Home » ბიზნესი » საქართველოში ახალი ქართული ჩაი „გრინ გოლდის“ წარმოება დაიწყო
საქართველოში ახალი ქართული ჩაი „გრინ გოლდის“ წარმოება დაიწყო

საქართველოში ახალი ქართული ჩაი „გრინ გოლდის“ წარმოება დაიწყო

საქართველოში ახალი ქართული ჩაის წარმოება დაიწყო. „გრინ გოლდი“ ცოტა ხანში  ქართულ სუპერმარკეტებში გამოჩნდება.  ოზურგეთის სოფელ ნაგომარში სამწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ შპს „ლაითური – ჩაის საექსპორტო კომპანია“-მ ორ ტონამდე მწვანე და შავი გრეხილი ჩაი გასაყიდად უკვე მოამზადა.  მთის ფერდობზე მდებარე პლანტაცია 25 ჰექტარს იკავებს. ჩაის საწარმოში 30-ამდე ადამიანია დასაქმებული და როგორც კომპანიის  დამფუძნებელი თამუნა ხაბეიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს პლანტაციაში მუშაობა მხოლოდ ხელით ხდება.

„ჩვენ ვმონაწილეობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ჩაის რეაბილიტაციის პროექტში „ქართული ჩაი“. სოფელ ნაგომარში აღვადგინეთ ძველი პლანტაცია და წელს დავიწყეთ ჩვენი ჩაის გადამუშავება. სექტემბერში შევქმენით ბრენდი „გრინ გოლდი“, რითაც ქართულ ბაზარზე ვაპირებთ გასვლას. დაგეგმილია პროდუქციის რეალიზაცია ექსპორტზეც. ამჟამად გვაქვს მოლაპარაკებები სუპერმარკეტების ქსელებთან. პლანტაციაში ჩაი ხელით იკრიფება იმისთვის, რომ ეს ნატურალური ხარისხი არ დავკარგოთ.“ – ამბობს „ლაითური – ჩაის საექსპორტო კომპანიის“ დამფუძნებელი თამუნა ხაბეიშვილი.

2019 წლიდან საწარმო უშვებს ფოთლოვან, გრეხილ შავ და მწვანე გრეხილ ჩაის. კომპანიის ძირითადი მიმართულება არის საცალო გაყიდვები 50 და 100 გრამიანი დაფასოებით. ასევე შესაძლებელია საბითუმო გაყიდვებიც.  ჩაის 2-3 ფოთლიანი დუყები დამუშავებულია კლასიკური ტექნოლოგიით.

საწარმო მდებარეობს ქალაქ ოზურგეთში, 500კვ.მ-ზე  პლანტაციიდან 15 წუთის სავალ გზაზე. საწარმოს საინვესტიციო მოცულობა 300 000 ლარს შეადგენს.

ქარხნის პროექტი და წარმოების პროცესი სრულად ითვალისწინებს HACCP და ISO სტანდარტებს, კომპანია გეგმავს 2020 წელს აიღოს ორივე სერტიფიკატი. უახლოეს მომავალში კომპანია  დამატებითი ტერიტორიების ათვისებასაც გეგმავს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 30-მდე ადგილობრივი ქალი, რომლებიც კრეფაში იღებენ მონაწილეობას.

commersant.ge

Share