Home » ბიზნესი » “საქართველოში ძალიან მისაღები ბიზნესგარემოა”
"საქართველოში ძალიან მისაღები ბიზნესგარემოა"

“საქართველოში ძალიან მისაღები ბიზნესგარემოა”

“ენერგეტიკაში  ინვესტიციებისთვის ქვეყანა კიდევ უფრო გახსნილი უნდა იყოს, ვინაიდან ეს არის დასაქმებაზე ორიენტირებული ინვესტიცია”

“ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია” საქართველოში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ლამის პირველივე დღეებიდან მოღვაწეობს, თურქული ბიზნესის ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას ასოციაციის  ხელმძღვანელი ქენან ილდირიმი ჯერ კიდევ 90–იანი წლების დასაწყისიდან ცდილობს და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, ძალიან წარმატებით ახერხებს. ქენან ილდირიმთან საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ვისაუბრეთ.

– დიდი ხანია საქართველოში მოღვაწეობთ, საინტერესო იქნება თქვენი აზრი ქართული ბიზნესის შესახებ, როგორ ვითარდება ბიზნესკლიმატი ჩვენს ქვეყანაში?

– მე საქართველოში დამოუკიდებლობის ლამის პირველ დღეებში ჩამოვედი, წარმოშობით ქართველი ვარ და მაინტერესებდა ეს ქვეყანა, რომელიც მანამდე თურქეთის მოქალაქეებისთვის დახურული იყო. რაც შეეხება ბიზნესინტერესებს, ის შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მის მრჩეველთან სულიკო ხაბეიშვილთან კონსულტაციების შედეგაც გაჩნდა, – ეს იყო სასტუმროს მშენებლობა გუდაურში. ყველას კარგად ახსოვს ეს პერიოდი, შიდა სამოქალაქო არეულობა, საგარეო დაძაბულობა, ომი. ამ ყველაფრის გამო ჩვენი საქმეები წინ რთულად მიდიოდა, თუმცა, მე ვხედავდი საქართველოს პოტენციალს და იმას, რომ თურქულ ბიზნესს აქ განვითარების საშუალება მიეცემოდა. სწორედ ამიტომ, 1993 წელს დავაფუძნეთ “ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია” სულ 7 წევრით, მათ შორის 4 იყო თურქი ბიზნესმენი.

დღეს ასოციაცია უკვე დაახლოებით 80 წევრს აერთიანებს. ჩვენი ასოციაციის წევრები მოღვაწეობენ ყველა სექტორში, იქნება ეს ტექსტილი, სატრანსპორტო სფერო თუ სხვა. სულ ახლახანს, ჩვენი წევრების მიერ აშენდა 400 ბინიანი თანამედროვე საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე ბიზნესცენტრი და რამდენიმე მსხვილი და ცნობილი შენობა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, 2015 წლის მონაცემებით, დაახლოებით, 1.5 მლრდ დოლარის საქონელია იმპორტირებული თურქეთიდან საქართველოში, რაც შეეხება ქართული პროდუქციას ექსპორტს, ეს ციფრი საგრძნობლად ნაკლებია.

საქართველოს ეკონომიკის შეფასებისას, სწორედ ამ მაჩვენებლიდან ამოვალ, საქართველოში წარმოების და, შესაბამისად, ექსპორტის გასაზრდელად უნდა განვითარდეს მცირე და საშუალო მეწარმეობა. ჩვენს ქვეყნებს აქვთ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი და ამ პრეფერენციებით ქართულმა მხარემაც უნდა ისარგებლოს. ვფიქრობ, რომ ნედლეულის არარსებობის გამო მძიმე მრეწველობის განვითარება აქ გაჭირდება, რაც ექსპორტიდან შემოსავალს იღებ, თითქმის იმდენივეს ხარჯავ ნედლეულის იმპორტში.

თუნდაც ტურიზმი, საქართველოს ამ კუთხით დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ არა საზღვაო ტურიზმის კუთხით, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს სამთო, სამკურნალო, კულტურულ და ტრადიციულ, თუნდაც სამონადირეო ტურიზმს. მაგრამ აქაც სპეციფიკური ვითარებაა, თუ საქართველო არ შექმნის თავის პროდუქციას, რა უნდა მიყიდოს მან ტურისტს? ბათუმში აშენდა ახალი სასტუმროები და ეს ძალიან კარგია, მაგრამ თურქეთში როდესაც შემოდის ტურისტი, ის საშუალოდ 1000 დოლარს ტოვებს ქვეყანაში,  საქართველოში კი მხოლოდ საწოლის ფული რჩება, სხვა ყველაფერი რასაც ტურისტი ყიდულობს, იმპორტირებულია, ანუ ეს ფული ისევ გადის ქვეყნიდან.

სასიკეთო ძვრებია ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში, მაგრამ ამას მეტი ტემპი სჭირდება, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, თუნდაც ავიღოთ ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო–ჯეიჰანის ნავთობსადენი და შაჰდენიზის გაზსადენი. ეს არა მარტო ეკონომიკური სიკეთეების მომტანია, ეს მსოფლიო მასშტაბის პროექტებია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს პოლიტიკურ უსაფრთხოებასაც.

რაც შეეხება ინვესტიციებს, ბოლო დროს რუსეთის კრიზისმა საკმაოდ იმოქმედა საქართველოზე, ამას დაემატა აზერბაიჯანის ფაქტორი, სადაც ეროვნული ვალუტის 35 %–იანი დევალვაცია მოხდა, თუმცა, აქ მაინც არის სერიოზული პოტენციალი და პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროში. ენერგეტიკაში ინვესტიციებისთვის ქვეყანა კიდევ უფრო გახსნილი უნდა იყოს, ვინაიდან ეს არის დასაქმებაზე ორიენტირებული ინვესტიცია, მეორე კუთხით კი ინვესტორი თავად არის იმ პროდუქციის მყიდველი, რომელსაც აქ აწარმოებს, ანუ ქვეყანაში რჩება გარანტირებული გადასახადები და დასაქმება.

– თქვენ საინტერესოდ დააყენეთ საკითხი, თუ სად და რომელ დარგებშია პრობლემები, ანუ ნიშნავს, რომ ეს დარგები არის თავისუფალი და აუთვისებელი ნაწილობრივ, ხომ არ იგეგმება ამ მიმართულებით გარკვეული ინვესტიციების განხორციელება თურქული მხარისგან?

– სოფლის მეურნეობა თურქული ბიზნესისთვის ძალიან საინტერესო სფეროა, თუმცა არის მიწის პრობლემა. საქართველოში მსხვილი მიწები პრაქტიკულად არ არის, ისინი უკვე ძალიან იაფად გაიყიდა წინა პერიოდში, რაც შეეხება არსებულ მიწებს, სახელმწიფო მას არ ყიდის, ბუნებრივია, ეს სერიოზულად აფერხებს ამ მიმართულებით ინვესტიციებს. მოლოდინის რეჟიმში ვართ, რომ ხელისუფლებამ მიდგომა შეცვალოს.

ჩვენთვის ასევე საინტერესოა, სამთო ტურიზმი, რომელიც სერიოზულ მოგებას დაუტოვებს ქვეყანას. და, რა თქმა უნდა, ისევ ენერგეტიკა, ეს არის ყველაზე პოტენციური დარგი და ხელშეწყობის შემთხვევაში ძალიან დიდი ინტერესი იქნება.

– თქვენ ახსენეთ  ხელშეწყობა, რას გულისხმობთ, რა პრობლემების თუ ხარვეზების გამოსწორებას ისურვებდით?

– პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ საქართველოში, ზოგადად, ძალიან მისაღები ბიზნესგარემოა.  საქართველო ბიზნესის კეთების მხრივ უსაფრთხო ქვეყანაა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აშკარად შეიცვალა სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ, სახელმწიფოსთან კომუნიკაციაც გამარტივდა და უფრო შედეგიანი გახდა.  თუმცა, არის რაღაც ნიუანსები, რომლებიც მიმდინარე საქმიანობაში პრობლემდება და მათ გადაჭრას მეტი ოპერატიულობა სჭირდება. ეს თითქოს წვრილმანი დეტალებია, მაგრამ ძალიან ართულებს ჩვენს საქმიანობას.

მაგალითად, მოგიყვანთ ჰესების მშენებლობისას წარმოქმნილ პრობლემას, მოგეხსენებათ, მშენებელი კომპანია მასთან დასაქმებულ მუშებს უზრუნველყოფს საკვებით, დაახლოებით დღეში ერთ მუშაზე 25 ლარი იხარჯება. ბიზნესისთვის ეს ჩვეულებრივი ხარჯია, მაგრამ სახელმწიფო ამ ხარჯს ისე ბეგრავს, როგორც კომპანიის შემოსავალს. თითქოს არაფერი, მაგრამ როდესაც 25 ათასი ადამიანი გყავს დასაქმებული, სერიოზულ თანხებთან გვაქვს საქმე.

ასევე სერიოზული პრობლემა გახდა ეროვნული ვალუტის კურსი, განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვების დროს. მაგალითად, ჩვენ გავიმარჯვეთ ერთ–ერთ ტენდერში, თუმცა კურსის ასეთი ცვალებადობის გამო წაგებაზეც კი გავედით. ზოგადად, ვალუტის არასტაბილურობა, ძალიან არაპროგნოზირებადს ხდის ბიზნესგათვლებს, ამიტომ საჭიროა, რომ სიტუაციის დასასტაბილურებლად  ოპერატიულად  მოხდეს გადამჭრელი  ზომების მიღება.

ლევან მარტაძე

 

Share