Home » ეკონომიკა » “საქართველოში მოპოვებულ ბუნებრივ წიაღისეულს უდიდესი საექსპორტო პოტენციალი აქვს”
"საქართველოში მოპოვებულ ბუნებრივ წიაღისეულს უდიდესი საექსპორტო პოტენციალი აქვს"

“საქართველოში მოპოვებულ ბუნებრივ წიაღისეულს უდიდესი საექსპორტო პოტენციალი აქვს”

არის თუ არა ინვესტორების ინტერესის სფერო სასარგებლო წიაღისეული. რამდენი ლიცენზია გასცა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და რა თანხა მიიღო ბიუჯეტმა, აგრეთვე რომელი მიმართულებებია ყველაზე პოპულარული. ამ საკითხებთან დაკავშირებით, გარემოს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ გერლიანმა ისაუბრა.

 
– როგორ შეაფასებდით გასულ 2016 წელს, საინტერესოა, რამდენი ლიცენზია გაიცა და, შესაბამისად, რა ოდენობის თანხა მიიღო ბიუჯეტმა?

 
– 2016 წლის განმავლობაში დაახლოებით 650 ლიცენზია გაიცა, რაც მცირე ზრდა არის 2015 წელთან შედარებით, თუმცა რაოდენობრივი მაჩვენებელი ნაკლებად მნიშვნელოვანია. უნდა აღვნიშნოთ, რომ დაახლოებით 250-მდე არის სამრეწველო დანიშნულების წყალი, შემდგომ მოდის ქვიშა, ხრეში, რამოდენიმე ერთეული ოქრო, კირქვა და ასე შემდეგ. მთლიანობაში კი ეს ყველაფერი ჯამში გვაძლევს იმ ციფრს, რომლიდანაც ფისკალური ეფექტი მაკრო დონეზე, გაცილებით მეტია, ვიდრე მისგან გალიცენზიების შედეგად პირდაპირი საბიუჯეტო შემოდინებები. 2016 წლის განმავლობაში, აუქციონების წესით მიღებული თანხები დაახლოებით 10 მილიონ ლარს შეადგენს.

 
– გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის მხრიდან, საუბარი იყო იმაზე, რომ ლიცენზიები შესაძლოა უფასოდ გაიცეს, მაგრამ მთავარია შემდეგ რას გააკეთებს ლიცენზიანტი და რა მოცულობის თანხას ჩადებს განავითარებაში?

 
– სამინისტროს ხელმძღვანელები მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ მთავარი არის ფისკალური ეფექტი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის მოქმედებით, ეკონომიკური მნიშვნელობისაა. ის ლიცენზიები, რომელიც გაიცა 2016 წელს, მათი ეკონომიკური ეფექტი ჩვენ უნდა გვქონდეს 2017 და შემდგომ წლებში, გააჩნია რა ტიპის ლიცენზიაზეა საუბარი.

 
– გაცემული ლიცენზიები ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული თუ ექსპორტზე?

 
– თუ რაოდენობრივად ავიღებთ მაშინ ადგილობრივ ბაზარზე ორიენტირებული იქნება. თუმცა, თუ გადავხედავთ საქართველოს ექსპორტს ვნახავთ, რომ პირველ და მესამე პოზიციაზე სწორედ წიაღისეული მოდის. (ეს არის ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები, რომლებიც მუდმივად იკავებს წამყვან პოზიციას) გასულ წელს ჩვენ გვქონდა 300 მილიონ აშშ დოლარამდე საექსპორტო შემოდინება. შესაბამისად, საქართველოში მოპოვებულ ბუნებრივ წიაღისეულს უდიდესი საექსპორტო პოტენციალი აქვს.

 
– რამდენად დამუშავებულია ის ბუნებრივი წიაღისეული, რომელიც საქართველოში მოიპოვება და გადის ექსპორტზე?

 
– შეიძლება ითქვას, რომ, ძირითადად, ეს არის ნახევარფაბრიკატების სახით, რომელიც გადის გარკვეულ დამუშავებას, თუმცა, რა თქმა უნდა, არ არის საბოლოო სახე და ამ მიმართულებით კიდევ დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი, რაზეც უკვე მუშაობს სამინისტროს ხელმძღვანელობა და შესაძლოა ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო მეტ ფისკალურ ეფექტს მისცემს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს და, ასევე, სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით იქნება მომგებიანი. როგორც აღვნიშნეთ, რაოდენობრივად მიმართულია ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა თუ ამას ავიღებთ როგორც ფინანსური რესურსების პროცენტულ წონებად, რასაკვირველია, უდიდესი ნაწილი მაინც საექსპორტოა.

 
– მოდით ავიღოთ ერთი იმ კომპანიის კონკრეტული მაგალითი, რომელმაც აიღო ლიცენზია და შემდგომ რა თანხის ინვესტირება მოახდინა ლიცენზიაში, მოპოვებაში და რა სარგებელი მოაქვს ამ ყველაფერს ქვეყნისთვის?

 
– რეალურად, როდესაც გაიცემა ლიცენზია იქვე უკვე თავიდანვე ჩანს მისი საინვესტიციო პაკეტი, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში, შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. მაგალითად, ერთ-ერთმა კომპანიამ შემოიტანა თავისი წინადადება და განაცხადა რომ 20 მილიონს ჩადებდა მოცემულ მიმართულებით, შესაძლოა მისი ინვესტირების პერიოდი დროში გაიწელოს.
– ბევრი დაიწერა იმასთან დაკავშირებით, რომ ლიცენზიების ფასწარმოქმნის პოლიტიკა იყო პრობლემატური და იგეგმება თუ არა რაიმე სიახლეები ამ საკითხის მოგვარებისთვის?
– 2016 წელს ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობდა, მათ შორის გარკვეულ რესურსებზე, როდესაც ითვლება საწყისი ფასი და გადახედილია მოცემული ტიპის ფორმულა. საზოგადოება მალე გაიგებს იმის შესახებ თუ როგორი იქნება ეს ქვიშა-ხრეშთან მიმართებაში, წყალთან მიმართებაში და რა ტიპის ფორმულით დაითვლება ეგრეთ წოდებული საწყისი ფასი, შემდგომ უკვე ის გადის აუქციონზე და აუქციონი განსაზღვრავს, თუ რამდენი იქნება მისი საბოლოო ღირებულება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო, გარდა ნავთობისა და გაზისა ყველა ტიპის ბუნებრივი რესურსის ლიცენზირებას ახდენს.

 
-არსებობდა გარკვეული ჩივილი თუ პრობლემის წარმოშობა, რომ ზოგჯერ ხდება როცა ლიცენზიას ყიდულობს ისეთი კომპანია, რომელიც შემდგომ არ იყენებს ამას და უბრალოდ აკონსერვებს კონკრეტულ პროექტს. ასეთი ქმედებით კი სხვა კონკურენტის ჩიხში შეყვანა ხდება.

 
-არის რიგი შემთხვევები, როდესაც კომპანიამ ვერ შეძლო მოპოვების სტადიაზე გადასვლა. მიუხედავად ამისა, ის მოიპოვებს თუ არ მოიპოვებს, მოპოვების შესაბამისი გეგმის მიხედვით, მას უწევს ბიუჯეტისთვის შესაბამისი გადასახადების გადახდა. იმ შემთხვევაში ამოქმედდება სანქციები და ჯარიმები, თუ კონკრეტული კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.
ლიცენზირების პროგრამასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ეს არის ლიცენზირების პროგრამა, რომელიც უფრო გაუმარტივებს ბუნებრივი რესურსების წვდომას, ინფორმაციული და ასევე გალიცენზიების თვალსაზრისითაც.

ჯაბა მიქელაძე

Share