Home » ფინანსები » საქართველოში გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფულს სახლში ინახავს და მხოლოდ მოკლევადიანი ფინანსური მიზანი აქვს
საქართველოში გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფულს სახლში ინახავს და მხოლოდ მოკლევადიანი ფინანსური მიზანი აქვს

საქართველოში გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფულს სახლში ინახავს და მხოლოდ მოკლევადიანი ფინანსური მიზანი აქვს

საქართველოში, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფულს სახლში ინახავს და მხოლოდ მოკლევადიანი ფინანსური მიზანი აქვს, ან საერთოდ არ გააჩნია ფინანსური მიზანი – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, “ევროპული ფონდის სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისათვის” განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერითა და კვლევითი ორგანიზაცია “სონარის” ჩართულობით ჩატარდა.

ფინანსური განათლებისა და ჩართულობის კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 1,100 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის მიზანი იყო მოსახლეობის ფინანსური ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულებების შესწავლა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობა ფინანსური საკითხების ცოდნის საშუალო დონით ხასიათდება.

„კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობას საბაზისო ფინანსური ცნებების – როგორიცაა პროცენტი, რისკები და უკუგება, ინფლაცია – დამაკმაყოფილებელი ცოდნა აქვს.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამა თუ იმ ფორმით ზოგავს ფულს, ხოლო გამოკითხულთა 87%-მა აღნიშნა, რომ მონაწილეობას იღებს პირადი ან ოჯახის მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.

„თუმცაღა, აღნიშნულმა კვლევამ ასევე წარმოაჩინა, რომ ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლებს ფინანსური პროდუქტების არასათანადო ცოდნა აქვთ და შესაბამისად, ნაკლებად იყენებენ მათ“,- აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

ექსპერტები, სპეციალისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოში საბანკო სფერო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია. ამიტომ, საინტერესოა, რატომ არ ინახავს მოსახლეობა თანხებს ბანკებსა თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტებში. „კომერსანტი“ ამ საკითხზე სპეციალისტებს დაუკავშირდა.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ ფულის სახლში შენახვა შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ ხალხს უბრალოდ არ აქვს იმ რაოდენობის თანხა, რომ ბანკში დადოს. გარდა ამისა, მისი თქმით, ამ რეალობის შეცვლა ბანკებს შორის კონკურენციას შეუძლია, რაც დღეს ბაზარზე ნაკლებად შეიმჩნევა.

ექსპერტის ცნობით, თუ ბანკი კლიენტს დააინტერესებს გამოუყენებელ თანხაზე გარკვეული პროცენტის დარიცხვით, მაშინ ვითარება სრულიად შეიცვლება.

„თუ კონკურენცია საბანკო სექტორში მივა იმ დონემდე, რომ ადამიანებს გამოუყენებელ თანხაზე გარკვეული პროცენტი დაერიცხებათ, ეს იქნება ყველაზე კარგი სტიმული და გამოსავალი. ადამიანს 5 ლარიც რომ დარჩეს, ბოლომდე დაიტოვებს, სანამ ამ ფულის დახარჯვა არ დასჭირდება. ეს კონკურენციამ უნდა მიიტანოს. ჯერჯერობით არ მივიდა საქმე იქამდე, რომ ამ დონემდე კონკურენცია იყოს ბანკებს შორის. ამიტომ ხდება რომ ბანკში ფულის შენახვას სტიმული არ აქვს“-აცხადებს ნამჩავაძე.

საბანკო ექსპერტ ლია ელიავას კი კვლევის შედეგებში ეჭვი შეაქვს და აცხადებს, რომ ქართულ კომერციულ ბანკებში საქართველოს მოსახლეობას 4 მილიარდ ლარამდე აქვს დანაზოგი გაკეთებული, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

„მოსახლეობის მიერ შენახული ფული კომერციულ ბანკებში არის 4 მილიარდზე მეტი. წარმოიდგინეთ, 3 მილიონიან ქვეყანაში, სადაც ნახევარი მილიონი ბავშვია, 600 ათასი კი არის ასაკოვანი ხალხი. გამოდის, რომ 1,5-2 მილიონ ადამიანს – ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს – 4 მილიარდზე მეტი თანხა აქვს შენახული კომერციულ ბანკებში. ამიტომ იმის თქმა, რომ ადამიანები სახლში ინახავენ ფულს, ნამდვილად არ შეიძლება“,- აცხადებს ლია ელიავა.

მისი თქმით, მეორე პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობას – ფიზიკურ პირებს, ვისზეც კვლევა ჩატარდა, იმდენად დაბალი შემოსავალი აქვთ, რომ მისი გაჩერება ბანკში და მერე სადებეტო ან საკრედიტო ბარათით სარგებლობა, ნაკლებად მიღებულია საქართველოში.

„თქმა იმისა, რომ კომერციულ ბანკებში მოსახლეობა არ ინახავს ფულს და ინახავს, მუთაქაში, არ შეიძლება. სულ ახლახან წავიკითხე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოსახლეობას გააჩნია მიდრეკილება კომერციულ ბანკებში შეინახოს სახსრები. ფაქტობრივად, ეს მათი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, მოკლებულია სანდოობას“, – აცხადებს ლია ელიავა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით ჩატარებული კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში პირველად განხორციელდა. ქვეყანაში დაფიქსირებული შედეგები ჩართული იქნება საერთაშორისო შედარებით ანგარიშში, რომელსაც OECD მიმდინარე წლის ბოლომდე გამოსცემს.

წყარო: commersant.ge

Share