Home » ფინანსები » საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ გაზარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 8.0 %-ს შეადგენს.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ერთი მხრივ, დადებითად აისახება ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის დამატებით შებოჭვით შეასუსტებს ინფლაციურ ზეწოლას.

პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2016 წლის დასაწყისში მცირედით გადააჭარბებს 5 პროცენტს, ხოლო შემდეგ ჩამოსცდება 5 პროცენტიან მაჩვენებელს, თუმცა კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

“იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების მატება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერად მატებას. ინფლაციის ზრდას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სებ-ის ინფორმაციით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა პროგნოზირებულთან შესაბამისია. წინასწარი შეფასებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2015 წელს 2.8 პროცენტი შეადგინა.

“საგარეო სექტორი კვლავ რჩება ეკონომიკური ზრდის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად. რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. განვლილი პერიოდის მანძილზე ეკონომიკური ზრდა ძირითადად შიდა მოთხოვნით იყო განპირობებული, თუმცა უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო მომსახურების ტვირთის ზრდა, მოთხოვნის შესუსტებაზე მოქმედებდა. პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ. შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ დააჩქარა იმპორტის კორექტირების პროცესი. 2015 წელს იმპორტის წლიურმა კლებამ 15.3 პროცენტი შეადგინა (ერთჯერადი ფაქტორების გათვალისწინების გარეშე). შესაბამისად, დღევანდელი მონაცემებით საგარეო შოკის გავლენა გაცვლით კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული საგარეო შოკიდან კურსზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, 2015 წლის მანძილზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკაზე ნაწილობრივ აისახა. გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ლარით დენომინირებულ სესხებზე და შედეგად შემცირდა საკრედიტო პორტფელის ზრდა, რაც ერთობლივ მოთხოვნას კიდევ უფრო შეასუსტებს და ფასებზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.

“აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე, თუ სხვა დამატებითი შოკები არ გამოიკვეთა, ინფლაციის მოლოდინების მოსათოკად პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ არის. შედეგად, საგარეო რისკებისა და ადგილობრივი ფაქტორების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.0 პროცენტზე შენარჩუნება. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 9 მარტს გაიმართება.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]

წყარო: BPN

Share