Home » ფინანსები » საქართველოში კორუფცია თითქმის ნულოვან დონეზეა
საქართველოში კორუფცია თითქმის ნულოვან დონეზეა

საქართველოში კორუფცია თითქმის ნულოვან დონეზეა

 

საქართველოში ბევრი კომპანია წარმოების გაფართოებას და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას გეგმავს

მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის თანახმად, საქართველოში კორუფცია თითქმის ნულოვან დონეზეა.

როგორც IFC-ში აცხადებენ, კვლევაში მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმაციით, კერძო კომპანიების დიდი უმრავლესობა კმაყოფილია არსებული სამეწარმეო გარემოთი.

საქართველოში IFC-ის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პროექტის მიერ ჩატარებული საინვესტიციო გარემოს კვლევის ფარგლებში 2015 წლის ბოლოს 800-ზე მეტი მცირე, საშუალო და დიდი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია გამოიკითხა.

კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს მთავრობას, გამოავლინოს საკითხები, რომელთა გადაწყვეტა საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას და, შედეგად, ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. გამოკითხულთა მხოლოდ 0,03%-მა აღნიშნა გასული წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებში კორუფციის არსებობა, ხოლო 0.75%-მა მიუთითა, რომ მისთვის კორუფციული პრაქტიკის არსებობა სხვებისგან გახდა ცნობილი. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ კომპანიების უმრავლესობის შემოსავლები გასულ წელს შემცირდა, რისი მიზეზიც, მათივე აზრით, ეროვნული ვალუტის დევალვაცია და მისი მსყიდველობითი უნარის შემცირება იყო.

“კვლევის თანახმად, ინვესტორთა მოლოდინი ძირითადად დაკმაყოფილებულია და გასული წლის განმავლობაში შემოსავლის კლების მიუხედავად, სამომავლო პერსპექტივა საკმაოდ ოპტიმისტურია. ბევრი კომპანია გეგმავს წარმოების გაფართოებას და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას”, – აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა. მისივე თქმით, კვლევამ ასევე გამოავლინა ზოგიერთი ის სფერო, სადაც მეტია გასაკეთებელი. ”ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ მუშაობა მთავრობასთან იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც საინვესტიციო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა იან ვან ბილსენმა.

კვლევის მიხედვით, ქართველი ექსპორტიორების ნახევარზე ნაკლებია ინფორმირებული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) სარგებლის შესახებ, რაც მიუთითებს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ჩატარების საჭიროებაზე. რესპონდენტთა აზრით, მთავრობამ ასევე უნდა გააგრძელოს ინფრასტრუქტურის განვითარება და შექმნას უფრო მეტად კონკურენტული გარემო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

კვლევა მსოფლიო ბანკისა და IFC-ის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე ერთობლივი ჯგუფის საქმიანობის ნაწილია, რომელიც დახმარებას უწევს ქვეყნებს მარტივი, ეფექტური და ბიზნესზე მორგებული რეგულაციების შემუშავებაში, რათა ხელი შეუწყოს კერძო სექტორის ზრდას და ამავდროულად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები.

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა საქართველოში 1.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 55 პროექტში – საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის სექტორებში. ამ თანხიდან 373 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC -მ 315 მილიონი აშშ დოლარამდე ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. IFC საქართველოში ასევე ახორციელებს საკონსულტაციო პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს კერძო სექტორის განვითარებას.

2015 ფინანსურ წელს IFC -მ მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში თითქმის 18 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო.

 

Share