Home » ბიზნესი » საქართველოში დაზღვევის პირველი სავალდებულო სახეობა ამოქმედდება
საქართველოში დაზღვევის პირველი სავალდებულო სახეობა ამოქმედდება

საქართველოში დაზღვევის პირველი სავალდებულო სახეობა ამოქმედდება

ინტერვიუ “დაზღვევის განვითარების ასოციაციის” ხელმძღვანელ ლაშა ნიკოლაძესთან

– ჩვენი ინფორმაციით, “სატრანზიტო ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის” კონცეფცია განხილულ და მოწონებულ იქნა ეკონომიკურ საბჭოზე, როგორ შეაფასებთ ამ პროცესს?

– დიახ, აღნიშნული ტიპის სავალდებულო დაზღვევა საკმაოდ აქტუალური თემაა.  გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კონცეპტუალური თანხმობა არსებობს, ახლა დანარჩენი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები იქნება დეტალურად დასამუშავებელი. როგორც მოგეხსენებათ “ტრანზიტული ავტომობილების პასუხისმგებლობის დაზღვევა” გახდება პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ შემდგომში აღნიშნული ტიპის სავალდებულო დაზღვევა ადგილობრივნომრიან ავტომობილებზეც გავრცელდეს. ჩემი აზრით ასეთი ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომა უფრო უკეთ მოამზადებს სადაზღვევო ინდუსტრიასაც და კანონმდებლებსაც, რათა ყველაფერი სათანადო დონეზე განხორციელდეს.

– თქვენ რა ძირითად დადებით და უარყოფით მხარეებს გამოყოფდით ამ ტიპის და ასეთი მასშტაბური (რეალურად პირველი სავალდებულო კანონი) პროექტის განხორციელების დროს?

– მოდით ჯერ მხოლოდ სატრანზიტო დაზღვევებზე გიპასუხებთ. აღსანიშნავ საკითხებში ბევრი მნიშვნელოვანი მომენტია. დეტალებში შეიძლება იმალებოდეს გარკვეული რისკები.  ახლა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი, კანონშემოქმდებითი და თანამდევი ტექნიკური სამუშაოებია ჩასატარებელი. ასევე აქტუალურია უცხოური ექსპერტიზის ჩატარება, რათა მომავალში უმტკივნეულოდ განხორციელდეს (მწვანე ბარათი) ევროპულ სტანდარტებთან სინქრონიზირებაც. გარდა ამისა მინდა აღვნიშნო, რომ თუნდაც პოლისების საზღვარზე გავრცელების ის უნიკალური ფორმა, რომელიც ამ ეტაპზე მოიაზრება (ერთი ფანჯრის პრინციპი) ძალიან პროგრესულად მიმაჩნია. აღნიშნული, გარდა სადაზღვევო კომპანიების მინიმალური დანახარჯებისა პოლისის რეალიზებისას,  ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიის დისციპლინირების, ერთიანი პოზიციის შემუშავებისა და ხარისხის მიღწევის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აღსანიშნავია სწორი სამუშაო პროცედურებისა და თუნდაც შეფასების გაიდლაინების სწორი გაწერა. მნიშვნელოვანი როლის თამაში მოუწევს სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურსაც, რომელსაც ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს ორივე მხარის (მზღვეველი და დამზღვევი) რეალიები, და დაიცვას ოქროს შუალედი, რათა არ დაზარალდეს როგორც მომხმარებელი, ასევე სადაზღვევო კომპანია. გარდა ამისა, ტექნიკური მახასიათებლები ფასისა და დაფარვების თანაფარდობა ისე უნდა შეირჩეს, რომ პოლისის ხელმისაწვდომობასთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ინდუსტრიის გადახდისუნარიანობის და ფინანსური მდგრადობის ევროპული მიდგომები. მერწმუნეთ ეს მაღალპროფესიული და საკმაოდ შრომატევადი ამოცანაა.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ “სატრანზტიტო დაზღვევა” მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ამის შემდგომ რას უნდა ველოდოთ?

– დიახ. აღნიშნული უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ფინანსური გარანტიების შექმნას და რეალიზებას, მაგრამ არა ყველა იმ სადაზღვევო შემთხვევაში რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოხდება. თუმცა ასეთი ეტაპობრივი მიდგომა ლოგიკურია და ბევრ შეცდომას გამორიცხავს. ამის შემდგომ, ისევ რეალური და ლოგიკური დროის შემდგომ, უნდა ველოდოთ აღნიშნული დაზღვევის საქართველოს ნომრებიან ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულოდ გავრცელებას. მეორე ეტაპის მასშტაბი უკვე საგრძნობი იქნება საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის. აღნიშნულის მისაღწევად, გარდა სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის მომზადებისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის საინფორმაციო მომზადება. რათა მათ სწორად აღიქვან და გააანალიზონ ის სიკეთე რაც ამ დაზღვევით მოსახლეობისვე ფინანსური სტაბილურობისათვის კეთდება. ეს პრაქტიკა მრავალმა ქვეყანამ გაიარა ევროპული ცივილიზაციის გზაზე და შესაძლებელია მისი გაზიარებაც და ტრანსფორმირება ქართული რეალობისთვის.

მომავალში, როცა უფრო მეტი დეტალი იქნება გასაჯაროვებული, მეტი ანალიზის საფუძველიც გვექნება და უფრო დეტალებშიც ჩავალთ.

დასასრულს მინდა კიდევ ხაზი გავუსვა ამ პროექტის პროგრესულობას. სრულიად მივესალმებით იმ სიფრთხილესაც და მეთოდებსაც, რომელიც აქამდე განხორციელებულა.

ჩვენის მხრივ, საკითხის განვითარებას ყურადღებით მივადევნებთ თვალს და ყველა მომენტში მზად ვიქნებით ჩვენი აზრი გამოვთქვათ როგორც ნეგატივის ასევე პოზიტივის თვალსაზრისით.

ავტორ(ებ)ი : კომერსანტი
[wpolling id=”9″ width=”” height=””]
Share