Home » ბიზნესი » საქართველოში საწვავი გაიაფდა
საქართველოში საწვავი გაიაფდა

საქართველოში საწვავი გაიაფდა

საქართველოში საწვავის ფასი შემცირდა. როგორც კომპანია “ლუკოილის” გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე აცხადებს, მათ ქსელში არსებულ ყველა პროდუქტზე ფასი 5 თეთრით გაიაფდა და ამის მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების კლება გახდა.

“საწვავის ფასი მხოლოდ მსოფლიო ბაზარის ნიშნულის მიხედვით არ დგინდება. ასევე ყურადღებით ვაკვირდებით ვალუტის კურსთან დაკავშირებულ მოვლენებს. ჯერჯერობით განხორციელდა ის, რისი საშუალებაც ამ ორი კომპონენტის თანხვედრით გახდა შესაძლებელი. თუკი შემდგომი კლებაც შესაძლებელი გახდება, ეს ორი კომპონენტის ჭრილში განსახილველი სამომავლო საკითხია, მაშინ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავაიაფებთ საწვავს. რაც უფრო იაფია საწვავი, მით უფრო მეტია მისი რელიზაცია, შესაბამისად, მით უფრო მეტია კომპანიის ბრუნვა, იმპორტი, ბიუჯეტში მეტი ფული შედის. ეს არის ჩვენი ერთადერთი ინტერესი, რომ რაც შეიძლება იაფად გავყიდოთ, საწვავი, რომ რაც შეიძლება ბევრი გაიყიდოს”, – განაცხადა მიშველაძემ.

გუშინდელი დღიდან 5 თეთრით გაიაფდა საწვავი “ვისოლშიც”. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა რუსუდან კბილაშვილმა განაცხადა, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის შემცირებიდან გამომდინარე, “ვისოლმა” შეძლო საწვავის ფასი უკვე მესამედ შეემცირებინა.

კიდევ 5 თეთრით დაიკლო ფასებმა ყველა ტიპის საწვავზე ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” ავტოგასამართ სადგურებზე მთელი ქსელის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით “სოკარის” ქსელში ნავთობპროდუქტების ფასები შემდეგია: ,,ნანო-რეგულარი” – 1,85 ლარი; ,,ევრო რეგულარი” – 1,88 ლარი; ,,ნანო-პრემიუმი” – 1,99 ლარი; ,,სუპერი” – 2,07 ლარი; ,,ნანო-დიზელი” – 1,77 ლარი; ,,ევრო დიზელი” – 1,92 ლარი.

რაც შეეხება “გალფს”, მის ქსელში დღეიდან საწვავის ყველა პროდუქტზე ფასები 4-7 თეთრით გაიაფდა. მიმდინარე ფასები ასე გამოიურება: G-Force პრემიუმი – 2,05; G-Force ევრო რეგულარი – 1,95; ევრო რეგულარი – 1,88; G-Force ევრო დიზელი – 1,95; ევრო დიზელი – 1,79.
როგორც კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე “პლაცზე” ფასის კლებამ განაპირობა.
“კომპანია ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესს და კვლავაც განაგრძობს ამ საკითხზე მუშაობას რათა საუკეთესო ფასი შესთავაზოს მის მომხმარებელს,” – აცხადებენ კომპანიაში.

Share