Home » ეკონომიკა » საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება. ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ გოჩიტაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა დასრულებულია, თუმცა დამატებითი კვლევებია საჭიროა ტექნიკური და ეკონომიკური პარამეტრების ოპტიმიზაციის მიზნით. კვლევებს ფრანგული კომპანია “ჯეოსტოკი” ჩაატარებს და მისი ხანგრძლივობა საშუალოდ 18 თვე იქნება.

“ფრანგული კომპანია საინჟინრო მომსახურების სახით გაგვიწევს კონსულტაციას. მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია და 15 აგვისტოდან უშუალოდ მუშაობა დაიწყება”, – ამბობს გოჩიტაშვილი. მისივე თქმით, 2018 წლის დასაწყისიდან პროექტი მესამე ფაზაზე გადავა, რაც მშენებლობის ეტაპს გულისხმობს.

“2021 წელს გაზსაცავის მშენებლობა დასრულებული იქნება, რაც ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც საქართველო დამატებით ბუნებრივ აირს მიიღებს შაჰ-დენიზიდან. ჩვენს ბალანსში შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განსაკუთრებით დიდი მოცულობის გაზის გადატვირთვა აისახება 2020 წლის ბოლოს 2021 წლის დასაწყისში.

თუ გაზსაცავის მშენებლობა ამ პერიოდისთვის არ იქნება დასრულებული, ვერ მოვახერხებთ მიღებული გაზის უტილიზაციას ოპტიმალურად და იძულებული ვიქნებით ბუნებრივი აირი ზაფხულში გავყიდოთ, ზამთარში კი ვიყიდოთ, რაც წამგებიანი იქნება ჩვენთვის”, – ამბობს თემურ გოჩიტაშვილი.

მისივე თქმით, გაზსაცავის მშენებლობაზე ტენდერი 2018 წლის დასაწყისში გამოცხადდება. პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, ასევე კერძო კომპანიებმა, მათ შორის ჩინურმა “ჰუალინგმა” და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიამ “სოკარი”. გაზსაცავის პროექტში აქციათა უმეტესი წილის მფლობელი ქართული მხარე იქნება.

გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მასში 210-280 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

Share