Home » საზოგადოება » საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება
საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება

საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება

საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება. მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე გაიხსნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გახსნა.

როგორც ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრს, სისხლის ბანკს, სხივური თერაპიის ახალ და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტებს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ კლინიკის ბაზაზე ასევე ამოქმედდა პედიატრიული განყოფილება, ბავშვთა რეანიმაციითა და ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის სამსახურებით.

მთავრობის მეთაურმა, კლინიკის ხელმძღვანელ, პროფესორ გოჩა ინგოროყვასთან ერთად, კლინიკა დაათვალიერა და მოისმინა ინფორმაცია იმ თანამედროვე აპარატურის შესაძლებლობების შესახებ, რომლითაც ცენტრი აღიჭურვა.

”მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში ვნახეთ თანამედროვე აპარატურა, რომელიც ბოლო სიტყვაა ამ მიმართულებით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგად, სტაბილური დაფინანსებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ასეთი დონის აპარატურის შეძენა. ისრაელთან ერთად, მიმდინარეობს ექიმთა გადამზადების ერთობლივი პროგრამები და ერთობლივად ტარდება ისეთი ოპერაციები, რომლებსაც ადრე საქართველოში არ ატარებდნენ. მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება. ყველა შესაბამისი პირობა ამ კლინიკაში შექმნილია, რაც მისასალმებელია, რადგან ჩვენ ხშირად გვიწევდა პაციენტების უცხოეთში გაგზავნა. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღარ მოგვიწევს გაგზავნა და ოპერაციები შესრულდება ქართველი მედიკოსების მიერ, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში, რაც მისასალმებელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია ქართულ მედიცინაში გაგრძელდება და, თანდათან, მეტი სახეობის დაავადების საქართველოში განკურნება იქნება შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი კლინიკის პროფესორებსა და სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და მათ ახალი ცენტრის გახსნა მიულოცეს.

მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ახალი სამსახურების გახსნის შედეგად, დამატებით 110 ადამიანი დასაქმდა.

Share