Home » საზოგადოება » ”საქართველოს რკინიგზამ” და შვეიცარულმა კომპანიამ ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
”საქართველოს რკინიგზამ” და შვეიცარულმა კომპანიამ ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

”საქართველოს რკინიგზამ” და შვეიცარულმა კომპანიამ ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

”საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და შვეიცარული კომპანია StadlerBssnang AG-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა პიტერ შპულერმა ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ღონისძიება დღეს სასტუმრო ”ჰოლიდეი ინნ”-ში გაიმართა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ზაფხულის სეზონისათვის ,,საქართველოს რკინიგზამ“ მგზავრებს განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა. მისივე თქმით, ორსართულიანი ევროპული სტანდარტის Stadler Kiss მოდელის მატარებელი მგზავრებს ივლისიდან მოემსახურება.

”ჩვენ გარკვეული ხნის წინ განვაცხადეთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს ვუმზადებდით განსაკუთრებულ სიურპრიზს ზაფხულის სეზონისთვის. შესაბამისად, ჩვენ ეს დღეს კონტრაქტის ხელმოწერით დავასრულეთ. ხელმოწერილია ხელშეკრულება, რომელიც თანახმადაც, კომპანია Stadler ”საქართველოს რკინიგზას” მიაწვდის 4 ერთეულ, ორსართულიან მატარებელს. მინდა, საქართველოს მთავრობას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომელმაც საშუალება მოგვცა მოკლე ვადაში გაგვეხორციელებინა აღნიშნული შესყიდვა. მადლობა კოლეგებს Stadler-დან, რომლებმაც გაითვალისწინეს ”საქართველოს რკინიგზის” მდგომარეობა და მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი გაგვიკეთეს. აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებით იმოძრავებენ. მსგავსი სტანდარტის მოძრავი შემადგენლობა ”საქართველოს რკინიგზას” ისტორიაში არ ჰყოლია. ეს ჩვენი რკინიგზის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფურცელია”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, 4-ვე ერთეულის ღირებულება თავისი ნაწილების მარაგით 40 მილიონ ევროზე ნაკლებია.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, აღნიშნული, ბილეთის ფასზე გავლენას არ იქონიებს და ფასი უცვლელი დარჩება.

თავის მხრივ, პიტერ შპულერმა აღნიშნა, რომ დღეს გაფორმებული კონტრაქტით ბედნიერი და ამაყია.

”საქართველოს ჩვენ ორსართულიან მატარებლებს მივაწოდებთ. გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ლუქსენბურგში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და ახალა უკვე საქართველოში იმოძრავებენ ეს მატარებლები. შემდეგ კონტრაქტს ჩვენ გავაფორმებთ აშშ-სთან, სადაც საერთაშორისო ტენდერი მოვიგეთ. ეს არის შვეიცარული ტექნოლოგია”, – განაცხადა შპულერმა.

როგორც ”საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, შვეიცარული კომპანიის Stadler Bussnang AG-ს ელექტრომატარებელი შავი ზღვის მიმართულებით განახორციელებს მგზავრთა კომფორტულ გადაყვანას. ოთხი ახალი მატარებელი არის აღჭურვილი ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით, რომლებიც ყველა სტანდარტის მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში. მატარებლის ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება ”საქართველოს რკინიგზის” მოთხოვნებს. ამასთან, სრულად აკმაყოფილებს ”საქართველოს რკინიგზის” მოქმედ გაბარიტებს. ლიანდაგის სიგანე, რომელზეც მატარებელია გათვლილი 1520 მმ-ია. ელექტრომატარებლის სიგრძე 101,7 მეტრია, ხოლო სიგანე 3400 მმ, ახალი ელექტრომატარებლის სიმაღლე 5240 მილიმეტრს შეადგენს. მატარებელი 400 მგზავრზეა გათვლილი.

ტექნიკური მოთხოვნების შესამუშავებლად ”საქართველოს რკინიგზამ” Deutsche Bahn-ის ექსპერტების მომსახურებით ისარგებლა. ტექნიკურ პარამეტრებზე გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ქართული მხარეც მუშაობდა.

როგორც ”საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Stadler Kiss მოდელის მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზეა გათვლილი. მათთვის მატარებელში არის ლიფტები და სველი წერტილები. გარდა ამისა, საპირფარეშოში ჩვილბავშვთა მოვლისათვის საჭირო სპეციალური მაგიდაა განთავსებული.

Stadler Kiss მოდელის მატარებელი – ,,საქართველოს რკინიგზის“ განვითარების ახალი ეტაპია, მომსახურების განვითარების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯი. პერსონალი, რომელიც მგზავრებს ამ მატარებლზე მოემსახურება სპეციალური გადამზადების კურსებს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე გადის.
ახალი მატარებელი საქართველოში 17 ივლისს შემოვა და ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, თბილისიდან ბათუმის მიმართულებაზე დადგება. ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართუელბით შეჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში – ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში გაჩერდება.

”საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, Stadler Kiss მოდელის მატარებელი ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღნიშნული მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს.

Share