Home » ეკონომიკა » საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა – რატომ ყიდულობს ეროვნული ბანკი დოლარს
საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა - რატომ ყიდულობს ეროვნული ბანკი დოლარს ხშირად ბოლო პერიოდში

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა – რატომ ყიდულობს ეროვნული ბანკი დოლარს

ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული ინტერვენციები საზოგადოებისა და ანალიტიკოსების ნაწილში დისკუსიის საგანს წარმოადგენს. კერძოდ, რატომ ყიდულობს სებ-ი დოლარს სავალუტო ბაზარზე მაშინ, როდესაც ეროვნულ ვალუტას გამყარების ტრენდი აქვს და რატომ არ იქცევა საპირისპიროდ, ანუ რატომ არ ყიდის რეზერვებიდან დოლარს მაშინ, როცა ეროვნულ ვალუტას გაუფასურების ტრენდი აქვს. ერთი იზიარებენ ეროვნული ბანკის ამგვარ პოლიტიკას, ხოლო მეორენი კი არა.

განმარტებისთვის, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდის ან ყიდულობს. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის განმავლობაში 197 მილიონი დოლარი შეისყიდა. შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა და ის 3,289,847,600 დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება მიმდინარე იანვრის თვეს, 2019 წლის იანვარში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ჯამში 85 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა და კიდევ უფრო მეტად გაზარდა რეზერვების მოცულობა.

გარდა ამისა, ეროვნულ ბანკს რეზერვების შევსება კომერციულ ბანკებში განთავსებული უცხოური ვალუტის დეპოზიტების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ფარგლებში სებ-ში შენახული სახსრებითაც შეუძლია და ასევე, რეზერვების შევსების კიდევ ერთი წყარო საქართველოს სახელმწიფოს მიერ უცხოეთიდან მოზიდული სესხები თუ გრანტებია უცხოურ ვალუტაში, რომლის გადახურდავებასაც ის ახდენს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებული დასკვნით, საქართველოს სავალუტო რეზერვები ეკონომიკის ზომასთან მიმართებით არაადეკვატური მოცულობისაა. მათი სარეიტინგო შეფასებით, საქართველოს ქულა 0.9 არის, რაც ვერ პასუხობს რეზერვების მოცულობას ეკონომიკასთან მიმართებით. იმისთვის, რომ რეზერვების მოცულობა ეკონომიკისთვის შესაბამისად ჩაითვალოს ის 1-1.5-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს.

ეროვნულ ბანკს სწორედ ეს კურსი აქვს აღებული. ის ცდილობს იმ მინიმალური უცხოური ვალუტის და ამ შემთხვევაში დოლარის რეზერვების იმ დონემდე მიღწევას, რაც ჩვენი დარი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის არის აუცილებელი.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო ინტერვენციებით კურსის გრძელვადიან პერსპექტივაში “დაჭერა” ვერ მოხდება, მას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი აქვს და ისიც მაშინ, როცა ამას დროულად გააკეთებს ცენტრალური ბანკი.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ფრანსუა პეშო ეროვნული ბანკის მიერ არჩეულ პოლიტიკას მიესალმება და მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკი სწორად არის ფოკუსირებული ფასების სტაბილურობაზე.

სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი უცხოური ვალუტის რეზერვების შევსების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ საქართველო რეზერვების ადეკვატურობის შეფასების ინდიკატორს ჩამორჩება.

“უცხოური ვალუტის რეზერვების შესავსებად დამატებითი ძალისხმევა არის საჭირო, რადგან საქართველო ჩამორჩება რეზერვების ადეკვატურობის შეფასების ჩვენს ინდიკატორს. შესაბამისად, სავალუტო რეზერვები უნდა გაიზარდოს, რომ არსებობდეს საგარეო მოწყვლადობის საწინააღმდეგო დაცვის მექანიზმი, ხოლო სავალუტო ინტერვენციები უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ჭარბი მერყეობის შესამცირებლად და სავალუტო რეზერვების შესავსებად”, – აცხადებს ფრანსუა პეშო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი ყოველთვის შეავსებს საკუთარ რეზერვებს, როცა კი, ამის შესაძლებლობას დაინახავს.

“რაც შეეხება ინტერვენციას, ეს ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია. მე თავადაც განმიცხადებია, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატურ დონეზე და ამიტომ, როდესაც ბაზარი საშუალებას მოგვცემს, ყოველთვის შევისყიდით უცხოურ ვალუტას, რათა ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შევავსოთ. რეზერვების გასაზრდელად მომავალშიც იქნება ასეთი ინტერვენციები”, – აცხადებს გვენეტაძე.

ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ეკონომიკის ზომასთან მიმართებით არაადეკვატური მოცულობის მაჩვენებლის აღმოსაფხვრელად, რეზერვები კიდევ დაახლოებით 9-10%-ით უნდა გაზარდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სავალუტო აუქციონზე დოლარის შესყიდვას მინიმუმ იქამდე განაგრძობს, სანამ სასურველ მაჩვენებელს არ მიაღწევს. შედეგად ეს ყველაფერი საერთაშორისო რეიტინგებში აისახება, რაც საბოლოოდ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯშიც ჰპოვებს ასახვა.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share