Home » ფინანსები » საქართველოში პირამიდული ბიზნესი მეთოდურად ბრუნდება
საქართველოში პირამიდული ბიზნესი მეთოდურად ბრუნდება

საქართველოში პირამიდული ბიზნესი მეთოდურად ბრუნდება

კომერციული ბანკების შემდეგ, მოსახლეობას ანაბრების შეტანა ახლად შექმნილ შპს-ებშიც შეუძლიათ, განსხვავება მათ შორის მაღალი საპროცენტო განაკვეთია.

თუ ბანკების მიერ დეპოზიტებზე დაწესებული საპროცენტო სარგებელი 5-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ეს შპს-ები მომხმარებელს 13-დან 33%-მდე სარგებელს სთავაზობენ. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ასეთი შპს-ების არსებობა თაღლითური პირამიდული სქემის ნაწილია და მათი ნდობა არ შეიძლება.

ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკებმა” საფინანსო ბაზარზე ე. წ. პირამიდული სისტემის არსებობასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა: ბოლო პერიოდში მომრავლდა ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც მომხმარებლებს შეტანილ თანხაზე საბაზროზე გაცილებით მაღალ სარგებელს სთავაზობენ. მსგავსი ბიზნესის სტრუქტურა ყოველი მომდევნო მომხმარებლის შენატანზეა დამოკიდებული, რაც თანხის დაკარგვის რისკს ზრდის.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბოლო დროს ფუძნდება შპს-ები, რომლებიც მზად არიან ითანამშრომლონ მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომელსაც მაღალი სარგებლის მიღება სწრაფად სურს. მსგავსი კომპანიები მომხმარებელს, ლარში ინვესტირების შემთხვევაში, საშუალოდ, წლიურ 24-23%-ს, ხოლო აშშ დოლარში 13-33% სარგებელს სთავაზობენ. ისინი მომხმარებელთა მისაზიდად აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას ეწევიან. შედეგად ვიღებთ მზარდ ბიზნესსექტორს, რომელიც კანონმდებლობით სრულყოფილად არ რეგულირდება.

“სწრაფად გამდიდრების მსურველთა ეჭვს აბათილებს ის, რომ კომპანიები დღეის მდგომარეობით მიღებული თანხების მომხმარებლისთვის უკან დაბრუნებას ახერხებენ. საინტერესოა თავად ბიზნესის სტრუქტურა, რომელიც ყოველ მომდევნო შენატანზეა დამოკიდებული. როდესაც მომხმარებელი განათავსებს დანაზოგს, წინასწარ ირჩევს ხელშეკრულების ვადას.

ვადის გასვლამდე თანხის დაბრუნება შეუძლებელია. ეს პუნქტი არის ე. წ. “პირამიდა სისტემის” მთავარი მამოძრავებელი ძალა. ყოველი შემდგომი მომხმარებლის შეტანილი თანხის ხარჯზე ხდება არსებული კლიენტისთვის სარგებლის გაცემა. როგორც კი რომელიმე მსგავსი კომპანია ვერ შეძლებს თანხის უკან დაბრუნებას წარმოიქმნება მასშტაბური პრობლემა. ყველა ის ადამიანი, რომელიც სარგებლობს მათი მოსახურებით, მოინდომებს საკუთარი დანაზოგის უკან დაბრუნებას, რაც შეუძლებელი იქნება”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

“საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, ოთხმოცდაათიანი წლების ბიზნესმოდელმა, რომელიც ე. წ. “პირამიდის სისტემაზე~ იყო აწყობილი, საქართველოს არაერთი მოქალაქე დააზარალა, მათ სრულად დაკარგეს დანაზოგი.

არაინფორმირებული და გაუთვითცნობიერებელი მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია თაღლითური სქემის ამოცნობა და სწორი გადაწყვეტილების მიღება.

“მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში “პირამიდა ბიზნესი” ითვლება კრიმინალურ საქმიანობად და ისჯება კანონით. კონტროლდება სარეკლამო რგოლები, რათა დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები. საქართველოში მსგავსი ბიზნესის წარმოება დანაშაულად არ ითვლება და სისხლის სამართლის კოდექსით არ ისჯება”, – აცხადებენ “საზოგადოება და ბანკებში”.

როგორც “ფორ.გე”-სთან საუბრისას აღნიშნული ორგანიზაციის საბანკო პროდუქტების ექსპერტი ანა ალიბეგაშვილი აცხადებს, არ იციან რეალურად ეს კომპანიები რას საქმიანობენ და რომელ ბიზნესში ახდენენ ფულის დაბანდებას. “თუ გავითვალისწინებთ ამ ბიზნესის ტენდენციას, რომ ნებისმიერმა საქმიანობამ იმდენი მოგება უნდა დატოვოს, რომ კომპანიამ შეძლოს 33%-იანი დივიდენდის გაცემა, ფაქტობრივად, ეს შეუძლებელია. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის “პირამიდის ტიპის~ ბიზნესი”, – აცხადებს ანა ალიბეგაშვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში “პირამიდა ბიზნესი” აკრძალულია. ის კრიმინალურ საქმიანობად ითვლება და დასჯადია. როგორც ანა ალიბეგაშვილი აცხადებს, საქართველოში საამისო რეგულაცია არ არსებობს. სტატისტიკაც კი უცნობია, რამდენ მომხმარებელს ითრევენ ეს კომპანიები.

“თვითონ ორგანიზაციების ჩამონათვალი სრულყოფილი არ არის. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით დავწეროთ სიტყვები “მაღალი სარგებელი” და ამის საფუძველზე მოვიძიოთ ამ კომპანიების შესახებ ინფორმაცია. შესაძლოა, ოფიციალურად დარეგისტრირებული არც იყვნენ, როგორც ინტერნეტმომხმარებლები და მათი საქიმანობა უფრო მეტად დახურული იყოს. რაც შეეხება ამ კომპანიების რაოდენობას, ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა დაკვირვების საფუძველზე შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ მათი რაოდენობა, ალბათ, 50-ს აღემატება.

ამ ბიზნესის კრიმინალიზაციის გამო აუცილებელია მთავრობამ გადადგას გარკვეული ნაბიჯები და კრიმინალიზებული იყოს მათი საქმიანობა. პრაქტიკიდან გამომდინარე, უცხოეთში არა მხოლოდ კანონით ისჯება ამ ტიპის ბიზნესსაქმიანობა, არამედ ისჯებიან ის ადამიანებიც, რომლებიც მსგავსი ბიზნესის პროპაგანდას ახდენენ და ცდილობენ დამატებით სხვა პირებიც ჩაითრიონ ამ საქმიანობაში. გარდა ამისა, სარეკლამო მონიტორინგი კეთდება და ბევრი ქვეყნის მთავრობა აქტიურადაა დაკავებული, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები”, – განაცხადა ანა ალიბეგაშვილმა.

“საზოგადოება და ბანკები~ მომხმარებლებს აფრთხილებს და ურჩევს, არ ენდონ ერთი შეხედვით საინტერესო, მაგრამ ფინანსური რისკის შემცველ შემოთავაზებას. ყურადღებით შეისწავლონ იმ კომპანიის საქმიანობა, რომელსაც საკუთარი დანაზოგი უნდა ანდონ.

Share