Home » ფინანსები » საქართველოს საფინანსო სექტორის უახლესი მიმოხილვა
კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 9.8 მილიონი ლარი შეადგინა

საქართველოს საფინანსო სექტორის უახლესი მიმოხილვა

2015 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში წარმოდგენილია 19 კომერციული ბანკი, საიდანაც უცხოური კაპიტალის მონაწილეობით ფუნქციონირებს 18 მათგანი, ხოლო დარჩენილი 1 არარეზიდენტი ბანკის ფილიალი წარმოადგენს.

ჯამში უცხოური კაპიტალის მონაწილეობა ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.1%-ს შეადგინს. საინტერესოა, რომ 2015 წლის იანვრიდან ქართული ბაზარი დატოვა ერთმა ბანკმა (პრივატბანკი) და ერთმა არარეზიდენტი ბანკის ფილიალმა (თურქეთის ბანკის ბათუმის ფილიალი).

საბანკო აქტივებით თანაფარდობა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ბოლო 1 წლის განმავლობაში გაზრდილია 11%-ით და დღეისთვის 77%-ს შეადგენს, რაც ეკონომიკაში საბანკო სექტორის დომინანტურ პოზიციაზე მიუთითებს.

ბაზარზე წარმოდგენილი 19 ბანკი მთლიანობაში 124 ფილიალს და 802 სერვის ცენტრს ფლობს. 2015 წლის იანვრიდან აგვისტომდე ბაზარზე გაუქმდა 44 ფილიალი და 36 სერვის ცენტრი (ძირითადად “პრივატ ბანკის” გასვლასთან დაკავშირებით).

2015 წლის დასაწყისიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 3 ერთეულით გაიზარდა და 74-ს მიაღწია მაშინ, როდესაც 2007 წლის ნოემბრისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10 ერთეულს შეადგენდა. მათი გაფართოება ვერც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა და ვერც 2013 წლის არჩევნებმა შეძლო.
2012 წელს რეგულაციების გამკაცრების და გადამხურდავებელი ჯიხურების რაოდენობის მესამედის გაუქმების შემდგომ (დაახლოებით 1500-დან 1000 ერთეულამდე), 2015 წელს მათი რაოდენობა კვლავ ზრდას განაგრძობს და 2015 წლის დასაწყისიდან 34 ერთეულით 1150-მდე გაიზარდა, რასაც ბაზარზე მიმდინარე პროცესებიც უწყობს ხელს და ახალისებს ახალ მოთამაშეებს ბაზარზე შემოსვლისაკენ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება ფინანსურ ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია, რომელთა აქტივები 2014 წლის IV კვარტლიდან მოყოლებული 28%-ითაა გაზრდილი (1.1-დან 1.4 მილიარდ ლარამდე). აღსანიშნავია, რომ 2008 წელს აღნიშნული მაჩვენებელი დღევანდელს თითქმის 20-ჯერ ჩამოუვარდებოდა და სულ რაღაც 74 მილიონ ლარს შეადგენდა. ცნობილია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სიმრავლეს მოსახლეობის მხრიდან ნაკლებად პრობლემატური სესხების მიღების მაღალი სურვილი განაპირობებს, მითუმეტეს ისეთ დაბაშემოსავლიან ქვეყნებში, როგორიც საქართველოა.
2014 წლის IV კვარტლიდან 2015 წლის მეორე კვარტლამდე მიკროსაფინანსო ორგაზაციების მიერ გაცემული სესხების წმინდა მაჩვენებელი 30%-თაა გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმზეა – თითქმის 1.1 მილიარდი ლარით. მათ მიერ გაცემული სესხების 3/4 თავის მხრივ მათ მიერ ნასესხები სახსრებია. სისტემა შესანიშნავად ფუნქციონირებს.

საბანკო სექტორი
გასული თვე (აგვისტო) საბანკო სექტორმა, როგორც მას სჩვევია მოგებით დაასრულა. წმინდა მოგებამ 9.8 მლნ ლარი შეადგინა (უკვე

წლებია ბანკების ყოველწლიური მოგება ასეულობით მილიონ ლარს შეადგენს). უკანასკნელი მონაცემებით გაზრდილია ბანკებიდან გაცემული სესხების მოცულობაც. კერძოდ, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 1.4 %-ით (78.2 მლნ ლარით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულის კი 2.5 %-ითაა (239.3 მლნ ლარით) გაზრდილი. თუმცა აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი პირიქით 0.4%-თაა შემცირებული.

შეუჩერებლად იზრდება კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების მაჩვენებელი, რომელიც აგვისტოში, ივლისთან შედარებით, 300 მილიონი ლარით, ანუ 1.3 %-ით გაიზარდა და 24 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წელიწადში საბანკო აქტივები გაზრდილია 3-ჯერ (8-დან 24 მილიარდ ლარამდე). მხოლოდ 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე კომერციული ბანკების ჯამური აქტივები გაიზარდა 23%-ით, რაც მათ შესანიშნავ მდგომარეობაზე და ბაზარზე არსებული სიტუაციების იდეალურ გამოყენებაზე მიუთითებს. თუმცა მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ ქართული კომერციული ბანკების უდიდესი უმრავლესობა ჯერ კიდევ შორს დგას სოციალური პასუხისმგებლობის გათავისებისგან და კონცენტრირებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისი შემოსავლების მაქსიმიზაციაზე, რაც გარკვეული უსამართლობის გრძნობას წარმოშობს მათ მომხმარებლებში.

სესხები კომერციული ბანკებიდან
იზრდება კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, ხოლო სტრუქტურა პრაქტიკულად უცვლელია. ბოლო 5 წელიწადში სესხების მაჩვენებელი დაახლოებით 3-ჯერ, ხოლო 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე კი დაახლოებით 30%-ით, 11.26-დან 14.63 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი (რაზეც მათ მხოლოდ 2015 წლის აგვისტოში 150 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი დაერიცხათ). საიდანაც, 80% გრძელვადიან, ხოლო დარჩენილი 20% კი მოკლევადიან სესხებზე მოდის. სესხებიდან 5.4 მილიარდი ეროვნულ, ხოლო დანარჩენილი უცხოურ ვალუტაშია გაცემული. იგივე პერიოდში დაახლოებით 10%-ითაა გაზრდილი ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაც, რომელმაც 174 მილიონ ლარს მიაღწია.

სესხების მაჩვენებლის ზრდა დიდწილად უცხოურ ვალუტაში გაცემული სახსრების (გამოსახული ლარში) ზრდითაა გამოწვეული, რაშიც დიდი წვლილი ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორს უკავია. კერძოდ, 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის პირველი სექტემბრის მონაცემებით ლარში გამოსახული უცხოური ვალუტის სესხები 6.9-დან 9.6 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ლარის დაახლოებით 40%-იანი გაუფასურების ადეკვატურია.

რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ოდენობა დაახლოებით 50/50-ზეა. ყველა ქვემიმართულებით დაფიქსირებულია ზრდის მაჩვენებელი. იურიდიული პირების დაკრედიტების მხრივ, განსაკუთრებული ზრდით ბოლო 10 თვეში გამოირჩეოდნენ: ა) ვაჭრობა – 41%-ით, 2.34 მილიარდამდე; ბ) სასტუმროები და რესტორნები – 52%-ით, 437 მილიონ ლარამდე; გ) ფინანსური შუამავლები – 87%-ით, 573 მილიონ ლარამდე. ხოლო რაც შეეხება ფიზიკური პირების დაკრედიტებას: ა) სამომხმარებლო სესხები – გაიზარდა 14%-ით, 2,4 მილიარდ ლარამდე; ბ) უძრავი ქონების უზრუნველყოფით შინამეურნეობებზე გაცემული სესხები – გაიზარდა 44%-ით, 3.6 მილიარდ ლარამდე. აღნიშნული მაჩვენებლის განსაკუთრებული ზრდა 2008 წლიდან შეინიშნება, როდესაც ის დაახლოებით 600 მილიონ ლარს შეადგენდა. რაც ერთი მხრივ კრედიტის მიღების ალბათობას ზრდის, ხოლო მეორე მხრივ მუდმივ დაძაბულობას წარმოშობს ბანკსა და მის კლიენრს შორის, რაც საბოლოოდ პოლიტიკური სპეკულაციების საგნად იქცევა.

მძიმე სოციალური ფონის და ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ნეგატიური მოვლენების მიუხედავად,  ადგილობრივი მოთხოვნა სასესხო რესუსრზე კვლავ მზარდია. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მსგავსი ტრენდი არც თუ სახარბიელოა საქართველოს ეკონომიკისთვის გრძელვადიან პერიოდში, რადგანაც კომერციული ბანკებისგან აღებული სესხების უდიდესი უმრავლესობა არა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის ან/და ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის შეძენას, არამედ საზღვარგარეთის ეკონომიკების და პროდუქციის განვითარებას ხმარდება.

მიუხედავად ბოლო წლებში სესხის ღირებულის მუდმივი კლებისა კომერციულ ბანკებში, 2014 წლის ნოემბრიდან აგვისტოს ჩათვლით მას ცვლილება თითქმის არ განუცდია და ეროვნულ ვალუტაში საშუალოდ 18%-ს (იურიდილ პირებზე – 13%; ფიზიკურ პირებზე 23%), ხოლო უცხოურ ვალუტაში – 11%-ს შეადგენს (იურიდიული პირებისათვის – 11%; ფიზიკური პირებისათვის – 12%).
ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების უდიდესი უმრავლესობა 1000 ლარამდე სესხებზე მოდის – 190 მლნ ლარი (870 ათასი გარიგება). ხოლო ყველაზე ნაკლები კი, 500 ათასიდან 1 მილიონამდე სესხებზე – 36 მილიონი ლარი (50 გარიგება), მაშინ როდესაც მილიონზე ზევით სესხების მოცულობა 508 მილიონ ლარს აჭარბებს (71 გარიგება). უცხოური ვალუტით გაცემული სესხების უდიდესი უმრავლესობაც 1000-ლარამდე (შესაბამისი თანხა უცხოურ ვალუტაში) სესხებზე მოდის, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებს – 3.1 მლნ ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში (21 ათასი სესხი). ხოლო ყველაზე ნაკლები გარიგება კი 1 მილიონი ლარის ეკვივალენტ სესხებზე მოდის – 245 მილიონი ლარის ეკვივალენტი (76 გარიგება).

დეპოზიტები კომერციულ ბანკებში
კომერციული ბანკების მიერ მოზიდული იურიდიული და ფიზიკური პირების ჯამური დეპოზიტების საშუალო ვადიანობა 9.3 თვეს შეადგენს, საიდანაც ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების საშუალო ვადიანობა დაახლოებით 8 თვეს, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტებისა კი დაახლოებით 10 თვეს უტოლდება. შედარებით უფრო მაღალია ცაკლე აღებული ვადიანი დეპოზიტების საშუალო განთავსების პერიოდი კომერციულ ბანკებში, რომელიც ეროვნული ვალუტისთვის 12.1, ხოლო უცხოურისთვის 13.2 თვეს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წელიწადში საქართველოს კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა თითქმის გასამმაგებულია და დღეისთვის 9.824 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც უდიდესი წილი აშშ დოლარში განთავებულ დეპოზიტებზე მოდის – 8 მილიარდი ლარის ეკვივალენტი ლარში (რაც ლარის 65%-იან დოლარიზაციას განაპირობებს); მეორე საფეხურს ევრო იკავებს – 1.5 მილიარდი ლარის ეკვივალენტი ლარში; დეპოზიტებზე აგრეთვე განთავსებულია სხვა ვალუტებიც, ისეთები როგორიცაა – რუსული რუბლი, ბრიტანული ფუნტ-სტერნინგი, შვეიცარიული ფრანკი და სხვა, თუმცა მათი მოცულობა საკმაოდ მოკრძალებულია. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების 44% მოთხოვნამდე დეპოზიტებზე, ხოლო 56% კი ვადიან დეპოზიტებზე მოდის. 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები დაახლობით 45%-ითაა გაზრდილი, რაც პრაქტიკულად მთლიანად ეროვნული ვალუტის გაუფასურებითაა გამოწვეული.
ეროვნული ვალუტით მოზიდული დეპოზიდების მაჩვენებელი ბოლო 5 წელიწადში გასამმაგდა, 2014 წლის ნოემბერთან შედარებით კი სექტემბრში 100 მილიონითაა გაზრდილი და 2.4 მილიარ ლარს შეადგენს. საიდანაც 1.4 მილიარდი ფიზიკური პირების, ხოლო დარჩენილი 1 მილიარდი ლარი კი იურიდიული პირების კუთვნილებაა. ეროვნულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების 1/3 მოთხოვნამდე, ხოლო 2/3 ვადიან დეპოზიტებზეა განთავსებული, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთებით 4.0% და 9.5%.
მთლიანობაში საქართველოს საფინანსო სექტორი, კერძოდ კი საბანკო მიმართულება წარმატებით ფუნქციონირებს და ეროვნული ვალუტის პრობლემას მისი განვითარებისთვის არავითარი პრობლემა არ შეუქმნია (შეიძლება ითქვას პირიქითაც). ამაში უდიდესი წვლილი საქართველოს ეროვნულ ბანკს და შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიუძღვით.

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი

Share