Home » ეკონომიკა » ,,საქართველოში არა თუ არ არის ეკონომიკური კრიზისი, არამედ კრიზისის ნიშნებიც კი არ შეიმჩნევა”
,,საქართველოში არა თუ არ არის ეკონომიკური კრიზისი, არამედ კრიზისის ნიშნებიც კი არ შეიმჩნევა"

,,საქართველოში არა თუ არ არის ეკონომიკური კრიზისი, არამედ კრიზისის ნიშნებიც კი არ შეიმჩნევა”

NDI-ს კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, პოლიტიკოსების ნაწილმა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დაწყების საფრთხეზე დაიწყო საუბარი. ამ საკითხს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე. გთავაზობთ მის მოსაზრებას უცვლელად.

,,NDI-ს კვლევის შედეგების ფონზე, მნიშვნელოვნად გააქტიურდა რიგი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკურ ჯგუფებთან ასოცირებული პირების მხრიდან საუბრები საქართველოში ეკონომიკური კრიზისის დაწყების შესახებ. რომ, თითქოს „ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია“, რომ თითქოს „სახეზეა რეცესია“, რომ თითქოს „ეკონომიკა შევიდა ჩიხში“ და ასე შემდეგ…

ამ ტიპის, ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანებისთვის სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში არა თუ არ არის ეკონომიკური კრიზისი, ეკონომიკური კრიზისის ნიშნებიც კი არ შეიმჩნევა.

ბუნებრივია, ქვეყანაში არის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, არის გარკვეული სირთულეები, არის ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი საკითხები, მაგრამ ამგვარი აპოკალიფსური და კატასტროფული სურათის „დახატვა“ ძალიან შორს დგას რეალობისგან. რეალურად კი, ეს არის:

– ერთის მხრივ, მცდელობა მოსახლეობაში პანიკის, შიშისა და აჟიოტაჟის დათესვის გზით მიღწეულ იქნეს სასურველი პოლიტიკური „მიზანი“ – პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაცია;
– მეორეს მხრივ, ელემენტარული უცოდინრობა;
– და მესამეც, უბრალოდ მავნებლობა.

ეკონომიკური კრიზისის ნიშნების იდენტიფიცირება და „დანახვა“ მარტივია. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ გინდა რომ მართლა „დაინახო“. თუ სხვა „რამის“ დანახვა გინდა, რა თქმა უნდა, ობიექტური ვერ იქნები და მხოლოდ სხვა „რამეს“ დაინახავ.

მაშ ასე, ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისად ითვლება მდგომარეობა, როცა:
– ეკონომიკური ზრდა არის ნულს ქვემოთ – ჩვენთან არის 2,6% (თებერვალი). დაბალია, მაგრამ მაინც ზრდაა;
– წარმოების მოცულობა მკვეთრად მცირდება – ჩვენთან არ მცირდება;
– ეროვნული ვალუტა მკვეთრად უფასურდება – ჩვენთან მეტ-ნაკლებად სტაბილურია;
– შესამჩნევად იზრდება ბიუჯეტის დეფიციტი – არ იზრდება, სტაბილურია;
– ქვეყანა ვერ ახერხებს ვალების მომსახურებას – ჩვენთან მთავრობა იხდის ვალებს;
– მკვეთრად იზრდება უმუშევრობის დონე – ჩვენთან არ მცირდება, მაგრამ არც იზრდება.

რეალურად, არც ერთი ამ ნიშანთაგან დღეს სახეზე არ არის და არც იმის ნიშნებია, რომ უახლოეს პერიოდში ამის „პერსპექტივაა“ გაჩნდეს.

ასე რომ, ვწუხვარ პოლიტიკურად მოტივირებულო ბატონებო და ქალბატონებო, მაგრამ ვერც „იმედებს“ გაგიმართლებთ და ვერც რამით „განუგეშებთ“…

P.S. ისე, ურიგო არ იქნებოდა თუ ჩვენს ე.წ. „ვორდინგს“ უკეთ შევარჩევთ, უფრო მეტად ვაკონტროლებთ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო მეტად კომპეტენტურები წარმოვჩინდებით ხოლმე ჩვენს განცხადებებში…”, – წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ლევან კალანდაძე.

Share