Home » საზოგადოება » “საქართველოს ინტერესშია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე”
"საქართველოს ინტერესშია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე"

“საქართველოს ინტერესშია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე”

საქართველოს ინტერესშია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დარეგულირება საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე, – ამის შესახებ პარლამენტში, აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე მრგვალ მაგიდაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 10 წლის განმავლობაში პროვოკაციების ფონზე საქართველომ შეძლო და დაამტკიცა, რომ არის ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფო და შესწევს ძალა ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად მიაღწიოს წარმატებას.

“ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელმაც შეძლო შეუქცევადი წინსვლა იმ საპასუხისმგებლო გზაზე, რასაც ჰქვია ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა და ევროატლანტიკური სივრცისკენ შეუქცევადი სვლა. ჩვენი ქვეყანა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული და პასუხისმგებლიანი წევრი წარმატებით აგრძელებს კონტრიბუციის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოებაში. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა შესაძლებელი გახადოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. ჩვენი ქვეყანა ადგას სამშვიდობო გზას, რომელიც მიმართულია საქართველოს დეოკუპაციისკენ, ჩვენი დევნილების დაბრუნებისკენ და ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგების, ურთიერთობისა და ნდობის აღდგენისკენ. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მიერ გადადგმული არაერთი სამშვიდობო ნაბიჯი იმის დასტურია, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს განსაზღვრული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, თუმცა დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვას ხაზი, რომ საქართველოსა და ჩვენი ერის ინტერესში არის მშვიდობა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, განვლილი წლების სიმძიმემ ყველას კარგად დაანახა, რომ დღეს არსებული ვითარება არ არის ის იდეალური მდგომარეობა, რისკენაც აფხაზები, ოსები და ქართველები ვისწრაფვით.

„სწორედ ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა – აფხაზებმა, ოსებმა და ქართველებმა ერთად უნდა გამოვნახოთ ძალა და ნება ამ თავსმოხვეული პროვოკაციის დასაძლევად და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული მშვიდობის მისაღწევად“, – აღნიშნა პრემიერმა.

Share