარეტის მოხმარება, რადგან ადამიანის საკუთარ ნიკოტინის მოთხოვნილებას ორმაგი რაოდენობით მოწევისას იღებს. ამასთანავე იგი უფრო ღრმად აღწევს ფილტვებში და მეტად სახიფათოა კიბოს გაზრდილი ალბათობა.

თავის მოსაკლავად შესანიშნავი საშუალებაა. თუმცა, მე მწეველებს მინდა მოვუწოდო, რომ შეეშვან და ასევე უარი თქვან ელექტრო სიგარეტზეც. იგი მეტ მიჯაჭვულობას იწვევს და ზოგ შემთხვევაში დაავადებებს უფრო სწრაფად წარმოქმნის, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი.

– ძირითადად რა სახის ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს თამბაქოს მოხმარება და როგორია სტატისტიკა?

– საწყისად ვთქვათ რა არის კიბო, ესაა გადაგვარებულად მოქმედი უჯრედი. ფილტვში მავნე ნივთიერების მოხვედრისას, იგი გადადის სისხლში, სისხლიდან კი მთელს ორგანიზმში. ფაქტიურად არ არსებობს ორგანო, რომელიც არ ზიანდება ამით. მზარდი სტატისტიკაა ქალთა მიმართულებით, მათი ერთ-ერთი მთავარი მტერი არის მკერდის კიბო, შემთხვევათა 70%-მდე კი სწორედ თამბაქოს მავნე ნივთიერებების მოქმედებითაა გამოწვეული. ორსულობისას აქტიური მოწევის შემთხვევაში კი ხშირია მკვდრადშობადობა, ნაყოფის განუვითარებლობა და სხვა მძიმე დაავადებები. ზოგიერთი ექიმი ორსულს ურჩევს კიდეც მოწევას, რათა დანებებისას სტრესი არ ჰქონდეს, ესეთ ექიმებს წესით სამუდამოდ უნდა შეუწყდეთ საქმიანობის უფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც ორსულს ამისაკენ უბიძგებს, რომ შეჩერდნენ და ნუ ცდილობენ ნაყოფისთვის საფრთხის შექმნას.

– როგორია მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სტატისტიკა და ამ მხრივ რა ვითარებაა მათთან?

– მრცხვენია, მაგრამ, ამ თვალსაზრისით, რეგიონში ყველაზე ჩამორჩენილი და მაჩანჩალა ქვეყანა ვართ. ჩვენ ვესაუბრეთ მთავრობას და მომავალი გვიჩვენებს თუ რამდენად მონდომებულია ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვისთვის, თუ მიემხრობა დიდ კომპანიებს და ლობირებას გაუწევს მათ ინტერესებს.

თურქეთში გატარებული რეფორმების შედეგად, პირველივე წელს დაიკლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებისა და კიბოს გაჩენის შემთხვევებმა. ეკონომიკურად კი მილიარდობით მოგება ნახეს, რაც განაპირობა მოსახლეობის შრომისუნარიანობის გაზრდამაც. საქართველოშიც სამასპინძლო ბიზნესში არის სურვილი მოწევის აკრძალვის შესახებ. სულ უფრო იზრდება მოთხოვნა არამწეველთა ბარებსა თუ რესტორნებზე. რამოდენიმე ასეთი ობიექტი უკვე გაჩნდა კიდეც. ჩვენ მოვამზადეთ კვლევა და ის ამბობს, რომ ყოველივე წაადგება ბიზნესს და შემოსავლების გაეზრდებათ, მინიმუმ 10%-ით მაინც. სხვა მხრივ კი ჩვენ კვლავ თვალს ვადევნებთ სახელმწიფოს აქტიურობას და ველით ცვლილებებს.

ესაუბრა ვაჩე ხრიკული

Share